ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
კანონმდებლობა,

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მიესალმება საქართველოს პარლამენტში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას. ამ კანონპროექტზე მუშაობა საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ, მისი მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციები წლებია მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მომხმარებლებს. იმედია, პარლამენტი ამჯერად მაინც დაამტკიცებს კანონპროექტს და ამოავსებს იმ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც მომხმარებლის უფლებების დაცვას უშლის ხელს. 

კანონპროექტზე მუშაობა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და პირთა ფართო ჯგუფის მონაწილეობით მიმდინარეობდა, რასაც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა. ამისათვის, კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით კომიტეტს.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი აღსრულების რაც შეიძლება ეფექტიან მექანიზმს ითვალისწინებდეს. შესაბამისად, მის გასაუმჯობესებლად შემდეგი რეკომენდაციები გვაქვს:

1. კანონპროექტის მიხედვით, მის აღსრულებაზე ზედამხედველი ძირითადი ორგანო არის კონკურენციის სააგენტო. კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო მითითებას აძლევს შესაბამის მეწარმეს. ამ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეწარმეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მეწარმის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს (პ.35.1). ამ ზედა ზღვრის ფარგლებში კონკურენციის სააგენტოს ენიჭება უფლება თავად განსაზღვროს ჯარიმის ოდენობა დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით (პ. 35.3). 

მიუხედავად იმისა, რომ, თეორიულად, ასეთი უფლებამოსილება იძლევა სამართლიანი და დარღვევის პროპორციული ჯარიმების დაკისრების შესაძლებლობას, ჩვენი თვალთახედვით, პრაქტიკაში ეს კორუფციის, მიკერძოების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან უსამართლობის განცდის, უნდობლობის გაჩენისა და, აქედან გამომდინარე, დამატებითი დავების წარმოშობის სერიოზულ რისკებს შექმნის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაკონტროლებელი ორგანოსათვის ასეთი ფართო დისკრეციის მინიჭება საქართველოსათვის ჩვეული მოვლენა არ არის.

აქედან გამომდინარე, ჩვენი წინადადებაა ჯარიმა განისაზღვროს, როგორც წინა ფინანსური წლის განმავლობაში მეწარმის წლიური ბრუნვის 2 პროცენტი.

დარღვევები, რომლებიც მეწარმეებმა შეიძლება ჩაიდინონ, მეტად განსხვავებული შეიძლება იყოს, ხასიათის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის მხრივ. თუმცა, ჯარიმის დაკისრება დაშვებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეწარმე არ შეასრულებს კონკურენციის სააგენტოს მითითებებს. ამგვარად, ასეთი ჯარიმა ერთი ტიპის დარღვევას -- სააგენტოს მითითების შეუსრულებლობას შეეხება. ერთგვაროვანი და წლიურ ბრუნვას მიბმული ჯარიმის ოდენობა იქნება სამართლიანი, პროპორციული, უკეთ უზრუნველყოფს ყველა მეწარმის თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას და მათ თანაბარ მოტივირებას მოახდენს, რათა კანონს დაემორჩილონ.

2. კანონპროექტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო „საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე“ (პ. 31.4. გ). ამგვარად, სააგენტოს ხელთ არა აქვს იძულების სწრაფი მექანიზმი, ჯარიმის სახით, რაც შესაძლებლობას მისცემს კანონდამრღვევებს გაწელონ დრო კანონის დარღვევის გასაგრძელებლად, ან დასაფარად. ეს ამცირებს კანონის აღსრულების ეფექტიანობას და ზედმეტად ტვირთავს ისედაც დატვირთულ სასამართლოს.

ამიტომაც, ჩვენი წინადადებაა, საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტოს ჰქონდეს უფლება მოვაჭრეს დააკისროს ჯარიმა.

3. კანონპროექტის მიხედვით, „სააგენტო უფლებამოსილია, საქმის შესწავლის პროცესში, აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, თუ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვერ მოხდება საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება“ (პ. 33.7). ბუნებრივია, ექსპერტიზის ხარჯები სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით უნდა დაიფაროს. ამგვარად, კანონდამრღვევ მეწარმეებს, მომხმარებლის დაზარალების გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიც შეუძლიათ დააზარალონ. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, სააგენტოს მიერ ექსპერტიზის შედეგად დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის მეწარმეს დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი.

ზემოხსენებული რეკომენდაციები მივაწოდეთ საქართველოს პარლამენტს. იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლებელი გახდება მათი ასახვა კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში.


 




print version
15:29:17 2019-07-16

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge