ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სურსათის კოდექსის შეცვლის რეკომენდაცია

2012 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი ახალი კანონი მიიღო: ”სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი”. არასამთავრობო ორგანიზაციათა ძალისხმევით კოდექსის მიღებამდე მასში შევიდა ცვლილება, რომელმაც შესაძლებელი გახადა მომხმარებელთა საჩივრების პასუხად სახელმწიფოს მიერ მეწარმის არაგეგმური შემოწმება განხორციელდეს. თუმცა ამ შესაძლებლობას პირობად დაერთო საკმაოდ დრაკონული მოთხოვნები (მომხმარებელი აუცილებლად უნდა მოიწამლოს - ექიმის ცნობა უნდა არსებობდეს ამის შესახებ) და გარდა ამისა ისეთი პირობები, რომელთა შესრულება მომხმარებლისთვის არა მხოლოდ რთულია (მაგალითად, კანონი ითხოვს, რომ მომხმარებელმა განცხადებასთან ერთად სააგენტოში წარადგინოს სურსათის გამოკვლევის თაობაზე ლაბორატორიული დასკვნა), არამედ უბრალოდ შეუძლებელიცაა (კანონი ითხოვს, რომ ლაბორატორიულად შესამოწმებელი სურსათის ნიმუში აღებული იყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით. არადა კანონის მიხედვით, ამ წესით ნიმუშის აღების უფლება მხოლოდ თავად სააგენტოს ან მის მიერ დანიშნული მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს აქვს).

თუკი კანონი შეუძლებელ პირობებს აყენებს, როგორ უნდა შეასრულოს ისინი მომხმარებელმა? - ვერანაირად. და დღესდღეობით სწორედ ამ ”ფინტს” იყენებს სააგენტო, როდესაც ჩვენს მიერ აღმოჩენილ მავნე სურსათის შესახებ ინფორმაციის პასუხად მეწარმის არაგეგმურ შემოწმებაზე უარს ამბობს. ამ საიტზე სააგენტოს ოცამდე ასეთ წერილს იხილავთ.

იმისათვის, რომ მომხმარებელთა საჩივრებზე სააგენტოს რეაგირება რეალურად შესაძლებელი გახდეს, საჭიროა კანონში მთელი რიგი შესწორებების შეტანა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს ასეთი ცვლილებების კონკრეტული წინადადება და პარლამენტს წარუდგინეს.

ამ ინიციატივაზე პარლამენტის რეაგირების შესახებ აქ გაცნობებთ.




print version
14:47:39 2012-11-28

კომენტარის დამატება

თამუნა კაკულია   14:08:09 2012-07-04  უპასუხე   
მეც აუცილებად მივწერ წერილს. მადლობა! გვიგულეთ თქვენს გვერდით!
ლია, CSRDG   18:05:14 2012-07-05  უპასუხე   
მადლობთ

Mikheil Kalandadze   14:29:13 2012-07-03  უპასუხე   
მომხმარებელი რითი შეგვილია დაგეხმაროთ?
ლია, CSRDG   14:38:37 2012-07-03  უპასუხე   
კარგი იქნებოდა, წერილს თუ მისწერთ პარლამენტს და მთავრობას იმის თაობაზე, რომ თუნდაც მარტო ამ საიტის მონაცემებით აშკარაა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არ რეაგირებს მომხმარებლების და მათი დამცველი ორგანიზაციების საჩივრებზე (მათ შორის ლაბორატორიული დასკვნებით დასაბუთებულ საჩივრებზე). და რომ ეს მიუღებელია. რომ აუცილებელია კანონმდებლობა შეიცვალოს ისე, რომ ასეთ საჩივრებზე რეაგირება სავალდებულო გახდეს.
Mikheil Kalandadze   16:35:03 2012-07-03  უპასუხე   
მივწერ, ოღონდ დამაკვალიანეთ ეს ელექტრონულად უნდა გავაკეთო თუ ქაღალდზე?

ორივე შემთხვევაში მინდა ინფორმაციას ათ და როგორ გავაგზავნო.
ლია, CSRDG   09:12:13 2012-07-04  უპასუხე   
წერილი უნდა გაკეთდეს ქაღალდზე, ჯობია დაიბეჭდოს. იწერება ასე:
ზემოთ მარცხნივ: საქართველოს მთავრობას (ან საქართველოს პარლამენტს)
მოქალაქის ....
მცხოვრები ...
საკონტაქტო ტელეფონი ....

მერე შუაში:
განცხადება

მერე აბზაცით:

მოგმართავთ იმასთან დაკავშირებით, რომ..... (აქ აღიწერება საქმის/საკითხის გარემოებები,მაგალითად, რომ ამა და ამ საიტზე აღეწრილია გაყიდვაში არსებული სურსათის უვნებლობის დარღვევების კონკრეტული ფაქტები და გამოქვეყნებული წერილებიდან ირკვევა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანო (სურსათის ეროვნული სააგენტო) ამ ინფორმაციაზე არ რეაგირებს, რაც იმას ნიშნავს რომ აღმოჩენილი მავნე პროდუქტი კვლავ თავისუფლად იყიდება და მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. რომ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს მიუღებელია ... და ა.შ.)

მერე აბზაცით:
გთხოვთ მოსთხოვოთ სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელ ორგანოს, მიიღოს დაუყოვნებელი ზომები მომხმარებლებისა და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციების მიერ აღმოჩენილი სურსათის უვნებლობის ფაქტების აღმოსაფხვრელად. (პარლამენტის წერილში დამატებით შეიძლება ჩაწეროთ: გთხოვთ დახვეწოთ მოქმედი კანონმდებლობა ისე, რომ სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო ვალდებული იყოს მომხმარებელთა და მათი ინტერესების დამცველ ორგანიზაციათა მიერ აღმოცენილ ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირება იქონიოს.)

ხელმოწერა
თარიღი

ეს წერილი უნდა ჩაბარდეს მთარობის კანცელარიაში (ინგოროყვას 7, თავისუფლების მეტროს უკან). თუ წერილი პარლამენტზეა - პარლამენტში. ორივე უწყებას მისაღებში აქვს წერილების მიღების განყოფილება.

რა თქმა უნდა, ერთ წერილზე რეაგირება არ იქნება. მაგრამ რაც მეტი ადამიანისგან მივა მთავრობასა და პარლამენტში მსგავსი წერილები, მით მეტია შანსი, რომ მდგომარეობა გამოსწორებას დაიწყებს.

მადლობა მხარდაჭერისთვის
Mikheil Kalandadze   15:21:53 2012-07-04  უპასუხე   
გასაგებია აუცილებლად მივიტან წერილებს კანცელარიაშიც და პარლამენტშიც.

იმედია სხვებიც იაქტიურებენ. დასკანერებულებს მოგაქვდით.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge