ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
რა უნდა ვიცოდეთ ხორცის კონსერვებზე
ხორცეული, რჩევები, ჯანსაღი კვება,

ხორცის კონსერვები ჰერმეტულად დახუფული და სტერილიზებული პროდუქტებია. ხორცთან ერთად კონსერვში შეიძლება სხვა ნედლეულიც იყოს შერეული.

მარგებელია თუ არა ხორცის კონსერვები?

მარტივი პასუხია _ არა. ზოგადად, ახალი პროდუქტები ყოველთვის სჯობს დაკონსერვებულს. ხორცის და ხორცის ნაწარმის დაკონსერვება პროდუქტის ბიოლოგიურ ღირებულებას პრაქტიკულად ყოველთვის აუარესებს: სტერილიზაციის დროს 20%-ით მცირდება ცილების შეთვისებისუნარიანობა, იშლება ვიტამინებისა და შეუცვლადი ამინომჟავების ნაწილი. გარდა ამისა, კონსერვებში როგორც წესი დამატებულია საკვებდანამატები, რომელიც მიკრობების გამრავლებას უშლის ხელს და აგრეთვე პროდუქტის დაჟანგვა/დაძველებას ანელებს. როგორც წესი, ეს ნივთიერებები ადამიანისთვის სასარგებლო არ არის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნიტრიტები, რომლებიც ხორცთან ურთიერთქმედების შედეგად კანცეროგენულ ნივთიერებებს, ნიტროზამინებს წარმოქმნიან. ამიტომ, სასურველია ხორცის კონსერვები დიდი ოდენობით არ მიირთვათ.

მაშ რატომ ამზადებენ ხორცის კონსერვებს? _ იმიტომ რომ ისინი დიდხანს ინახება და სურსათის გრძელ მანძილებზე ტრანსპორტირების ან გრძელვადიანი შენახვის ძალზე ეფექტური საშუალებაა.

ხორცის კონსერვის უვნებლობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ტარა, რომელშიც ის მოთავსებულია. გამოიყენება მეტალის, პოლიმერული მასალის ან მინის ქილები. მეტალის ქილა (აგრეთვე მინის ქილის ხუფები) უნდა იყოს ორმხრივად მოკალული და სპეციალური ლაქით დაფარული, რათა კონსერვის შიგთავსი მეტალთან კონტაქტში არ მოვიდეს. განსაკუთრებით კოროზიის უნარიანია ბოსტნეულთან (მაგალითად პომიდორთან) ერთად მომზადებული ხორცის კონსერვი _ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტარა, რომელშიც ის მოთავსებულია, დაზიანებული არ იყოს.

კონსერვების შენახვა

კონსერვები უნდა ინახებოდეს სიმშრალეში და სიგრილეში. შენახვის ვადები დამოკიდებულია ტარის მასალაზე და დაკონსერვების რეჟიმზე (ეს რეჟიმი ქილაზე უნდა ეწეროს):

  • ყველაზე მოკლე შენახვის ვადა აქვს პასტერიზებულ კონსერვებს - ისინი სულ 6 თვე ინახება;
  • მხოლოდ 12 თვე ინახება კონსერვები, რომელმაც დაბალტემპერატურული სტერილიზება გაიარა;
  • ასევე 12 თვე ინახება ჰერმეტულ ტარაში მოთავსებული შებოლილი ხორცპროდუქტები;
  • ხორცის ბოსტნეულთან ან ბურღულეულთან ნარევის სტერილიზებული კონსერვი მეტალის ქილაში ინახება 1-2 წელი, შუშის ქილაში _ 2-3 წელი;
  • ხორცის სტერილიზებული კონსერვი ბოსტნეულ-ბურღულეულის გარეშე ალუმინის ქილებში ინახება 4 წელი, მოკალულ ლითონის ქილებში - 5 წელი.

ცნობილია აგრეთვე ე.წ. ტროპიკული ქვეყნებისათვის სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული კონსერვები, რომლებიც +40 გრადუს ტემპერატურაზე შენახვისასაც კი 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს თვისებებს.

კონსერვის არჩევა

კონსერვის შეძენისას ყურადრება უნდა მიაქციოთ ორ მაჩვენებელს:

  • რამდენი ხნის წინ დამზადდა კონსერვი და ხომ არ გასულა მისი შენახვის ვადა;
  • ხომ არ არის დაზიანებული ტარა, რომელშიც კონსერვი არის მოთავსებული.

კონსერვს აუცილებლად უნდა ეწეროს დამზადების თარიღი და შენახვის ვადა. ლითონის ქილებს იგი ჩვეულებრივ ძირზე ან სახურავზე აქვს ამოტვიფრული. შესაძლოა გამოშვების თარიღი ეტიკეტზე იყოს დარტყმული. მოძებნეთ და ყურადღებით შეისწავლეთ იგი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ვადაგასული კონსერვი.

მას შემდეგ, რაც გაარკვევთ რომ ვადები დაცულია, კარგად დაათვალიერეთ კონსერვის ქილა. დააკვირდით:

  • მეტალის ნაწილები არ უნდა იყოს დაჟანგული;
  • მეტალის ან პოლიმერული მასალის ნაწილები არ უნდა იყოს არაბუნებრივად გამობერილი (ბომბაჟი);
  • მთლიანად ქილა არ უნდა იყოს დაბრეცილი ან დაზიანებული, მინის ქილა _ დაბზარული.

გარე დათვალიერება შესაძლოა საკმარისი არ იყოს - ქილას ან ხუფს შეიძლება ჰქონეს მიკრობზარები, რომელიც თვალით არ შეიმჩნევა. სამწუხაროდ აგრეთვე არის შემთხვევები, როცა კონსერვები დაძველებული ნედლეულისგან მზადდება, ან ირღვევა დაკონსერვების, კონსერვის ქილის დამზადების ან დახუფვის ტექნოლოგია. აგრეთვე შესაძლებელია, რომ დარღვეული იყოს კონსერვის შენახვის პირობები (მაგალითად, კონსერვი მაღაზიის დახლზე თაკარა მზის ქვეშ ედოთ). ამიტომ გახსნის შემდეგ დააკვირდით ქილის და ხუფის შიდა კედლებს და კონსერვის შიგთავსს.

არ მიირთვათ ხორცეულის კონსერვი, თუკი:

  • ქილის ან ხუფის შიდა კედლებზე მეტალი სხვადასხვა ფერისაა ან აქვს დაჟანგვის ლაქები ან ზოლები;
  • კონსერვის შიგთავსს აქვს არადამახასიათებელი სუნი;
  • კონსერვის შიგთავსზე არის ობის, დუღილის ან ლორწოს ნიშნები;
  • ხორცი კონსერვში ძლიერ მოშვებულია ან აქვს მეტალის გემო;

ამ მასალის გამოყენებისას ვებ-გვერდის მითითება სავალდებულოა!




print version
17:27:27 2011-10-04

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge