ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21
როგორ ავირჩიოთ ძეხვეული
ძეხვეული, რჩევები, ჯანსაღი კვება, ხორცეული,

სასარგებლოა თუ არა ძეხვეული?

ძეხვეულის ნაწარმი ისევე, როგორც ხორცის სხვა პროდუქტები, ცილოვანი ნივთიერებების წყაროა. ძეხვეული ხასიათდება მაღალი კვებითი, ენერგეტიკული და ბიოლოგიური ღირებულებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხორცს წარმოების პროცესში სცილდება არასაკვები და დაბალი ღირებულების ნაწილი - ძვლები, მყესები, უხეში შემაერთებელი ქსოვილი, ემატება ადვილად ასათვისებელი ცხიმი და სხვა საკვები ნედლეული. ხორცის დაქუცმაცება და სხვადასხვა საკვები დანამატების შეტანა (სოიის ცილა, უცხიმო რძე, სისხლი, პლაზმა, კვერცხი, კარაქი, მარგარინი და სხვა) აუმჯობესებს ძეხვეულის ბიოლოგიურ ღირებულებას. თუმცა, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ძეხვში ძირითად სასარგებლო ნედლეულს _ ძროხის ხორცს, ღორის ცხიმს _ მეორეხარისხოვანი ნედლეულით (მაგალითად, სახამებლით, ფქვილით) ანაცვლებენ. გარდა ამისა, დამახასიათებელი წითელი ფერის მისანიჭებლად საკმაოდ მავნე ნივთიერებები - ნიტრიტები გამოიყენება, რომელთა დაშვებულზე მაღალი კონცენტრაციით მიღება ადამიანისთვის საზიანოა, მაგრამ კიდევ უფრო საზიანოა როდესაც ძეხვში იმდენად მცირეა ხორცის შემცველობა, რომ მისთვის ფერის მისაცემად ნიტრატებს კი არა, წითელ საღებავებს უმატებენ. საგულისხმოა, რომ სანელებლებისა და გარკვეული საკვები დანამატების დამატებით ძეხვეულში გაფუჭებული ხორცის გემოს შენიღბვაც არის შესაძლებელი.

ამიტომ პასუხი ზემოთ დასმულ კითხვაზე ასეთია: მიირთვით კარგი ძეხვეული, მაგრამ მოერიდეთ ცუდს და ფალსიფიცირებულს. ქვემოთ ჩვენ აგიხსნით, როგორ განასხვავოთ კარგი და ცუდი ძეხვეული.

ძეხვეულის სახეობები

ძეხვეული არის ხორცის ფარშისაგან დამზადებული პროდუქტები, გარსაცმით ან მის გარეშე, რომელმაც გაიარა თერმული დამუშავება ან ფერმენტაცია და მზად არის მოხმარებისათვის. ესენია: სოსისები და სარდელები, მოხარშული ძეხვები, ნახევრადშებოლილი და შებოლილი ძეხვები.

მოხარშული ძეხვები, სოსისები, სარდელები

ამ ნაწარმის მისაღებად ხორცის და ცხიმისგან მომზადებულ ფარშს ათავსებენ გარცმაში, ხრაკავენ, ხარშავენ და აცივებენ.

სოსისები და მოხარშული ძეხვი მალფუჭებადი პროდუქტია. ამიტომ მთავარი ყურადღება პროდუქტის არჩევისას სიახლეს და სისაღეს უნდა მიაქციოთ:

  • აუცილებლად გაარკვიეთ სოსისის/ძეხვის გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. არ შეიძინოთ ვადაგასული პროდუქტი;
  • გაითვალისწინეთ, რომ მოხარშული ძეხვები და სოსისები მაღაზიაში აუცილებლად მაცივარში უნდა იდოს;
  • არ შეიძინოთ დაზიანებული ან გაწებოვნებული გარსაცმის მქონე პროდუქტი;
  • სოსისების დანაოჭებული გარსაცმი მიუთითებს იმაზე, რომ იგი მაღაზიაში არასწორ პირობებში ინახებოდა და ზედმეტად გამოშრა. არ შეიძინოთ ასეთი სოსისი _ დიდია შანსი, რომ არასწორად შენახული პროდუქტი გაფუჭებული იყოს;
  • არ შეიძინოთ პროდუქტი, რომლის ფერი მქრქალი მოთეთრო ან ნაცრისფერია - ასეთი შეფერილობა ნაწარმში მიკრობების გამრავლების ნიშანი შეიძლბა იყოს;

გარდა ამისა, მნიშვნლოვანია მოხარშული ძეხვეული ძალზე წითელი არ იყოს. მოხარშული ხორცის ფერი ყველასთვის კარდაგაა ცნობილი - იგი მოყავისფროა. მაღალი ხარისხის მოხარშულ ძეხვეულს დამახასიათებელი მოყავისფრო-მოვარდისფერო ფერის მისაცემად ფარშს მცირე რაოდენობით ნიტრატებს უმატებენ, მაგრამ თუკი მოხარშული ძეხვეული მკვეთრი ვარდისფერი ფერისაა - მასში დამატებულია წითელი საღებავები, რომლებიც ჯანმრთლობისთვის სასარგებლო არ არის. ამიტომ მოერიდეთ ღაჟღაჟა-ვარდისფერ მოხარშულ ძეხვეულს.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ხორცის ეკონომიის მიზნით ძეხვში დიდი რაოდენობით სახამებელს უმატებენ. ასეთი ძეხვის გამოსავლენად ძეხვს აათალეთ თხელი ფენა და გადაკეცეთ. თუ ანათალი იოლად გადაიხლიჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძეხვში ბევრი სახამებელია. სახამებელი თავისთავად მავნე არ არის. უბრალოდ ასეთი ძეხვის კვებითი ღირებულება დაბალია.

სოსისების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წყლის ფერს სოსისის მოხარშვისას. თუ ხარშვისას წყალი გაწითლდა და სოსისი კი გაუფერულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სოსისში წითელი საღებავია დამატებული. როგორც წესი, ეს იმას ნიშნავს, რომ სოსისში ხორცი ძალზე ცოტა იყო და სახამებელი კი _ ზომაზე ბევრი (ბუნებრივია, ასეთი ნარევი ძალიან ღია ფერის გამოდის და მეწარმეს უხდება კარგა გვარიანად "გააფერადოს" იგი, ნამდვილ სოსისს რომ დაამსგავსოს). დაიხსომეთ სოსისის ეს ფირმა და მომავალში მოერიდეთ მათი ამ ნაწარმის შეძენას.

მოხარშული ძეხვეული უნდა ინახებოდეს მაცივარში. მათი შენახვის ვადა დიდად არის დამოკიდებული გარსაცმის სახეობაზე: ნატურალური გარსაცმის მქონე პროდუქციის შენახვის ვადა 2-5 დღეს არ აღემატება, პოლიამიდის გარსაცმიანის - 6-30 დღეა, ხოლო სოსისების 2-10 დღე. თუმცა, თუკი მოხარშული ძეხვეული ვაკუუმ-შეფუთვაშია მოთავსებული, მათი შენახვის ვადა 2 თვემდე იზრდება.

და კიდევ ერთი რჩევა: თუკი მოხარშულ ძეხვულს აწერია, რომ მისი შენახვის ვადა 1 კვირაზე მეტია, და ამავე დროს ის სპეციალურ ვაკუუმ-შეფუთვაში მოთავსებული არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში სპეციალური საკვებდანამატები - კონსერვანტები და ანტიოქსიდანტებია დამატებული. არც ერთი მათგანი ადამიანისთვის სასარგებლო არ არის. ამიტომ მორიდეთ ასეთი ძეხვეულის შეძენას.

შებოლილი ძეხვები

ძეხვეულის დიდხანს შესანახად მათ ბოლავენ. შებოლვისას ძეხვი შრება და მიკრობები მასში ინტენსიურად ვეღარ მრავლდება, ამიტომ ის მოხარშულ ძეხვზე გაცილებით მეტ ხანს ინახება. განარჩევენ მოხარშულ შებოლილ, უმადშებოლილ და ნახევრადშებოლილ ძეხვებს. მათი შენახვის ვადა გრილ ოთახში (12-15°C)  15-45 დღეა, ხოლო საყინულეში (მინუს 7-9°C) 3-6 თვე. დაჭრილი ძეხვეული უფრო მალე ფუჭდება: ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღეში, მაცივარში 6-7 დღეში. ზოგადად, რაც უფრო გამომშრალია ძეხვი, მით უფრო დიდხანს ინახება იგი.

შებოლილი ძეხვების არჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

  • ძეხვის ბატონის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, სუფთა, მკვრივი, დაზიანებების გარეშე.
  • ბატონის გარე აპკი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს შიგთავსს.
  • შიგთავსის ფერი უნდა იყოს ერთგვაროვანი, ვარდისფერი, ცხიმი - თეთრი.
  • დასაშვებია შებოლილი ძეხვის ზედაპირზე შენახვისას წარმოქმნილი მარილის თხელი ფენა, ან მშრალი ობის ნადები - თუკი იგი აპკის შიგნით არ აღწევს.
  • ძეხვის ბატონის სუნი და გემო უნდა იყოს სასიამოვნო და ძეხვისთვის დამახასიათებელი.

არ შეიძინოთ ძეხვი, თუკი:

  • ბატონის ზედაპირი ან შიგთავსი ლორწოვანია.
  • განაჭერზე ძეხვი მონაცრისფრო-მომწვანოა (დაძველებული ფარშის ფერი);
  • აფსკის ქვეშ ან განაჭერზე ობის ლაქებია;
  • აქვს მომჟავო (ობის) სუნი ან გემო.

გირჩევთ აგრეთვე არ შეიძინოთ სანებლების მკვეთრი სუნის მქონე ძეხვეული. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ძეხვეულის დასამზადებლად საეჭვო სიახლის ხორცს იყენებენ, მისი არასასიამოვნო გემოსა და სუნის გადასაფარად კი დიდი რაოდენობით სხვადასხვა საგემოვნო დანამატებს, პილპილს, მარილს, სუნელებს ხმარობენ. თუმცა სუნის და გემოს მოსპობა არ სპობს იმ მავნე ნივთიერებებს, რომელიც ძველ ხორცში გროვდება. ამიტომ მოერიდეთ ასეთ ძეხვებს.

და ბოლოს: არ იყიდოთ ძალიან იაფი ძეხვეული. გაითვალისწინეთ, რომ 1 კგ. ძეხვი არ შეიძლება ღირდეს 1 კგ. ხორცზე ბევრად იაფი.

ამ ინფორმაციის გამოყენებისას ვებ-გვერდის მითითება სავალდებულოა!




print version
12:44:01 2011-10-23

კომენტარის დამატება

Mikheil Kalandadze   15:55:13 2016-06-27  უპასუხე   
ვყიდულობთ მარტო Ponnath-ში.

არ ვიცი რამდენად შემოწმებული გაქვთ.
თამარ, CSRDG   15:38:53 2016-06-29  უპასუხე   
არც ეს ძეხვი გვაქვს შემოწმებული რადგან არ ყოფილა მომხმარებლის საჩივარი პონატის ძეხვეულზე
Mikheil Kalandadze   15:42:02 2016-06-29  უპასუხე   
საჩივარზე რა გითხრათ აბა. ნამდვილად არ უჩვი არაფერს :)

მანდ ვყიდულობთ სოსისებს და ინდაურის ვჩნას მგონი :)

ასევე კარაქს. ძალიან კმაყოფილი ვარ.
თუ შეამოწმებდით უკვე თავდაჯერებულად კმაყოფილი ვიქნებოდი
თამარ, CSRDG   16:07:59 2016-06-29  უპასუხე   
ძეხვეულის შემოწმებაზე პრობლემებია ლაბორატორიების მხრიდან. მოწმდება უვნებლოაბა, იგივე მიკრობიოლოგია და შესაძლებელია სოიოს შემცველობაზე შემოწმება თუ დაგვთანხმდა საზღვარგარეთის ლაბორატორიები ამ ნალიზზე. სამწუხაროდ მეტი არაფრის შემოწმება არ შეიძლება
Mikheil Kalandadze   16:12:45 2016-06-29  უპასუხე   
ნუ ჯერჯერობით უვნეობლობაზე შემოწმება მემგონი საჭირო არ არის. ამდენი ხანია მომხმარებელი ვარ და 1 პრეტენზიაც არ მქონია.

lado   13:27:52 2015-02-22  უპასუხე   
ძალიან გთხოვთ გვიპასუხოთ-რა საბუთები უნდა ჰქონდეს ძეხვის რეალიზატორ მარკეტს-ძეხვის ვარგისიანობაზე
თამარ, CSRDG   15:13:53 2015-02-23  უპასუხე   
ლადო დარეკეთ სურსათის ეროვნულ საგენტოში და იქ გეტყვიან საბუთების დასახელებებს, რომელიც დაგჭირდებათ
თამარ, CSRDG   15:14:09 2015-02-23  უპასუხე   
სააგენტოს ნოემრია 2919167

nino   14:49:16 2012-02-04  უპასუხე   
მთელი ყურადღება გადატანილი გაქვთ გაფუჭებულ დაძველებულ საკვებზე, რომელიც რათქმა უნდა მნიშვნელოვანია მაგრამ ხორცი როგორი წარმოშობისაა იქნებ მასში ანთროპოზოონოზური დაავადებები იმალება(როგორიცაა ტრიქინელოზი, ფინოზი, თუნდაც ციმბირული წყლული და ა.შ) რომელსაც თვალით ვერავინ ვერ შეამჩნევს და როგორც ვხედავ უგულებელყოფილია ასეთი საშიში დაავადებები დ საერთოდ ვეტ სპეციალისტის როლი ხორცის ექსპერტიზაში მე პირადად ვერ ვენდობი ხორცის პროდუქტებს, იმ შიშით რომ მსხვერპლი არ აღმოვჩნდე
ლია, CSRDG   12:40:27 2012-02-06  უპასუხე   
ნინო, მართალი ბრძანდებით, ვეტერინარული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ სტატიაში ჩვენ დაბეჯითებით ვურჩევთ მომხმარებლებს, რომ მხოლოდ ის ხორცი შეიძინონ, რომელმაც ვეტერინარული დამუშავება გაიარა.

რაც შეეხება ძეხვეულს, მისი დამამზადებლები ვალდებულნი არიან მხოლოდ ჯანმრთელი ხორცი გამოიყენონ. ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტის დამზადება და რეალიაცია სისხლის სამართლის დანაშაულია.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge