ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
სამგორის ”კარაქი”

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 25 იანვარს, მომხმარებელმა სურსათის ცხელ ხაზზე დაგვირეკა და გვთხოვა სამგორის კარაქის შემოწმება, ვინაიდან მას ეჭვი ეპარებოდა კარაქის ნატურალურობაში.

ჩვენ 26 იანვარს მაღაზია ”კამკამაში” ( ვაჟა-ფშაველას 1 შესახვევი №3) შევიძინეთ დახლზე არსებული სამგორის  ორი დასახელების  პროდუქტი:  ”კარაქი 72.5%” და ”კარაქი 60%”.

ორივე მათგანს  მივეცით პირობითი ნომრები და შესამოწმებლად ლაბორატორიაში მივიტანეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროდუქტს ეტიკეტზე მითითებული აქვს ცხოველური ცხიმის და ძროხის კარაქის შემცველობა:

ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით აღნიშნული პროდუქტები (ნიმუში #1 და ნიმუში #3) საერთოდ არ შეიცავს რძის ცხიმებს. ბუნებრივია, ასეთ პროდუქტს ”კარაქი” არ უნდა ერქვას.

გაიგზავნა  წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

____________

2012 წლის 17 თებერვალს მომხმარებელმა ამავე სტატიაზე დაგვიტოვა კომენტარი და გვთხოვა სამგორის ნაღების კარაქის და კარაქი ქობულეთურის შემოწმება. (კარაქი ”ქობულეთურის” შესახებ ინფორმაცია იხ. ამ სტატიაში)

ჩვენ 21 თებერვალს (მაღაზია ”კოდა”, გამსახურდიას გამზ.) შევიძინეთ პროდუქტი დასახელებით ”ნაღების კარაქი 82.5% სამგორი” და რძის ცხიმის შემცველობის შესამოწმებლად ლაბორატორიაში მივიტანეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით (სინჯს მინიჭებული ჰქონდა პირობითი #1) პროდუქტის  ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის შემცველობა 50.8%-ს შეადგენს. ანუ ეს პროდუქტი არა ნაღების კარაქს, არამედ შერეულ სპრედს წარმოადგენს.

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სუსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი.

2012 წლის 15 მარტს მეწარმე დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ ეჭვი ეპარება ჩვენი შემოწმების შედეგებში და გვთხოვა, ხელახლა განვახორციელოთ პროდუქტის შესყიდვა და შემოწმება, ამჯერად მისი წარმომადგენლის თანდასწრებით.

ჩვენ დავეთანხმეთ და დავიწყეთ მზადება სამგორის ნაღების კარაქის ერთობლივი შესყიდვა-შემოწმებისთვის.

შესყიდვის თარიღი/დრო და ადგილი/მაღაზია ჩვენს მიერ შეირჩა. ერთობლივი შესყიდვა შემოწმება შემდეგი სქემით მოხდა:

დაგეგმილი შესყიდვის წინა დღეს, 2012 წლის  26 მარტს, შევიძინეთ მსგავსი პროდუქტის ორი საკონტროლო ნიმუში: შატილის კარაქი და სანტეს ”კარაქი ექსტრა 82,5”  (შეძენილია ონიაშვილის ქ. 2 (ყოფილი გაგარინის მოედანი)  მდებარე ”იოლი სუპერმარკეტი”-ში. მაღაზია შეირჩა შემთხვევით).

კვების ექსპერტის მიერ  ეს კარაქები გაიხსნა და მოთავსდა სტერილურ პარკებში და მიენიჭა დროებითი  ნომერი: შატილის კარაქი #1 და სანტეს ”კარაქი ექსტრა 82,5” #2. ნიმუშები მოთავსდა საყინულე მაცივარში.

27 მარტს დავუკავშირდით შპს ”სამგორს”  და შევთავაზეთ მოგვეხდინა სამგორის ნაღების კარაქის ერთობლივი შესყიდვა და შესყიდული პროდუქტებიდან დანომრილი სინჯების აღების ადგილად ჩვენი ოფისი შევთავაზეთ, რაზეც კომპანიის წარმომადგენლები დაგვთანხმდნენ. ამის შემდეგ ერთობლივი ჯგუფი, რომელშიც ჩვენს წარმომადგენელთან ერთად სურსათის კვების ექსპერტი და შპს ”სამგორის” 2 წარმომადგენელი შედიოდა, შესყიდვაზე გავიდა.

ონიაშვილის ქ. №2-ში მდებარე სუპერმარკეტ ”იოლი სუპერმარკეტში” შევიძინეთ სამგორის ნაღების კარაქის 3 ნიმუში.

სინჯის აღების მიზნით შესყიდულ პროდუქტს მოშორდა შესაფუთი ქაღალდი და მოთავდა ზუსტად ისეთივე პარკში, როგორშიც ორი საკონტროლო ნიმუში იყო მოთავსებული (მეწარმე წინასწარ გვყავდა გაფრთხილებული, რომ მის პროდუქციასთან ერთად ლაბორატორიაში ორი სხვა ნიმუშიც უნდა მიგვეტანა. თუმცა, რას წარმოადგენდა ეს ორი დამატებითი ნიმუში, მეწარმემ არ იცოდა). სამივე ნიმუშს (სამგორის ნაღების კარაქი, შატილის 82,5% კარაქი და სანტეს ”კარაქი ექსტრა 82,5”) კვების ექსპერტის, ჩვენი  და შპს ’სამგორის” წარმომადგენლის თანდასწრებით თავიდან მიენიჭათ დაფარული  ნომრები, ისე, რომ არც ერთმა ამ პროცესში მონაწილე პირმა არ იცოდა, რომელი ნომერი რომელი ფირმის კარაქს წარმოადგენდა. იგივე დაფარული ნომრები დაეკრო ნიმუშის აღების ოქმშიც (დეტალურად ნიმუშების ფარული ნომრებით დანომვრის მეთოდიკა აღწერილია ამ სტატიაში), რომელსაც დამსწრეებმა ხელი მოაწერეს. ამის შემდეგ ოქმი ჩაიდო გაუმჭვირვალე კონვერტში, დაილუქა და შესანახად მოთავსდა მეწარმესთან შეთანხმებულ ადგილას.

მომზადებული სამი ნიმუში მეწარმესთან ერთობლივად ჩავაბარეთ ლაბორატორიას შესამოწმებლად. ასევე ერთობლივად განხორციელდა პასუხების გამოტანა ლაბორატორიიდან. ამის შემდეგ, მეწარმის თანდასწრებით გაიხსნა დალუქული კონვერტი, რომელშიც ნიმუშის აღების ოქმი იყო მოთავსებული და გაიხსნა ოქმზე დაკრული დაფარული ნომრები:

  

პროდუქტების შემოწმების პასუხების თანახმად რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმოვან ფაზაში შემდეგი იყო:

#1 ნიმუში (”კარაქი ექსტრა 82,5 სანტე”): 27.1%;- მართალია სანტეს პროდუქტს  შემადგენლობაში მითითებულია მცენარეული ცხიმი, მაგრამ ეტიკეტზე დიდად აწერია ”კარაქი ექსტრა 82,5”, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. გაიგზავნა წერილი მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოდან მოვიდა წერილის პასუხი.

#3 ნიმუში (სამგორის ნაღების კარაქი): 91.3 %;

#4 ნიმუში  (შატილის კარაქი): 99.3%.




print version
14:07:47 2012-08-13

კომენტარის დამატება

ავთო   16:31:04 2012-08-23  უპასუხე   
გამარჯობა, ხომ არ შეგიმოწმებიათ სამგორის ნაღების კარაქი ოქროსფერ შეფუთვაში? დიდი მადლობა


ლია, CSRDG   1  16:39:29 2012-08-23  უპასუხე   
2009 წელს შემოწმდა, იმის მერე არ შეგვიმოწმებია. მომავალ შემოწმებებისას გავითვალისწინებთ.
ავთო   13:22:38 2012-08-24  უპასუხე   
დიდი მადლობა
ავთო   12:08:49 2012-08-24  უპასუხე   
დიდი მადლობა, შემოწმებისას მითითებულია რომ რძია ცხიმის შემცველობა არის 51,1%, ანუ ეს ნიშნავს რომ არ არის ქარაქი და არის მარგარინი??, შეგახსენებთ საუბარია სამგორის ნაღების კარაქზე (ოქროსფერი შეფუთვით)
ლია, CSRDG   12:30:07 2012-08-24  უპასუხე   
პროდუქტს ეწერა, რომ 82,5%-იანი კარაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ცხიმების საერთო შემცველობა 82,5%-ია (დანარჩენი ძირითადად წყალია). გაზომვამ აჩვენა, რომ პროდუქტში რძის ცხიმები მხოლოდ 51,1% შეადგენდა. სხვა ცხიმები რამდენი იყო, არ გაზომილა. თუ ჩავთვლით, რომ მითითება საერთო ცხიმიანობის თაობაზე (82,5%) მართალი იყო, მაშინ პროდუქტის 31,4%-ს სხვა ცხიმები შეადგენდა. ანუ ეს იყო კარაქისა და მარგარინის ნარევი სპრედი, დაახლოებით 5/3-შეფარდებით. ნაღების კარაქი ეს პროდუქტი ნამდვილად არ იყო (მიუხედავად დასახელებისა)

ana   13:41:28 2012-03-15  უპასუხე   
ქართულ კარაქებს შორის ყველაზე მეტად სამგორის კარაქი მომწონს. პატარა ბავშვები მყავს და ყოველდღიურ ხმარებში გვაქვს კარაქი და რაიმე არასასიამოვნო შემთხვევას არასდროს ჰქონია ადგილი. კარგია, რომ კვლევები კეთდება, მაგრამ იმდენს ნუ ვიზავთ, რომ ხალხმა შეიძულოს საერთოდ ქართული პროდუქცია. ჯობია ისევ ქართული ჯანმრთელი პროდუქტი მივირთვათ, ვიდრე ათასი ქიმიკატებით და კონსერვანტებით გაჯღენთილი პროდუქტი.

lali   12:47:43 2012-03-12  უპასუხე   
მე ამ კარაქს ვხმარობ და ძალიან მომწონს. ალბათ არც ერთი მწარმოებლის კარაქი არ არის ნამდვილი კარაქი, მაგრამ არსებულიდან უნდა შევარჩიოთ უკეთესი. მომწონს ასეთი კვლები რომ კეთდება. მეწარმეს არ უნდა ქონდეს იმის საშუალება რომ მოატყუოს მომხმარებელი. მეწარმემ უნდა დააწეროს ეტიკეტს ის, რაც რეალურად არის შეფუთული. მერე უკვე მომხმარებლის არჩევანია რომელ პროდუქტს მიანიჭებს უპირატესობას. ქართული პროდუქცია უნდა დაიხვეწოს და ქართველებმა ქართული პროდუქტი უნდა მოვიხმაროთ და არა საიდანღაც ჩამოტანი.

ნუკი   20:47:32 2012-03-09  უპასუხე   
გმადლობთ პასუხისთვის!!!! იქნებ მირჩიოთ ნაღდი ნაღების კარაქი რომელია?? ძალიან მიყვარს ეს პროდუქტი........
თამარ, CSRDG   11:18:22 2012-03-12  უპასუხე   
ნუკი ჩვენი შემოწმებული კარაქებიდან სანტინოს კარაქში აღმოჩნდა რძის ცხიმი იმდენი რაც შეფუთვაზეა მითითებული ( იხ. ბმული) და შატილის ახალი ნაღების კარაქი 82% ( იხ. ბმული)

samgori   11:12:49 2012-02-24  უპასუხე   
ლაბორატორიის დასკვნა



samgori   11:10:31 2012-02-24  უპასუხე   
აი სურათი



samgori   17:57:07 2012-02-23  უპასუხე   
შპს "სამგორი 07"-მა მიმართა საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციას, რათა აღნიშნული კარაქი (60% და 72,5%)ამოეღოთ სამომხმარებლო ბაზრიდან და ჩაეტარებინათ ლაბორატორიული კვლევა მათში რძის ცხიმის შემცველობაზე.
აღნიშნული კვლევა ჩაატარა საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ სერთიფიცირებულ ლაბორატორიაში "ნორმა".
კვლევის შედეგში აღნიშნულია 60% და 72,5% კარაქში რძის ცხიმის შემცველობა, რაც შეესაბამება ეტიკეტზე მითიტებულ ნორმებს.
წარმოგიდგენთ კვლევის შედეგს.
შპს "სამგორი 07" ყოველთვის მკაცრად იცავს საქ. სტანდარტის მიერ დადგენილ ნორმებს.
ჩვენი კომპანია მიესალმება თანამშრომლობას ყველა ორგანიზაციასთან, რომელთა საქმიანობაც მიმართულია მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად.

Akaki Kiviladze   16:15:35 2012-02-23  უპასუხე   
მაინტერესებს რა იყო ნიმუში #2 ?
თამარ, CSRDG   11:13:52 2012-02-24  უპასუხე   
#2 იყო კარაქი შატილი 82%. იხ. ბმული (ბოლო ნაწილი)

გეოპროგ   07:08:48 2012-02-20  უპასუხე   
2 ლარად მოინდომეთ ძროხის რძე და კარაქი რა :) როდესაც რძის ცხიმით დამზადებულ კარაქში, თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებს იხდი, ოდნავი ეჭვი მაინც უნდა გაგიჩნდეს ადამიანს რომ უკეთეს შემთხვევაში მარგარინს ყიდულობ:)
me   15:46:54 2012-02-23  უპასუხე   
ყოველშემთხვევაში არ უნდა გვატყუებდნენ და არაკარაქს კარაქად არ უნდა გვტენიდნენ, იმიტომ რომ 2 ლარი ღირს. მოგვცენ არჩევანის უფლება, ნატურალური იყოს ძვირად და ნაგავს დააწერონ რო ნაგავია.
გეოპროგ   05:42:00 2012-02-26  უპასუხე   
კარგით მე გეტყვით ყველა ნაგავია რომელიც 150 გრამი 5 ლარზე იაფია

ნუკი   14:46:01 2012-02-17  უპასუხე   
თუ შეიძლება სამგორის ნაღების კარაქიც შეამოწმეთ? რა და კიდევ ერთი ქობულეთურის კარაქის შემოქმებაც არ იქნებოდა ურიგო
ლია, CSRDG   17:25:27 2012-02-17  უპასუხე   
კარგით, შევამოწმებთ
ნუკი   17:17:24 2012-02-19  უპასუხე   
გმადლობთ


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge