ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21
როგორ ავირჩიოთ პური
რჩევები, ბურღულეული, ცომეული,

პურის სასარგებლო თვისებები

პურის შენახვის ვადა და პირობები
პურის შენახვა ორნაირად შეიძლება: ოთახის ტემპერატურაზე ან გაყინვით. ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC, ტენიანობა არა უმეტეს 75%) შეუფუთავი პურის შენახვის ვადაა 36 საათი, ხოლო პოლიმერულ აპკში შეფუთული პურის _ 72 საათი. პურის გაყინვის შემთხვევაში იგი აუცილებლად პოლიმერულ აპკში შეფუთული უნდა იყოს. გაყინული პურის შენახვა რამოდენიმე თვე შეიძლება. გალღობის შემდეგ იგი თავის თვისებებს აღიდგენს. თუმცა, რა თმა უნდა, გემოთი და სუნით იგი ახალ გამომცხვარ პურს ვერ შეედრება.

ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას პური თანდათან ხმება, შრება და ძველდება: რბილობი მაგრდება, კანი რბილდება და ხანდახან ნაოჭდება კიდეც (განსაკუთრებით, თუკი მისი საწყისი ტენიანობა სტანდარტულზე უფრო მაღალი იყო). პური ხდება ფშვნადი, მცირდება ახალი პურისათვის დამახასიათებელი გემო და არომატი. ამიტომ, ყველას ახალი პური გვიყვარს.

ზოგჯერ დიეტოლოგები ”გუშინდელი პურის” ჭამას გვირჩევენ. ეს იმიტომ, რომ ახალი პური გემრიელი კი არის, მაგრამ ვინაიდან ძალზე რბილია, ღეჭვისას იცომება, კოშტდება და კუჭ-ნაწლავში ძნელად გადამუშავდება (რაც არასასურველია კოლიტის დროს). ამავე დროს ახალი პური კუჭის წვენის ინტენსიურ გამოყოფას იწვევს (რაც გასტრიტის დროს არასასურველია). ასე რომ, თუ თქვენ გსურთ დაინდოთ თქვენი კუჭ-ნაწლავი, ”გუშინდელი პური” საუკეთესო გამოსავალია.

როგორ ავირჩიოთ კარგი პური
პურის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • კარგად გამომცხვარი პური ელასტიურია, თითის მსუბუქად დაჭერით იგი ჩაიზნიქება და შემდგომ მალევე უბრუნდება საწყის ფორმას;
  • პურის კანი უნდა წარმოადგენდეს ხრაკუნა, პრიალა, ოდნავ ამობურცულ, თანაბარ ზედაპირს, ნახეთქების გარეშე;
  • პურის გემო და სუნი უნდა იყოს დამახასიათებელი სახეობისათვის, არ უნდა აღინიშნებოდეს უცხო სუნი და გემო;
  • პურის ფერი უნდა იყოს სახეობისათვის დამახასიათებელი, მაგალითად ჭვავისა და ჭვავ-ხორბლის პურის კანს აქვს ყავისფერი პრიალა ზედაპირი.
  • პური ჯობს აირჩიოთ შეფუთული - ნაკლებია მისი დაბინძურების შანსი მაღაზიამდე ტრანსპორტირებისას, აგრეთვე თავად მაღაზიაშიც. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მისი ზედაპირი გარანტირებულად უფრო სუფთაა, ვიდრე შეუფუთავი პურის. თუმცა, თუ შეფუთულ პურს აწერია, რომ მისი შენახვის ვადა 7-14 დღეა, ასეთ პროდუქტს ნუ შეიძენთ _ ასეთ პურში აუცილებლად დამატებული იქნება ქიმიური კონსერვანტები, რომელსაც რაც ნაკლებს მიირთმევთ, უკეთესია.
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ პური არ იყოს დასვრილი, დამწვარი ან პირიქით, ზედმეტად თეთრი, გამოუმცხვარი, ან ჩავარდნილი. განსაკუთრებით არასასურველია დამწვარი ზედაპირი, რადგან იგი შესაძლებელია კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავდეს;

სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ხშირია უხარისხო პურის ნაწარმი, რომელიც იმისათვის, რომ მაღალხარისხიანი პურივით გამოიყურებოდეს სხვადასხვა დანამატებით არის "გამდიდრებული". ცხადია, ასეთი პურის კვებითი ღირებულება დაბალია, მას არც კარგი პურის გემო და ელასტიურობა გააჩნია. და რაც ყველაზე ცუდია - იგი შეიცავს პურისთვის უცხო ქიმიურ დანამატებს. ეს დანამატები, როგორც წესი, მცირე ოდენობით მავნე არ არის, მაგრამ ვინაიდან პურს საკმაოდ ბევრს ვჭამთ, საბოლოო ჯამში ამ ”ქიმიასაც” დიდი რაოდენობით ვიღებთ, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის კარგი ნამდვილად არ არის. ამიტომ გირჩევთ არ შეიძინოთ პურის ასეთი გაყალბებული ნაწარმი. მათ გამოსავლენად ეს მითითებები გამოგადგებათ:

  • თუ პურის რბილობი ქათქათა თეთრია, პური კი სრულებით უგემურია - ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პური თეთრი (უმაღლესი ხარისხის) ფქვილისგან კი არა , არამედ შედარებით მდარე ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი, რომელიც ქიმიურად არის გათეთრებული. სამწუხაროდ, მათეთრებლად ზოგჯერ საკმაოდ მავნე, კანცეროგენურ ნივთიერებებს იყენებენ. ამიტომ შეეცადეთ ასეთი პური არ შეიძინოთ;
  • თუ ახალგამომცხვარი პურის რბილობი იფშვნება, ეს როგორც წესი იმის მაჩვენებელია, რომ ფქვილი ძალზე დაბალი, არაპურსაცხობი ხარისხის იყო (სავარაუდოდ, საფურაჟე) და მისგან რომ პური გამოსულიყო, მეწარმემ ცომში სხვადასხვა სახის საკვები დანამატები შეიტანა. მოერიდეთ ამ მწარმოებლის პროდუქციას.
  • თუკი პურის რბილობში თანაბარი, მცირე ფორების ნაცვლად დიდი სიცარიელეებია, ეს ნიშნავს, რომ პური ზედმეტად გაფუებულია, ანუ ცომში გადამეტებული რაოდენობით დაუმატეს საფუარი, ან ქიმიური გამაფუებლები. არც ერთი და არც მეორე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. ამიტომ ასეთ პურსაც მოერიდეთ;
  • რუხ და შავ პურში ხშირად ჭვავის ფქვილის ნაცვლად მუქი ფერის საღებავია დამატებული. ამ ფალსიფიკაციის გამოვლენა საკმაოდ იოლია: ჩაფშხვენით პური წყალში და შეანჯღრიეთ. თუ წყალს მოყავისფრო (ჩაის ფერის) ფერი მიეცა, ეს პური შეღებილია;
  • თუკი პურში მაგარი კოშტები შეგხვდათ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ეკონომიის მიზნით მეწარმემ სრულიად დაუშვებელი ტექნოლოგია გამოიყენა: ცომში ძველი პურის დამბალი რბილობი შეაზილა და ისე გამოაცხო.

არის შემთხვევები, როცა ბაზარზე გასაყიდად გამოაქვთ კარტოფილის და თივის ჩხირით დასნებოვნებული ფქვილისგან გამომცხვარი პური. ასეთი პური შენახვისას მძაღე გემოს და სუნს იძენს, კონსისტენცია კი სველი და წებოვანი ხდება. არ იხმაროთ ასეთი პური! დაიმახსოვრეთ საცხობის დასახელება და მოერიდეთ მათ ნაწარმს (დიდია ალბათობა რომ მთელი მათი ნაწარმი დაავადებული ფქვილისაგან იწარმოება)! კარგს იზამთ, თუ მაღაზიასაც აცნობებთ იმის შესახებ, რომ პური კარტოფილის ჩხირით არის დაავადებული - მაღაზია ვალდებულია ასეთი პური გაყიდვიდან ამოიღოს და დახლი და თაროები, სადაც ასეთი პური იდო, საგულდაგულოდ გარეცხოს

დაიმახსოვრეთ: საღი პური დაძველებისას წებოვანი არ ხდება! მას შეიძლება ობი მოეკიდოს, მაგრამ რბილობი წებოვანი არ უნდა გახდეს! პურის წებოვნების მიზეზი მხოლოდ მისი დასნევოვნება შეიძლება იყოს! მოერიდეთ საცხობს, რომლის პური დაძველებისას წებოვანი ხდება!

პურის შენახვა სახლში:

  • თუ შეუფუთავი პური შეიძინეთ, გირჩევთ, სანამ მოიხმართ, ცეცხლის ალზე გადაატაროთ - სამწუხაროდ არ არის გამორიცხული, რომ პურისთვის მაღაზიაში ან გადაზიდვისას ჭუჭყიანი ხელი  მოეკიდათ, ცეცხლით მოწვა კი პურის კანზე შერჩენილ ბაქტერიებს უცბად გაანადგურებს.
  • არ შეინახოთ პური პოლიეთილენის პარკში. პურიდან აორთქლებული წყლის ხარჯზე პარკში წარმოიქმნება მაღალი ტენიანობა, რაც დაობებას უწყობს ხელს;
  • პური შეინახეთ ხის, ემალის ან სპეციალურ ”საპურე” კონტეინერში. კვირაში ან 10 დღეში ერთხელ მაინც პურის შესანახი გარეცხეთ თბილი ძმრიანი წყლით და გააშრეთ;
  • იმისათვის, რომ პურის შესანახ ჭურჭელში ობი არ წარმოიქმნას:
    • ჩადეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში გახვეული მდოგვის ფხვნილი;
    • ჩადეთ მარილი, რომელსაც დატენიანებისთანავე გამოცვლით;
    • ჩადეთ რამდენიმე ტაბლეტი ნახშირი, რომელიც ასევე შთანთქავს ტენსა და უცხო სუნს.
  • არ შეინახოთ ერთად ხორბლის და ჭვავის პური. ჭვავის პურის ტენიანობა უფრო მაღალია და შესაბამისად იგი უფრო სწრაფად ობდება;
  • გაითვალისწინეთ, მაცივარში პური უფრო სწრაფად ძველდება, ვიდრე გარეთ. თუ პურს მაცივარში ინახავთ, ჯობს შეინახოთ საყინულეში. გალღობის შემდეგ პური აღიდგენს ახლის თვისებებს.

 

ამ მასალის გამოყენების შემთხვევაში ვებ-გვერდის მითითება სავალდებულოა!




print version
19:40:31 2012-10-09

კომენტარის დამატება

tea sokhadze   17:47:17 2015-06-30  უპასუხე   
გამარჯობათ, მაინტერესებს, თუ შეგიმოწმებიათ რომელიმე ფირმის პური, და რომლში არ იყო მავნე დანამატები იქნებ მოგვწეროთ. მე ვიყენებ იფქლის დაჭრილ პურს. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ პურის შესახებ. ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც ამ პურს მიირთმევენ, ამიტომ ძალიან მაინტერესებს. წინაწარ გიხდით მადლობას.
თამარ, CSRDG   21:45:44 2015-06-30  უპასუხე   
თეა სამწუხაროდ პურში დანამატები არ მოწმდება. პრინციპში არც არაფერი მოწმდება პურში კარტოფილის დაავადების გარდა

natia   17:15:48 2011-10-18  უპასუხე   
ძალიან მიყვარს ,,მარგის" რუხი პური,ამ საწარმოს ლავაშიც. გემრიელი ნამდვილად არის, მაგრამ ხშირად ძალიან ნასვრეტებიანი და ამოფუებულია. მაინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებს ეს პური სტანდარტებს.
ლია, CSRDG   17:24:02 2011-10-18  უპასუხე   
ნათია, იქნებ დააკონკრეტოთ, რომელ მაღაზიაში ყიდულობთ ამ პურს? და უმჯობესი ხომ არ იქნებოდა კონკრეტულად მაშინ შევამოწმოთ, როდესაც თქვენ ეს კონკრეტული პური ძალიან ნასვრეტებიანი და ამოფუებული შეგხვდებათ? იმიტომ რომ ხვალ შეიძლება კარგი იყოს და ზეგ - აი ისეთი, თქვენ რომ არ მოგწონთ. ყოველდღე კი ვერ შევამოწმებთ.

ამიტომ ვითხოვთ, რომ მომხმარებლებმა თავიანთი პრეტენზია ყოველთვის დააკონკრეტონ (რა, სად და როდის).

iti-iti   04:50:21 2011-09-16  უპასუხე   
პირადად მე მიყვარს დაძველებული პური, განსაკუთრებით წვნიან კერძებთან. ანუ შემიძლია ვჭამო არამხოლოდ ,,წინა დღის" პური, როგორც თქვენ წერთ, არამედ ორი-სამი დღის პური, თუ ის სუფთად ინახება და დაობებული არ არის.
რამდენად უსაფრთხოა ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის?
ლია, CSRDG   09:10:35 2011-09-18  უპასუხე   
თუ პური ობიანი არ არის და უბრალოდ გამომშრალია, თქვენი ჯანმრთელობისთვის პირიქით სასარგებლოც არის.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge