ბოლო ცვლილებები

კარაქ ვალიოს ეტიკეტი
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?

სულ ნიუსები: 21

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლად წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის.

საქონლის ხორცთან შედარებით, ქათმის ხორცი მეტ ცილებს შეიცავს (ქათმის ხორცში ცილები 19,5%-ია, საქონლის ხორცში კი -- 13%) და მათ ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, რის გამოც ქათმის ხორცი შესაძლებელია მოვიხმაროთ სხვა ხორცზე უფრო ხშირად და მეტი ოდენობით. განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ფრინველის ხორცი. მნიშვნელოვანია ქათმის ჯიშიც. მეხორცული ქათმების ხორცი ფრო მეტ ცილასა და ცხიმს შეიცავს, ვიდრე კვერცხის მდებელი ქათმის ჯიშები, შესაბამისად იგი უფრო გემრიელი და ყუათიანია.

ქათმისა და ინდაურის ხორცში არჩევენ თეთრ და მუქ ხორცს. მუქ ხორცთან შედარებით, თეთრ ხორცში უფრო მეტია სრულფასოვანი ცილები და ნაკლებია ცხიმები. ქათმის კანი ცხიმის დიდ ოდენობას შეიცავს და შესაბამისად ქოლესტერინს, ამიტომ ჭამის წინ სჯობს იგი მოვაცილოთ. მოხარშული ქათმის ხორცი, კანის გარეშე, უვნენებელია და სასარგებლოა ყველასათვის.

ქათმის ხორცის არჩევა

ქათმის ხორცის შეძენისას უნდა შეეცადოთ აირჩიოთ მეხორცული ჯიშის, ახალგაზრდა, კარგად ნაკვები ფრინველი, სასურველია ახალდაკლული (შესაძლებელია გაყინულიც). ახალგაზრდა ქათმის სქესს მნიშვნელობა არა აქვს -- ყვინჩილებსა და ვარიკებს შორის საგემოვნო განსხვავებები ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ თუკი ზრდასრულ ფრინველს ყიდულობთ, გირჩევთ დედალი შეიძინოთ. მამლის ხორცი საგემოვნო თვისებებით მას მკვეთრად ჩამოუვარდება.

ქათმის ჯიშის გარჩევა მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია. ზოგადად, ერთი და იმავე ასაკის მეხორცული ქათამი კვერცხის მდებელზე დიდია. დაკლული ფერმის ქათმები, ძირითადად, მეხორცულია. სოფლის ქათმები კი, უმეტესად, კვერცხის მდებელი ქათმებია.

ფერმის ქათმები, ხშირ შემთხვევაში, 2-3 თვისა იკვლება, თუმცა, ხანდახან 1 წლამდე ასაკის ქათმებსაც (კვერცხის მდებლებს) კლავენ და ყიდიან. სოფლის ქათამი კი საკმაოდ ბებერი - 2-3 წლის ასაკისაც შეიძლება იყოს. გირჩევთ არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი - მისი ხორცი მაგარი და უხეშია. ფრინველის ასაკის გასარჩევად დააკვირდით მის კანსა და ფეხებს:

  • ბებერი ქათმის კანი უხეშია, მოყვითალო ფერის, ქონი მუქი ყვითელი ფერისაა. ფეხები უხეში ქერცლითაა დაფარული, ხოლო ფეხის ქვედა მხარეს კანის უხეში წანაზარდებია;
  • ახალგაზრდა ქათმის კანი ღია ფერისაა, ფრთებქვეშ ჩანს ძარღვები. ფეხები რბილია, დაფარულია წვრილი ყვითელი ქერცლით.

ფრინველის ნაკვებობის შესაფასებლად დააკვირდით მის მკერდს. კარგად ნაკვებ ფრინველს მკერდის ძვალი არ უნდა აჩნდეს, ცხიმი თხელი ფენით უნდა ფარავდეს მკერდს და მუცელს. ნაკვები ფრინველის კანის ფერი მკრთალი მოყვითალო ან მოთეთრო-მოყვითალოა. ადგილ-ადგილ გადაჰკრავს ვარდისფერი შეფერილობა. ხოლო ცუდად ნაკვები ფრინველის მკერდის ძვალი გამოკვეთილია, კანს მონაცრისფრო-მოყვითალო-მოწითალო ელფერი გადაჰკრავს.

ცხიმის რაოდენობამ შეიძლება მოგატყუოთ. ბებერი ქათამი ახალგაზრდაზე ცხიმიანი შეიძლება იყოს, მაგრამ ახალგაზრდა ქათმის ხორცი ბევრად უფრო ნაზი და გემრიელია. ამიტომ ყოველთვის სჯობს ახალგაზრდა ქათამი აირჩიოთ, თუნდაც ნაკლებცხიმიანი. 

ახალდაკლული ფრინველის ცნობა კი ასე შეიძლება:

  • ფრინველის ნისკარტი მშრალი და მკვრივია, არ უდის მჟავე სუნი და არ არის შებურული;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მბზინვარე და მკრთალი მოვარდისფროა;
  • თვალი ავსებს მთელ ორბიტას;
  • ხორცი მკვრივია, დრეკადი.

დიდი ხნის დაკლული ქათმის გამოსაცნობად დააკვირდით შიდა ქონს. თუკი მას მომწვანო შეფერილობა გადაკრავს, ხორცზე ხელის შეხებისას იგრძნობა სირბილე და მთლიანად ქათამს მომჟავო სუნი დაკრავს, ეს ქათამი ნამდვილად დიდი ხნის დაკლულია. ნუ შეიძენთ ასეთ ქათამს.

და კიდევ ერთი: ქათმის ხორცის სასარგებლო თვისებები ვლინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქათამი გაზრდილია ნატურალურ საკვებზე, ჰორმონალური პრეპარატების დამატების გარეშე. თუმცა მეფრინველეობის ფაბრიკებში ფრინველების ზრდის სტიმულაციისა და დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, როგორც წესი, ანტიბიოტიკებს და ჰორმონალურ პრეპარატებს იყენებენ და ფერმის ქათმის ხორცში შესაძლოა ამ პრეპარატების ნარჩენები იყოს, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.

თუ საშუალება გაქვთ, შეეცადეთ არა ფერმის, არამედ სოფლის ქათამი შეიძინოთ. მაგრამ თუკი მაინც ფერმის ქათამს ან ქათმის ბარკლებს შეიძენთ, გირჩევთ:

  • ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში (წამოდუღებიდან 2-3 წუთში) გადაღვაროთ - ჰორმონები და ანტიბიოტიკები მას გაჰყვება და შემდეგი ნახარში უვნებელი იქნება.
  • მოხარშულ ან შემწვარ ქათმის ხორცს მოაშორეთ და არ მიირთვათ კანი. 

დაკლული ქათმის შენახვა სახლში

ახალდაკლული ქათამი მაცივარში 5 დღემდე ინახება. თუ მის შენახვას მეტ ხანს აპირებთ - საყინულეში შედეთ.

გაითვალისწინეთ: გამოუშიგნავი ფრინველი ძალიან მალე ფუჭდება. ამიტომ შეძენისთანავე გამოშიგნეთ და ისე შეინახეთ.

ფრინველის ხორცის გაფუჭებისას კანზე, პირველ რიგში, ფრთების ქვეშ და ფეშხვის ბოლო ნაწილში, ჩნდება მოყვითალო-მონაცრისფრო-მომწვანო ფერის ლაქები, კანი წებოვანი ხდება;

არ მიირთვათ გაფუჭებული ქათმის ხორცი!

მასალის გამოყენებისას ვებსაიტის მითითება სავალდებულოა!




print version
14:17:18 2011-12-15

კომენტარის დამატება

nana   16:27:40 2011-12-13  უპასუხე   
თუ უთავო ქათამს ვყიდულობ როგორ გავიგო ახალდაკლულია თუ არა? და კიდევ მაინტერესებს ფრინველის სქესი როგორ უნდა გავარჩიო?
ლია, CSRDG   13:28:23 2011-12-15  უპასუხე   
ზრდასრული მამლის ხორცი უფრო მუქია (მუქი წითელია), ვიდრე დედლის
ლია, CSRDG   13:19:11 2011-12-15  უპასუხე   
შიდა ქონი თუ მომწვანოა, ქათამი ძველია


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge