ბოლო ცვლილებები

კარაქ ვალიოს ეტიკეტი
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?

სულ ნიუსები: 21

კვერცხის სასარგებლო თვისებები

ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია. იგი შეიცავს თითქმის ყველა ამჟამად ცნობილ ვიტამინს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია A, D, E, K და P ვიტამინები. კვერცხის გულის თითქმის მესამედს ცხიმები შეადგენს. თუმცა, ძირითადად, კვერცხი საკვები ცილების წყაროა (კვერცხის წონის 13% ცილებია). კვერცხის ცილა და ცხიმი ბიოლოგიურად სრულფასოვან და ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებს მიეკუთვნება.

თუმცა, გაითვალისწინეთ: მიუხედავად კვერცხის მაღალი კვებითი ღირებულებისა, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ალერგიული რეაქცია.

ბაზარზე ძირითადად ქათმის, ინდაურის ან მწყერის კვერცხს ვხვდებით. ბატისა და იხვის კვერცხის გამოყენება, სათანადო თერმული დამუშავების გარეშე, საშიშია, რადგან სალმონელას ჯგუფის ბაქტერიებით მათი დასნებოვნების რისკი ძალიან მაღალია.

სოფლის თუ ფერმის?

მაღაზიებში, როგორც წესი, ფერმის კვერცხები იყიდება. თუმცა ყველას შეგვიმჩნევია, რომ ე.წ. „სოფლის კვერცხი“, ანუ სოფელში, გლეხების ეზოებში ლაღად მოსეირნე ქათმების კვერცხი ბევრად უფრო გემრიელია. რომელი სჯობს რომ შევიძინოთ?

სოფლის კვერცხი მართლაც უფრო გემრიელია. ეს, ძირითადად, იმითია გამოწვეული, რომ სოფლის ქათამს უფრო მრავალფეროვანი კვება აქვს: ნედლი ბალახი, ჭია-ღუა, მარცვალი. ფერმის ქათმები კი სპეციალურად შეზავებული კომბინირებული საკვებით იკვებებიან - ზოგადად, ბევრად უფრო ერთგვაროვანი კვება აქვთ. მაგრამ, სამაგიეროდ, ფერმაში გაცილებით მკაცრად კონტროლდება ფრინველის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, გაცილებით ნაკლებია კვერცხის დასნებოვნების შესაძლებლობა. თან ფერმის კვერცხის ზედაპირიც უფრო სუფთაა - ფერმა მოწყობილია ისე, რომ კვერცხები დადებისთანავე შორდება ფრინველს და ამიტომ არ ბინძურდება. გლეხურ მეურნეობაში ფრინველების ჯანმრთელობის კონტროლიც ნაკლებია, კვერცხის დასვრის შანსიც მეტია. გარდა ამისა, აქ ხშირად კვერცხის შენახვის ვადებს და პირობებსაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას (გლეხურ მეურნეობაში კვერცხებს შეიძლება უბრალოდ კარადაში აგროვებდნენ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, და მხოლოდ ამის შემდეგ ყიდიდნენ).

მოკლედ რომ ვთქვათ, ფერმის კვერცხი გარანტირებულად უფრო საღი და უვნებელია. თუმცა, გემოთი და კვებითი ღირებულებით სოფლის კვერცხს ჩამორჩება. ამიტომ, გირჩევთ, სოფლის კვერცხი მხოლოდ კარგად მოხარშული ან შემწვარი მიირთვათ. ხოლო თუკი უმი კვერცხის კერძს ამზადებთ, ამისთვის სჯობს ფერმის კვერცხი გამოიყენეთ!

ყოველი შემთხვევისთვის მაინც იცოდეთ: თუკი უმი კვერცხის მიღებიდან 12-24 საათში დაგეწყოთ შემცივნება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი - შესაძლოა ეს სალმონელოზის ნიშნები იყოს. არ შეშინდეთ, დაავადება ანტიბიოტიკებით ეფექტურად იკურნება, მაგრამ აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! 

კვერცხის შერჩევა

კვერცხის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • კვერცხის ნაჭუჭის ფერს მნიშვნელობა არა აქვს - ის უბრალოდ ფრინველის ფერზეა დამოკიდებული.
  • მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ - რამდენი ხნისაა კვერცხი - რაც უფრო ახალია, მით უფრო სასარგებლოა იგი. ამიტომ ეცადეთ შეიძინოთ რაც შეიძლება ახალი კვერცხი. ფერმის კვერცხის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა (ან თარიღი). მოძებნეთ ეს წარწერა. ნუ შეიძენთ ფერმის კვერცხს, რომელსაც შეფუთვაზე გამოშვების თარიღი არ აწერია!
  • მიაქციეთ ყურადღება, რა პირობებში ინახებოდა კვერცხი მაღაზიაში. ნუ შეიძენთ კვერცხს, რომელიც მაღაზიაში გაგრილების გარეშე, სიცხეში ალაგია.

თუ ეჭვი გაქვთ, რომ კვერცხი შესაძლოა საღი არ იყოს (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა „სოფლის კვერცხს“ ყიდულობთ), გირჩევთ, კარგად დააკვირდეთ და ეს რჩევები გაითვალისწინოთ:

  • ახალ კვერცხს არ უნდა ჰქონდეს კრიალა ზედაპირი, ის უნდა იყოს მქრქალი. ხელის გადასმის დროს უნდა შეიგრძნობოდეს ხაოიანი ზედაპირი. ძველი კვერცხის ზედაპირი პრიალებს;
  • დაიჭირეთ ხელში კვერცხი, ის უნდა იყოს საკმარისად წონადი.
  • დაყნოსეთ. მას არ უნდა ჰქონდეს სუნი, თუ სუნი აქვს, წარმოიდგინეთ, გატეხვის შემდეგ რა მძაფრი სუნი ექნება.
  • თუ გახედავთ ქათმის კვერცხს სინათლეზე, მას უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი ღია–ნარინჯისფერი ფერი, ყოველგვარი მუქი ლაქების გარეშე. მუქი ლაქები ნიშნავს, რომ კვერცხი გაფუჭებულია.

თუ შესაძლებელია, კვერცხის სიახლე შეიძლება წყალში ჩადებით შემოწმდეს. ამისთვის ჩაასხით ჭიქაში 3/4 მოცულობა წყალი და ფრთხილად ჩაუშვათ მასში კვერცხი:

  • ახალი (3-დღემდე) კვერცხი ჩაიძირება ჭიქის ძირზე;
  • 1 კვირის კვერცხი ტივტივებს წყალში ვერტიკალურ მდგომარეობაში;
  • კვერცხი, რომელიც დადებულია 3 კვირის ან მეტის წინ, მაშინვე წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება (მისი ნაწილი ამოვა წყლის ზემოთ);

არ შეიძინოთ კვერცხი, თუკი შეამჩნევთ რომ:

  • ნაჭუჭი დაზიანებულია ან გატეხილია;
  • ნაჭუჭი დასვრილია;
  • ნაჭუჭი პრიალებს;
  • კვერცხს არასასიამოვნო სუნი აქვს.

შენახვისა და მოხმარების წესები და ვადები

კვერცხის შენახვისას მთავარია, რომ:

  • მუდმივად დაცული იყოს საკმარისად გრილი ტემპერატურა (+20ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს).
  • არ დაზიანდეს კვერცხის ნაჭუჭი და თხელი, მიკროსკოპული აპკი, რომელიც ნაჭუჭს გარედან აკრავს და მიკრობებისგან იცავს. ამიტომ სრულიად დაუშვებელია შესანახი კვერცხის გარეცხვა ან უხეშად გაწმენდა - ამ დროს დამცავი აპკი ზიანდება და ნაჭუჭი მიკრობებისთვის გამტარი ხდება. დაზიანებული ნაჭუჭიდან კვერცხში შესაძლოა მავნე მიკროორგანიზმებმა შეაღწიოს და გამრავლდეს, რაც ადამიანთა მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს.

+20°C ტემპერატურაზე კვერცხი 25 დღე ინახება, ხოლო 0°-იდან +2°C-მდე ტემპერატურის პირობებში – 120 დღე. თუმცა, შენახვისას კვერცხი წონასაც კარგავს და კვებითი ღირებულებაც უქვეითდება. თანდათან მცირდება ნაჭუჭის დამცავი აპკის სიმტკიცეც, ასე რომ, იზრდება მიკროორგანიზმების კვერცხის შიგთავსში შეღწევისა და გამრავლების შესაძლებლობა. ამიტომ უნდა შეეცედოთ, რაც შეიძლება ახალი კვერცხი შეიძინოთ და მიირთვათ.

კვერცხი სასურველია მაცივარში შეინახოთ.

მოხმარების წინ კვერცხი უნდა გაირეცხოს: სუფთა ნაჭუჭზეც კი ყოველთვის არის მიკროორგანიზმები, მათ შორის შესაძლოა პათოგენურებიც, რომლებიც გატეხვისას შესაძლოა კვერცხის ცილაში მოხვდეს.

სასურველია ყოველი კვერცხი ცალ-ცალკე ჭურჭელში გატეხოთ, რათა მისი ხარისხი შეამოწმოთ. ახალი, საღი კვერცხის ცილა მკვრივია, მისი საზღვარი კარგადაა გამოხატული და თეფშზე გადმოსხმისას ინარჩუნებს კვერცხის ფორმას, ხოლო გულს თითქმის ბურთის ფორმა აქვს. თუ კვერცხის ცილა თხევადია, ხოლო გული გაწელილია, ეს არც თუ ისე ახალი კვერცხია (თუმცა მისი საკვებად გამოყენება შესაძლებელია).

კვერცხი უნდა იხარშოს არანაკლებ 5 წუთი, რომ თავი დავიცვათ სალმონელოზისგან.

ნუ მოიხმართ კვერცხს, რომლის გატეხვისას აღმოაჩენთ, რომ:

  • კვერცხს ცუდი სუნი აქვს;
  • გული ნაჭუჭზე მიმხმარია;
  • ნაჭუჭის შიდა მხარეს ობი აქვს მოკიდებული;
  • კვერცხის გული მომწვანოა;
  • კვერცხის ცილა და გული ერთმანეთშია არეული;
  • კვერცხს სისხლიანი ჩანართები აქვს.

რა თქმა უნდა, თუკი აღმოაჩენთ, რომ კვერცხი ცუდია, მომავალში შეეცადეთ იგი სხვა მიმწოდებლისგან შეიძინოთ. თუმცა, ასევე კარგს იზამთ, თუკი აცნობებთ მაღაზიას იმის შესახებ, რომ მისი მოყიდული კვერცხი გაფუჭებული იყო - მისთვის ეს ნამდვილად ფასეული ინფორმაციაა. შეეცადეთ მაღაზიას დაუბრუნოთ იქ შეძენილი კვერცხი, თუკი ის გაფუჭებული აღმოჩნდა.

და ბოლოს, ნუ ჩადებთ ახალ კვერცხს ძველის შეფუთვაში, ვინაიდან ეს უკანასკნელი შესაძლოა სალმონელით იყოს დაბინძურებული. გამოიმუშავეთ ჩვევა: კვერცხების ერთჯერადი შეფუთვა დაცლისთანავე გადააგდეთ! მაცივარში კვერცხების ჩასადები უჯრა კი რეგულარულად გაწმინდეთ რაიმე ანტისეპტიკური ხსნარით.

ამ მასალის გამოყენებისას ვებსაიტის მითითება სავალდებულოა!




print version
17:39:29 2011-09-22

კომენტარის დამატება

თეო   21:43:29 2011-11-05  უპასუხე   
გუშინწინ მაღაზიაში ვიყიდე ,,კოდას" კვერცხი, შეფუთვის გარეშე, ცალობაში. მინდოდა მომეხარშა და თავდაპირველად, ადუღებიდან 5 წუთის ხარშვის შემდეგ ამოვიღე, მაგრამ მოუხარშავი აღმოჩნდა. გაფცქვნილი კვერცხი ისევ ჩავაბრუნე ქვაბში და დამატებით კიდევ ვხარშე, მაგრამ კვერცხის გული მაინც ისეთივე თხევადი დარჩა. ამის შემდეგ დარჩენილი კვერცხები ხელახლა ვხარშე უკვე მთელი ათი წუთის განმავლობაში, მაგრამ შედეგი იგივე მივიღე ანუ კვერცხი მაინც არ მოიხარშა ისე, როგორც საჭირო იყო.
რისი ბრალი შეიძლებოდა ეს ყოფილიყო და საერთოდ, რამდენ ხანს და როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი?
მამუკა   18:52:01 2016-03-04  უპასუხე   
კვერცხი კარგად რომ მოიხარშოს წყლის ადუღებიდან ზუსტად 20 წუთში უნდა გადმოდგა გაზქურიდან და შეგიძლია მშვიდად მიირთვა ,თუ რათქმაუნდა კარგი კვერცხი გაქვს ნაყიდი.
თამარ, CSRDG   12:03:24 2011-11-07  უპასუხე   
თეო კვერცხი უსაფრთხო რომ იყოს, ადუღებიდან 10 წუთი უნდა ხარშოთ. რაც შეეხება თქვენს შემთხვევას, ექსპერტებთან გავარკვევთ, რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო, რომ კვერცხი არ მოიხარშა. რაც არ უნდა გაფუჭებული ყოფილიყო კვერცხი შიგთავსი ხარშვის დროს მაინც უნდა შესქელებულიყო.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge