ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
ნიკორას ასაწონი პელმენი ციმბირული

სტატიაში მოხსენიებულ მეწარმეს ვთხოვთ გაეცნოს ამ ინფორმაციას.

2011 წლის 23 სექტემბერს ცხელი ხაზის ტელეფონზე შემოვიდა საჩივარი ”ნიკორას” მაღაზიაში შეძენილ ასაწონ პელმენთან დაკავშირებით. მოქალაქე იტყობინებოდა, რომ ეს პელმენი შეისყიდა, მოხარშა და ვერ შეჭამა, რადგან ხორცს ცუდი სუნი ჰქონდა და მისი აზრით გაფუჭებული იყო.

ამ შეტყობინების გადასამოწმებლად 26 სექტემბერს, მოქალაქის მიერ მითითებულ მაღაზიაში (მაღაზია ”ნიკორა” ბერძენიშვილის ქუჩაზე) შევიძინეთ ასაწონი პელმენი ”ციმბირული” (შპს ”ნიკორა-ტრეიდის” წარმოება).

შესყიდვას ესწრებოდა კვების მრეწველობის პროდუქციის ექსპერტი, რომელმაც შესყიდული პელმენები დაუყოვნებლივ მოათავსა სტერილიზებულ თერმოსებში, ლაბორატორიაში გადასატანად.

ამის შემდეგ პელმენი ჩაბარდა შესამოწმებლად ლაბორატორიას. 5 დღეში მივიღეთ პასუხი, რომელმაც აჩვენა, რომ პელმენის ხორცის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები სანიტარული ნორმების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვთხოვეთ, გადაემოწმებინა ჩვენი შედეგები და მოეხდინა სათანადო რეაგრება.  პარალელურად პელმენი კიდევ ერთ ლაბორატორიაში მივიტანეთ შესამოწმებლად. ლაბორატორიული შემოწმების პასუხი პირველს დაემთხვა. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა დაბინძურება კოლიბაქტერიებით. მიუხედავად იმისა, რომ კოლიბაქტერიები პელმენის სათანადო მოხარშვისას იოლად იღუპება და მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, სანიტარული ნორმებით პელმენში ეს დაბინძურება გამორიცხული უნდა იყოს.  

შეტყობინება აღმოჩენილი დარღვევის შესახებ გაეგზავნა მეწარმეს, მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებთან ერთად.

20 ოქტომბერს მივიღეთ შემდეგი წერილი ნიკორასგან: 

ჩვენი აზრით, აღმოჩენილი დაბინძურება შეიძლება მომხდარიყო როგორც პროდუქტის მომზადების, ასევე მისი მაღაზიაში შენახვის, გაყიდვის, ან გადაზიდვის პროცესში. ამიტომ ვურჩევთ მომხმარებლებს:

  • გაყინული პელმენების ან ხინკლის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ წინასწარ დაფასოებულ პროდუქციას, ვინაიდან:
    • ჰერმეტულად შეფუთული პროდუქტი დაცულია გადაზიდვისას, ან მაღაზიაში, ან თუნდაც შესყიდვის შემდგომ დაბინძურებისგან;
    • შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს გამოშვების თარიღი, რაც საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ უფრო ახალი პროდუქტი;
    • წინასწარ შეფუთულ პროდუქტში გამორიცხულია ძველი და ახალი პროდუქტის ერთმანეთში შერევა მაღაზიაში.
  • ხარშეთ გაყინული პელმენი ან ხინკალი არა ნაკლებ 10-15 წუთისა (წყლის ადუღების შემდეგ) - ასეთ პირობებში საშიში მიკრობების უმეტესი ნაწილი იღუპება და დაბინძურების შემთხვევაშიც კი დაავადების რისკი მინიმუმამდე მცირდება.

აღმოჩენილ დარღვევაზე ინფორმაციის პასუხად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2011  წლის 13 ოქტომბერს მოგვაწოდა საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი. ვინაიდან ამ წერილიდან ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, ჰქონდა თუ არა სააგენტოს კონკრეტული რეაგირება  ჩვენს მიერ მიჭოდებულ ფაქტთან დაკავშირებით, 2011 წლის 1 ნოებმერს დამატებით მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილით, სადაც მოვითხოვეთ, მიწოდებული ფაქტის საპასუხოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოს საწარმოს არაგეგმური ინსპექტირება განეხორციელებინა. 2011 წლის 10 ნოემბერს პასუხი სამინისტროს მაგივრად ისევ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაგვცა, რომელიც ისეთივე გაუგებარი იყო, როგორც ადრე. დამატებით 15 ნოემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ კიდევ ერთი სტანდარტული ბუნდოვანი წერილი. ორივე შემთხვევაში წერილები არ შეიცავდა ინფორმაციას იმის თაობაზე, განხორციელდა თუ არა მითითებული ფაქტის პასუხად მეწარმის არაგეგმური ინსპექტირება. ამიტომ 25 ნოემბერს მივმართეთ საჩივრით საქართველოს მთავრობას. პარალელურად კი ხელახლა გავუგზავნეთ კითხვა სააგენტოს, იმის შეხსენებით, რომ მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, უვნებელია თუ არა გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი. აგრეთვე გაიგზავნა წერილი სახალხო დამცველთან.

---

2011 წლის 21 დეკემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 26 დეკემდერს სამინისტროში ჩატარდებოდა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. 2011 წლის 26 დეკემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ჩვენი საჩივრის განხილვა. განხილვაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა გადმოგვცეს სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ  სააგენტომ განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება სს”ნიკორას” კუთვნილ ხორცპროდუქტების მწარმოებელ საწარმოში. ინსპექტირებამ გამოავლინა ე.წ. ”არაკრიტიკული შეუსაბამობა”, რომლის გამოსასწორებლად ნიკორას მიეცა გონივრული ვადა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მივიღეთ ბრძანების ასლი.

საქართველოს სახალხო დამცველმა გამოგვიგზავნა პასუხი.

_________

აღნიშნული პროდუქტის უვნებლობის მახასიათებლების გაუმჯობესების შესამოწმებლად 2012 წლის 25 იანვარს ჩვენ ხელხლა შევისყიდეთ ბერძენიშვილის ქუჩაზე მდებარე ”ნიკორას” მაღაზიაში ასაწონი გაყინული პელმენი ”ციმბირული”.

  

პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩაბარდა ლაბორატორიას, მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის. 2012 წლის 31 იანვარს ლაბორატორიიდან მივიღეთ   პასუხი, რომლიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული პროდუქტში კვლავ აღმოჩნდა კოლიბაქტერიული დაბინძურება.

წერილები გაიგზავნა   ს/ს ”ნიკორაში” და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ს/ს ”ნიკორადან” მოგვივიდა პასუხი

  

--------------

იმისათვის რომ გადაგვემოწმებინა მოჰყვა თუ არა შედეგი ჩვენს მიერ ორჯერ აღმოჩენილ და მეწარმისთვის და სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, 13 ივნისს კიდევ ერთხელ შევიძინეთ ბერძენიშვილის ქუჩაზე მდებარე ნიკორას საფორმო მაღაზიაში პელმენი ციმბირული ასაწონი, რომელიც კვების ექსპერტმა მაღაზიის შეფუთვიანად მოათავსა სტერილურ პოლიეთილენის პარკში, და შესამოწმებლად ლაბორატორიაში მივიტანეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პელმენში კოლიბაქტერიები აღმოჩნდა.

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ჩვენ დაინტერესებულები ვართ გადავამოწმოთ იმ პროდუქტის ხარისხი, რომელიც ჩვენს მიერ ერთხელ უკვე შემოწმდა. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მეწარმე ჩვენი შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება. შპს ”ნიკორა ტრეიდს” შევთავაზეთ ერთობლივი შესყიდვის განხორციელება. დაინტერესების შემთხვევაში ჩვენს მიერ შემუშავებული სქემით მოხდება პროდუქტის ერთობლივი შესყიდვა და მიკრობიოლოგიური მახასიათებლების ხელახალი შემოწმება.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული არაფრისმთქმელი წერილი. გაიგზავნა თხოვნა მთავრობაში, რათა აიძულონ სააგენტო რეაგირება იქონიოს. ამ წერილსზე არავითარი პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ 2012 წლის 25 ოქტომბერს კვლავ გაიგზავნა შეტყობინება ამ დარღვევების შესახებ და მათზე სააგენტოს რეაგირების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს და პარლამენტის აგრარული კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. 2012 წლის 19 ნოემბერს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა ამ დარღვევებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.  2012 წლის 15 ნოემბერს მივიღეთ პასუხი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, 30 ნოემბერს  კი -  სურსათის ეროვნული სააგენტოდან.  ამ ინფორმაციებიდან ირკვევა, რომ 2011 წლის 19 ოქტომბერს სააგენტომ შეიძინა აღნიშნული პროდუქტი, ლაბორატორიულად შეამოწმა და დარღვევა მართლაც აღმოაჩინა. ამის შემდეგ,  2011 წლის 31 ოქტომბერს, ჩატარდა საწარმოს არაგეგმური ინსპექტირება. შემდეგი არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა 2012 წლის 16 ივლისს.

ჩვენ კვლავ გადავამოწმებთ ამ პროდუქტს, რათა გავარკვიოთ, შედეგიანია თუ არა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საწარმოების შემოწმებები.




print version
13:47:03 2012-12-19

კომენტარის დამატება

nana   12:24:08 2012-04-18  უპასუხე   
თამარ, მადლობელი დაგრჩებით თუ გადაამოწმებთ,ქათამი დაახლოებით 11-12 აპრილს შევიძინე,ამას დაემატა კიდეევ ერთი ფაქტი,შეუძლოდ ვიყავი, და მეზობლებმა მომინახულეს,თან მოიყოლეს შოკოლადის ორცხობილა "პრიანიკი",ყავისთვის,ცელოფნიდან რომ ამოვირეთ, იყო საშინლად გამხმარი და ორივე მხრიდან გახვრეტილები.კითხვაჩაგარ იყო საჭირო, მივხვDი ეს იყო "ნიკორაში ნაყიდი, მაკა მაშინვე ჩავიდა, და ორიოდე წუთში დაბრუნდა.დიდი მობოდიშებით დაიბრუნეს უკან და შეუცვალეს"ახალ" ორცხობილით,ეს მარკეტი მდებარეობს ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე- 2 კვარტალში, ყოფილი სუპერმარკეტი "მასივი", მინდა აქვე დავამატო რომ ისევ იყიდება საშინლად გაშავებული,გამოფიტული "ფაზენდას ქათმები,რომლებასაც ვადა სულ ორიოდე დღეში გასდის..... იქნებ რამე ეშველოთ, მაგრამ მეეჭვება,იქნებ "იფქლის" პურიც შეიძინოთ მანდვე,სხვაგან რომ მიყიდია, "იფქლისპური არის სპეციალური წებოვანი ლენტით შეკრული და არა თეთრი მავთულით(როგორც ეს "ნიკორაშია")

ნანა   20:23:11 2012-04-14  უპასუხე   
მოგესალმებით.მეც ვუერთდები "ნიკორას მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტთა რიგს,სამსახურიდან სახლში მიმავალმა გზად,ვაზისუბანში მდებარე "ნიკორას სუპერმარკეტში შევიარე,ვიყიდე ქათამი "ფაზენდა",სამწუხაროდ მხოლოდ წონას დავხედე,სახლში რომ ამოვედი,აღმოვაჩინე რომ იყო გახსნილი,და თითქმის ნახევარზე შემოხვეული ჰქონდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო "სკოჩი",იყო რაღაც საშინელი ლურჯი, აჭრელებული და გამოფიტული,) ჩავიტანე მაშინვე(ახლოს ვცხოვრობ),და კონსულტანტმა "სერიოზული სახით ამიხსნა, რომ სამაგრი მოძვრა,და რომ არ გაფუჭებულიყო, შეფუთეს სკოჩით",უკან დაბრუნებაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი, აღმოჩნდა,გამოცვლითაც მხოლოდ იგივე "ფაზენდის ქათამში გაცვლიდნენ,თითქმის ყველა ქათამი იყო "დასკოჩილი",დაღლილ-დაქანცულს აღარ მქონდა ჭიდაობის თავი, დავუგდე ეს 7.20 ლარიანი ქათამი და რა ბედი ეწია,ვერ გეტყვით,მერე კი ვინანე, მაგრამ რაღას ვიზამდი.იქნებ ცოტა მაინც მიექციოს ყურადღება...
თამარ, CSRDG   12:21:07 2012-04-17  უპასუხე   
ნანა, იქნებ დაწეროთ როდის შეიძინეთ ქათამი ”ნიკორაში” და მაღაზიის უფრო ზუსტი მისამართიც დაგვიწერეთ გადამოწმება რომ შევძლოთ


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge