ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21
პურის სასარგებლო თვისებები
ცომეული, რჩევები, ჯანსაღი კვება,

ხორბლის პური მსოფლიო მრავალი ქვეყნის მოსახლეობის ძირითად საკვებს წარმოადგენს. იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება. პურის მოხმარების დღიური ნორმა ადამიანზე სხვადასხვა ქვეყნებში 150-დან 500 გრამამდე მერყეობს. პურის საშუალებით ადამიანი ღებულობს ნახშირწყლებს (40-52%), ცილებს (5-9%), მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა) და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია პური B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ასრულებენ ნერვულილი სისტემის რეგულატორების როლს და უზრუნველყოფენ სტრესისაგან დაცვას. გარდა ამისა, ხორბლის პურში შემავალი ცილები დიდი რაოდენობით შეიცავენ გლუტამინის მჟავას, რომელიც აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გამართულად მუშაობისთვის, აგრეთვე სწავლის უნარისა და მახსოვრობისთვის.

ნახშირწყლებიდან პური ძირითად სახამებელს და მცირე ოდენობით უჯრედანას შეიცავს. სახამებელი ადამიანისთვის ადვილად შეთვისებადი ნივთიერებაა. უჯრედანა კი პირიქით - ადამიანის ორგანიზმის მიერ არ შეითვისება, თუმცა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ის მაინც აუცილებელია. კერძოდ, უჯრედანა:

• აძლიერებს ნაწლავების პერესტალტიკას;
• ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას;
• დადებით როლს თამაშობს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზაციაში, თრგუნავს ლპობის პროცესებს;
• დადებით გავლენას ახდენს ლიპიდურ ცვლაზე, რომლის დარღვევამაც შესაძლებელია სიმსუქნემდე მიგვიყვანოს;
• ბოჭავს ნაღვლის მჟავებს;
• ხელს უწყობს მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოყვანას ორგანიზმიდან.

რაც მაღალია ფქვილის ხარისხი, მით მეტია მასში სახამებლის შემცველობა და ნაკლებია უჯრედანას შემცველობა. მაღალი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური რა თქმა უნდა უფრო ნოყიერია, მაგრამ უფრო დაბალი ბიოლოგიური ღირებულებით ხასიათდება, რადგან თითქმის არ შეიცავს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის ორგანიზმს უჯრედანაც სჭირდება: საკვებში უჯრედანას ან სხვა შეუთვისებადი ნახშირწყლების ნაკლებლობა კუჭნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და შესაძლოა სწორნაწლავის ავთვისებიანი სისმსივნის მიზეზიც კი გახდეს. ამიტომ, გირჩევთ, მხოლოდ ქათქათა თეთრი პურით ნუ იკვებებით.

გარდა ხორბლისა, პური ჭვავის ფქვილისგანაც ცხვება. გემრიელ პურს აცხობენ აგრეთვე ხორბლისა და ჭვავის ფქვილის ნარევისგან. ჭვავის პური ნაკლებად კალორიულია (100 გრამი ჭვავის პურის საშუალო ენერგეტიკული ღირებულებაა 190 კკალ, ხორბლის პურისა კი - 233 კკალ) და დიეტურ კვებაში გამოიყენება. გარდა ამისა, სხვადასხვა დაავადებების დროს დიეტოლოგები გვირჩევენ მივირთვათ ისეთი დამატებებით დამზადებული პური, როგორიცაა მაგალითად:
• ქატოს დამატებით დამზადებული პური _ შეკრულობის, სიმსუქნისა და ჭარბი წონის დროს;
• ცილების დამატებით დამზადებული პური, რეკომენდირებულია დიაბეტიკებისათვის;
• ლეციტინიანი პური _ ათეროსკლეროზის, ანემიის, ღვიძლის დაავადებებისა და სტრესით გამოწვეული შედეგების შემცირებისათვის არის რეკომენდებული;
• კვლიავის დამატებით დამზადებული პური _ კარგია შებერილობისა და მუცელშისიმძიმის დროს;
• იოდის შემცველი პური _ გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას;
• უმარილო და მცირემარილიანი პური – რეკომენდებულია თირკმელების, ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას. 

 

მასალის გამოყენებისას ვებ-გვერდის მითითება სავალდებულოა!




print version
17:27:42 2011-09-20

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge