ბოლო ცვლილებები

ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები
კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ბეჭდური პუბლიკაციები
ვიდეო #1 - გაფუჭებული სარეცხის მანქანა და საგარანტიო ხელშეკრულება
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
საინფორმაციო შეხვედრა რუსთავსა და მარნეულში
იმერული სახაჭაპურე
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი"

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მონიტორინგის ფარგლებში, 2019 წლის 13 მარტს გამოვითხოვეთ ინფორმაცია (წერილის დანართი) რიგ საკითხებზე, რომლებიც ეხება სურსათის ტყვიით დაბინძურების წყაროების გამოვლენას, სეს-ის რეაგირებას მავნე პროდუქტების გამოვლენისა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის შემთხვევებში. 27 მარტს მიღებული პასუხიდან ირკვევა შემდეგი:

  • კვლავ პრობლემად რჩება სურსათის ტყვიით დაბინძურების წყაროების გამოვლენა. 2018 წელს სეს-ის მიერ სუნელებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის შემთხვევებიდან, დაბინძურების წყაროები არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. თუმცა, ერთ შემთხვევაში სეს-მა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა და საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადასცა, რაც მომავალში არ გამორიცხავს დაბინძურების წყაროების გამოვლენას.
  • იმ შემთხვევებში, როდესაც სეს სურსათში მავნე ნივთიერებების ნორმების გადამეტებას ავლენს, საქმეებს ავტომატურად არ გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ ასეთ გადაწყვეტილებებს „საფრთხის პროპორციულად“ იღებს. 2018 წლის ნოემბერში ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევის ანგარიში „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის“. კვლევის ერთ-ერთი დასკვნა ის იყო, რომ სეს-ის მიერ გადაწყვეტილებების მიღება სამართალდამცავი ორგანოებისადმი საქმეების გადაგზავნასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული პროცესია. ხოლო სეს-ის ზედამხედველი უწყებები (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური) ამ პროცესის მონიტორინგს არ ახდენენ. სეს-ის 27 მარტის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემდგომი უწყებების მიერ ასეთი მონიტორინგის საჭიროებას.
  • რძის ნაწარმის დასახელებით მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტის გაყიდვას (რაც იკრძალება  რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით) სეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულად არ განიხილავს და ასეთი შემთხვევების შესახებ სამართალდამცავ უწყებებს არ მიმართავს. ასეთ შემთხვევებს სეს მხოლოდ ეტიკეტირების წესების დარღვევად თვლის და შესაბამისად აჯარიმებს კანონდამრღვევებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ჯერჯერობით არა გვაქვს ჩამოყალიბებული და იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ გამოვაცხადებთ.
  • მავნე პროდუქტების გამოვლენისას, რიგ შემთხვევებში სეს საკმაო დაგვიანებით უგზავნის შეტყობინებებს მეწარმეებს პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის უზრუნველსაყოფად. ლაბორატორიული დასკვნის მიღების შემდეგ 8 შემთხვევიდან  2-ში მეწარმესთან შეტყობინება გაიგზავნა 4 დღის, ხოლო 4 შემთხვევაში - 9 დღის შემდეგ. როდესაც პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის საჭიროება დგება, ბიზნესოპერატორს შეტყობინება დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს და ასეთი დაგვიანება გაუმართლებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეს თავის სამომავლო საქმიანობაში ეცდება ამ ხარვეზის აღმოფხვრას. აღნიშნულ პრობლემაზე და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით კვლავ მივმართეთ სეს-ს და პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

---------

11 აპრილს სეს-ისაგან მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია  (დანართი) სუნელებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენასთან დაკავშირებით. სეს-ის წერილიდან ირკვევა, რომ 8-დან 5 შემთხვევაში ლაბორატორიაში შემოწმებული პარტიები რეალიზატორებთან უკვე ვეღარ იქნა მიკვლეული, ხოლო სუნელის ერთი მწარმოებელი საერთოდ ვერ მოიძებნა. ანუ ტყვიით დაბინძურებული ნიმუშები უკვე გაყიდული იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აუცილებელია სეს-მა სურსათის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევების გამოვლენისას მოსახლეობისათვის გაფრთხილებები გაავრცელოს, ხოლო მეწარმეებს დაბინძურებული პარტიების მომხმარებლებისაგან გამოთხოვა დაავალოს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სეს-ის მიერ 2017 წ. განხორციელებული მონიტორინგის შედეგადაც აღმოჩნდა ტყვიის გადამეტებული ოდენობა შემდეგი მეწარმეების მიერ რეალიზებულ სუნელებში: გიგა შარანგია, მადონა თოდუა, ზაქრო კახაძე.

ყველაზე დიდ გაურკვევლობად რჩება სუნელების ტყვიით დაბინძურების წყაროები. სეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევებში, ტყვიით დაბინძურებელი სუნელების საწყისი მიმწოდებელი იყო შპს „ჯეო“ - ქართული და უცხოური სუნელების ყველაზე დიდი დისტრიბუტორი საქართველოში. თუმცა, თავად „ჯეო“-ში აღებულ ნიმუშებში ტყვიის გადამეტებული ოდენობა 2018 წელს არ გამოვლენილა. ამგვარად, გაუგებარი რჩება, თუ საიდან მოხვდა ტყვია სუნელებში.

მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, ჩვენ კიდევ რიგი საკითხების დაზუსტება გვჭირდება სეს-თან. რისთვისაც ამ უწყებას კვლავ მივმართავთ და მიღებულ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ.

---------

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შემდგომი მიმოწერის შედეგად, ერთი საგულისხმო ფაქტი გაირკვა. სს „ფუდმარტში“ (მის: თბილისი, ჩანტლაძის N40) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიით დაბინძურებული, გასანადგურებლად განკუთვნილი, დალუქული სურსათი (სვანური მარილი, 27 ცალი, მწარმოებელი შპს „ოლო“) ვეღარ აღმოაჩინა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით.

სს „ფუდმარტის“ წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებით, ამ უკანასნელმა დაბინძურებული სურსათის პარტია დაუბრუნა მწარმოებელს, რომელიც სააგენტოს მიერ ვერცერთ მისამართზე ვერ იქნა მოძიებული. ამის გამო საკითხი სამართალდამცავებს გადაეცა.

სააგენტოსთან ხანგრძლივი მიმოწერის მიუხედავად, მაინც გაურკვეველი რჩება, თუ რა ქმედებები განახორციელა ამ უწყებამ ი.მ. „მალხაზ კახაძესთან“ და შპს „iProduct“-ში აღმოჩენილი სურსათის ტყვიით დაბინძურების წყაროების მისაკვლევად. ამ საკითხს ისევ ვარკვევთ.

---------

ზემოაღნიშნული საკითხის გასარკვევად, 6 მაისს მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. 13 მაისს გამოგზავნილი პასუხით სააგენტომ გვაცნობა ი.მ. „მალხაზ კახაძის“ შემთხვევასთან დაკავშირებით განხორციელებული მიკვლევადობის შესახებ. 

თუმცა, კვლავ გაურკვეველი რჩება რამ შუშალა ხელი შპს „iProduct“-ში აღმოჩენილი სუნელების ტყვიით დაბინძურების წყაროების მიკვლევას. ამის თაობაზე 16 მაისს კიდევ ერთხელ მივმართეთ სააგენტოს.

---------

დიდი დაგვიანების შემდეგ, 2019 წლის 24 ივნისს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განგვიმარტა, თუ რატომ ვერ მოხერხდა შპს „iProduct“-ში აღმოჩენილი სუნელების ტყვიით დაბინძურების წყაროების მიკვლევა. კერძოდ, ი.მ. „ნანა ფალიანს“, რომელმაც სუნელები „iProduct“-ს მიაწოდა, თავის მხრივ, ეს პროდუქცია ბაზარზე, ფიზიკური პირებისაგან ჰქონდა შეძენილი. ამ პირთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან ისინი სუნელ-სანელებლების რეალიზაციას აღარ ახორციელებენ.  




print version
14:36:09 2019-03-28

კომენტარის დამატება

ეკა   15:48:55 2019-05-06  უპასუხე   
ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ მოუგვარებელი რჩება სუნელებში ტყვიის შემცველობისა და რძის ნაწარმის სახელით მცენარეული ცხიმის პროდუქტის გაყიდვების საკითხი. ისედაც სასაცილო სანქციებია გათვალისწინებული კანონმდებლობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიშ შეუსაბამობებზე და ამ დროს დანაშაულად არ განიხილება თურმე ასეთი მნიშვნელოვანი დარღვევები. იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი მხრიდან მაინც იქნება სათანადო ზეწოლა განხორციელებული.





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge