ბოლო ცვლილებები

მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე
წარმატების ამბავი - სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრის ხელშეკრულება
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
კარფურში შეძენილი ასაწონი „ხაჭო 4%“
მუქი ქიშმიში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის კონტროლის შედეგები
შვრიის ფანტელი HAHNE
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები

ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
არასასურველი ნივთიერებები სურსათში,

ჩვენი საიტის მკითხველებისათვის ცნობილია სურსათის ტყვიით დაბინძურების პრობლემის შესახებ. ამ საკითხს შარშან განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ და რამდენიმე ღონისძიება განვახორციელეთ. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ მძიმე პრობლემაა და სურსათის გარდა, დაბინძურების სხვა წყაროებიც არსებობს, რაც ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. ამიტომ საზოგადოების მეტი აქტიურობაა საჭირო იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. 

ამ საკითხისადმი საზოგადოების დიდი დაინტერესისა და აქტიურობის ერთ-ერთი შედეგია ის, რომ მიმდინარე წლის ივლისში სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მოამზადა „სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიში“, რომელიც, მოიცავს რეკომენდაციებს რამდენიმე სახელმწიფო უწყების, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისამართით. ჩვენ წერილი გავუგზავნეთ სამინისტროს იმის გასარკვევად, თუ რა ზომებს მიმართა ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად. 

სამინისტროს პასუხს აქვე გამოვაქვეყნებთ და სხვა შესაბამის უწყებებსაც მოგვიანებით მივმართავთ.

-------

ზემოაღნიშნული ანგარიში რეკომენდაციებით მიმართავდა, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ჩვენ წერილობით მივმართეთ ორივე უწყებას (წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოს) იმის გასარკვევად, თუ რა ზომებს მიმართეს ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად. 

-------

7 ნოემბერს მივიღეთ პასუხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ისედაც ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ იყო რეკომენდებული. კერძოდ:

  • სამინისტროს თხოვნით, გაეროს ბავშვთა ფონდი, ახორციელებს მრავალინდიკატორულ პოპულაციურ კვლევას, რომელსაც ტყვიის მოდული დაემატა. ეს გულისხმობს ვენური სისხლის აღებას 2-7 წლის ბავშვებში. კვლევა დაიწყო 25 სექტემბერიდან და გაგრძელდება წლის ბოლომდე. კვლევა ჩატარდება საქართველოს ათივე რეგიონში და საქსტატის წარმომადგენლები ესტუმრებიან როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში 14,000-ზე მეტ შინამეურნეობას. კვლევის შედეგები ცნობილი გახდება გაზაფხულზე. ამ მტკიცებულებებზე დაფუძნებით საქართველოს მთავრობას წარედგინება წინადადებები შესაბამისი პრევენციული, საკანონმდებლო და სხვა სახის ინტერვენციების თაობაზე.
  • გარდა ამისა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკური ცენტრების და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და
    საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წლიდან ხორციელდება ნუტრიციული ზედამხედველობა ბავშვებსა და ორსულებში, სხვადასხვა კომპონენტზე. 2019 წლიდან ზედამხედველობას დაემატება სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრის
    კომპონენტიც.
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მუდმივად ხორციელდება ტყვიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და ტყვიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა, ტარდება სამუშაო შეხვედრები, მრგვალი მაგიდები ექიმებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, და სხვ. 

სამინისტროდან მიღებული პასუხიდან ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა ნუტრიციული ზედამხედველობის მასშტაბები და ამის დასაზუსტებლად კვლავ მივმართეთ ამ უწყებას. 

ამასთანავე, მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს იმის გასარკვევად, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელია მისთვის სამინისტროს ზემოაღნიშნული პასუხი. 

-------

19 ნოემბერს პასუხი მივიღეთ სურსათის ეროვნული სააგენტოდან (სეს), რომლის მიხედვითაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება 2019 წლის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ საკითხს და საზოგადოებას ვაცნობებთ ამის შესახებ.

ასევე, 19 ნოემბერს მივიღეთ პასუხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, რომლის მიხედვითაც სამინისტრო რელევანტურად არ თვლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რეკომენდაციას, კერძოდ, „განხორციელდეს ცენტრალურ საავტომობილო ტრასებთან მომიჯნავე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის სანიტარიული დაცვის ზონების საჭიროების შეფასება, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის ქიმიური, ტოქსიური ელემენტებით კონტამინაციის პრევენციის მიზნით.“ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივმართეთ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს იმის გასარკვევად, თუ რა ზომების მიღებას აპირებს ცენტრი ამ რეკომენდაციის შესასრულებლად.

20 ნოემბერს მივიღეთ პასუხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, რომლის მიხედვითაც პროექტის „მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში 2019 წლისთვის დაგეგმილია ბავშვთა კონტინგენტის (ასაკი - 2-5 წელი) კვლევა ტყვიაზე. გამოკვლეული იქნება 480 ბავშვის სისხლი საქართველოს 4 რეგიონში, პროექტის მიხედვით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში (თბილისი, კახეთი/ლაგოდეხი, აჭარა/ბათუმი, სამეგრელო/მარტვილი), 120 ბავშვი თითოეულ რეგიონში.

-------

30 ნოემბერს მივიღეთ პასუხი (დანართი) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ცენტრი არ აპირებს რაიმე ღონისძიებას მიმართოს იმისათვის, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შეასრულონ და ამ კუთხით მთელ პასუხისმგებლობას თავად ამ უწყებებს აკისრებს. ცენტრმა არც ის განმარტა, ეთანხმება, თუ არა სამინისტროების ზემოთ აღწერილ პოზიციებს.

ამგვარად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანგარიშის შედეგად არ იკვეთება რაიმე ცვლილებები სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ტყვიის უარყოფითი ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დასაცავად. ველით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს განხორციელებულ ღონისძიებებს და ადამიანების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევებს (რაზეც ზემოთ აღვნიშნეთ), რისი შედეგებიც, ასევე, მომავალ წელს უნდა გახდეს ცნობილი.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით სათანადოდ ვერ უპირისპირდება ამ გამოწვევას. ამიტომაც საჭიროა საზოგადოების მეტი აქტიურობა, რათა პრობლემა ხელისუფლების პრიორიტეტებს შორის უფრო მაღლა დადგეს.

ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ ამ საკითხის ადვოკატირებას. 




print version
09:35:34 2018-10-25

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge