momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, სურსათის ჰიგიენა,

იმისათვის, რომ ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტიანი კონტროლი ხორციელდებოდეს, საჭიროა რისკის შეფასების სისტემის არსებობა. სახელმწიფოს მხრიდან ყველა მეწარმის 24-საათიანი კონტროლი შეუძლებელია. ამიტომაც სისტემატურად უნდა ფასდებოდეს ქვეყნის წინაშე არსებული, კონკრეტული რისკები და შემდეგ ამას დაეფუძნოს სახელმწიფო კონტროლი, შესაბამისად განაწილდეს საბიუჯეტო რესურსები და, ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკა წარიმართოს. რა მდგომარეობა გვაქვს, ამ მხრივ, საქართველოში?

2014 წელს სურსათის სფეროში რისკის შეფასების უფლებამოსილება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მიენიჭა. ვთვლით, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მანამდე ამ საკითხზე პასუხისმგებელი სურსათის ეროვნული სააგენტო გახლდათ, ანუ თავად სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელი უწყება. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რისკის შეფასება, სამეცნიერო პროფილის მქონე ცალკე დაწესებულების უფლებამოსილებად იქცა, რათა მეტად ყოფილიყო გარანტირებული ამ პროცესის მიუკერძოებლობა და მეცნიერული საფუძვლები. თუმცა, საქმიანობის 4 წლის შედეგები, სამწუხაროდ, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შევაფასოთ.

ქვეყანაში არის რისკის შეფასებისათვის საჭირო მონაცემების, მეცნიერული კვლევების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დეფიციტი. გასაგებია, რომ ამ საკითხების მოგვარება რამდენიმე წელიწადში შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია დაისახოს მოგვარების მწყობრი გეგმა და თანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგას. დღესდღეობით კი, ჩვენი დაკვირვებით შემდეგი სურათი იკვეთება:

1. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიშები მიუთითებს, რომ მის მიერ რისკის შეფასებების განხორციელების წინაშე არსებული დიდი დაბრკოლება შესაბამისი მონაცემების სიმწირეა, რომელთა მოპოვებაც ცენტრის შესაძლებლობებს აღემატება. ამ მიმართულებით დაგეგმილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წწ. სტრატეგიის სამოქმედო გეგმით 2016-2017 წლებში იყო გათვალისწინებული, არის „6.1.4. მოსახლეობის "ფაქტიური კვების" შესწავლა“. ეს იმას გულისხმობს, რომ შესწავლილ იქნას, თუ რა ტიპის სურსათს, რა ოდენობით მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა და მისი ცალკეული ჯგუფები და რეალურ მდგომარეობაზე დაყრდნობით განისაზღვროს რისკები. ასეთი კვლევები ქვეყანაში რეგულარულად უნდა ტარდებოდეს. თუმცა, ეს კვლევა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩატარებულა, სათანადო სახსრების უქონლობის გამო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში კვლევასთან დაკავშირებით შემდეგიც კია აღნიშნული: „მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული პროგრამის გადახედვა და მისი განხორციელების საჭიროების დადგენა“.

2. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 2016 წლიდან დღემდე სურსათთან დაკავშირებული არც ერთი რისკის შეფასება არ დაუსრულებია. 2017 წელს ცენტრმა 5 საკითხზე დაიწყო რისკის შეფასება, თუმცა, ვერც ერთი ეს კვლევა ბოლომდე ვერ მიიყვანა. 2018 წელს კი არც ერთ ახალ რისკის შეფასებაზე არ დაუწყია მუშაობა. გასაგებია, რომ ასეთ კვლევებს დრო სჭირდება, მონაცემების სიმწირე ამას ხელს უშლის, მაგრამ ყველა კვლევის ასეთი გახანგრძლივება ცენტრის საქმიანობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს ბადებს.

3. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. ცენტრიდან გამოთხოვილი 2017 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში არასწორად ასახავს სურსათის სფეროში რისკის შეფასების მიმართულებით გაწეულ საქმიანობას. ანგარიშში მითითებულია, თითქოს ცენტრმა შეიმუშავა რეკომენდაციების სამუშაო ვერსია და გადაუგზავნა რისკის მმართველებს შემდეგ თემებზე:
• მონიტორინგის განხორციელებისა და შედეგების რისკის შეფასების მიზნით გამოყენების შესაძლებლობები და განუსაზღვრელობები;
• სურსათში აკრილამიდის რისკი;
• სურსათში ტყვიის რისკები.

თუმცა, რისკის შეფასების სამსახურის 2017 წლის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, რაც ცენტრმა ჩვენთან მიმოწერისას დაადასტურა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ეს მცდარი ინფორმაცია ასევე შესულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემუშავებულ ანგარიშშიც.

ჩვენი წერილობით თხოვნის მიუხედავად, ცენტრს არ მოუწოდებია და არც გამოუქვეყნებია თავისი 2017 წლის ანგარიშის შესწორებული ვერსია. ცენტრის ოფიციალურ ვებსაიტზე მხოლოდ 2014 წლის ანგარიშია გამოქვეყნებული.

4. წლიური ანგარიშების გარდა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებსაიტზე არ არის პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დიდი ნაწილი. ჩვენი წერილობითი მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობის ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდეგ რეკომენდაციებს ვთავაზობთ:

1. შემუშავდეს იმ აქტივობების კომპლექსური გეგმა, რაც საჭიროა სურსათთან დაკავშირებული რისკების შეფასებისათვის წინაპირობების შესაქმნელად (მონაცემების შეგროვების სისტემები, კვალიფიციური კადრების მომზადება) და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.
2. შეფასდეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა სურსათთან დაკავშირებული რისკების შეფასების კუთხით და გატარდეს ზომები ამ მიმართულებით ცენტრის საქმიანობის ეფექტიანობის მისაღწევად.
3. უზრუნველყოფილი იყოს ცენტრის საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გავრცელდეს და გამოქვეყნდეს სწორი და სრული საჯარო ინფორმაცია.

მოცემულ პრობლემებთან დაკავშირებით წერილით მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. იმედი გვაქვს, რომ სამინისტრო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, რაზეც სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე მთელი რეფორმის წარმატებაა დამოკიდებული.

--------------

მინისტრთან გაგზავნილი ჩვენი წერილის საპასუხოდ, მიმდინარე წლის 3 აგვისტოს მივიღეთ წერილი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლოს და ბოლოს ცენტრს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში შეუსწორებია და გამოუქვეყნებია თავის საიტზე. ჩვენს მიერ ზემოთ დასმულ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, ცენტრის პასუხში, არსებითად, ახალი არაფერია (სწორედ ამიტომაც არ ვაქვეყნებთ ცენტრის პასუხის 11 დანართსაც). პირველ ყოვლისა, აღნიშნული საკითხების ნაწილის მოგვარება ცენტრის შესაძლებლობებს აღემატება, მისი კომპეტენციისა და რესურსების გათვალისწინებით. იმ პრობლემების მოგვარება კი, რომლებიც ცენტრის უშუალო კომპეტენციაში შედის, როგორც ჩანს, ამ უწყებას არ შეუძლია. სწორედ ამიტომაც მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და კვლავ ველით სამინისტროს რეაგირებას.




print version
10:58:56 2018-08-02

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge