ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ეტიკეტი, კანონმდებლობა, წესები,

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას, რათა ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ამოქმედების ვადამ 2019 წლის 1 მარტამდე გადაიწიოს. აღსანიშნავია, რომ მოცემული რეგლამენტი ჯერ კიდევ 2016 წლის 1 ივლისს დამტკიცდა და მისი ამოქმედების ვადად მხოლოდ 2018 წლის 1 სექტემბერი განისაზღვრა. რეგლამენტი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში იქნა მიღებული. მისი მიზანია გააუმჯობესოს და, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, მოაწესრიგოს სურსათის ეტიკეტირება და, მთლიანობაში, სურსათის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება, რათა მომხმარებელმა უკეთ შეძლოს საკუთარი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა.

რეგლამენტის ამოქმედების 2-წლიანი ვადის დაწესება თავის დროზე სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მეწარმეებს საკმარისი დრო ჰქონოდათ მისი მოთხოვნებისათვის მოსამზადებლად. ასეთი ხანგრძლივი ვადის მიუხედავად, რეგლამენტის შემდგომი გადავადების ერთადერთ არგუმენტად სამინისტროს მიერ მომზადებული „განმარტებითი ბარათი“ ასახელებს იმას, რომ საქართველოში მოქმედი დიდი სასურსათო სავაჭრო ქსელების მხრიდან „შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა“ რეგლამენტის ამოქმედებისათვის მოსამზადებლად და გადავადებულ პერიოდში აღნიშნული ქსელების წარმომადგენლები გეგმავენ მათი მომწოდებლებისათვის ტრეინინგების გამართვას.

გადავადების მოთხოვნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის 2017 წლის ერთობლივი წერილით შემდეგ კომპანიებს მიუმართავთ: სს „გუდვილი“, შპს „ფუდმარტი“, შპს „არბო“, სს „ნიკორა“, შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარჯეტს ჯორჯია“ (ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“), „ვისოლ-ჯგუფი“ (სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“), შპს „აგროჰაბი“, შპს „ფრესკო ნიუ სტანდარტს“, რასაც სამინისტრო შესაშური ოპერატიულობით გამოეხმაურა და რეგლამენტის გადავადების თაობაზე სამთავრობო დადგენილების პროექტი მოამზადა.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი მსგავსი პრეცედენტი. მიღებული ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადების გადავადებამ უკვე ტენდენციის ხასიათი მიიღო და ეს სწორედ იმის მომიზეზებით ხდება, რომ მეწარმეები ცვლილებებისათვის მზად არ არიან.

ხელისუფლების მხრიდან ასეთი მიდგომა არ შეესაბამება როგორც, ზოგადად ბიზნესის, ისე მომხმარებლის ინტერესებს. ეს ახდენს კანონისადმი დაუმორჩილებლობის წახალისებას, თავად მეწარმეებისათვის ართულებს ახალი მოთხოვნების ამოქმედების რეალური ვადების პროგნოზირებას და ამცირებს მათ მოტივაციას დროულად მოემზადონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნებისათვის. ხოლო იმ მეწარმეებს, რომლებმაც დროულად გაიღეს ხარჯები ახალი რეგულაციებისათვის მოსამზადებლად, არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს, მათთან შედარებით, ვინც უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

რაც მთავარია, ასეთი მიდგომა აზარალებს მთელი საქართველოს მოსახლეობის -- მომხმარებლების ინტერესებს და იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის, მომხმარებლის, მოქალაქის უფლებები და ინტერესები კვლავ მეორეხარისხოვანია, ბიზნესის ინტერესებთან შედარებით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერად მაინც გადახედავს თავის მიდგომას ბიზნესისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროების რეგულირების კუთხით, და თანმიმდევრული იქნება ევროინტეგრაციის მიმართულებით გრძელვადიანი რეფორმების განხორციელებაში, რისი უმთავრესი მიზანიც ჯანსაღი ეკონომიკის განვითარება უნდა იყოს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი იქნება და მომხმარებლის, ადამიანის ინტერესებს მოემსახურება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, წერილით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

--------

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ამჯერადაც არ გაითვალისწინა მომხმარებელთა ინტერესები და ზემოაღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 2019 წლის 1 მარტამდე გადასწია.




print version
17:57:07 2018-08-14

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge