ბოლო ცვლილებები

კარაქ ვალიოს ეტიკეტი
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ანტიმიკრობული რეზისტენტობა
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები

სულ ნიუსები: 21
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
სურსათის ხარისხი, სურსათის ჰიგიენა,

სურსათის ეროვნული სააგენტოდან (სეს) გამოვითხოვეთ მის მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები 2018 წლის მე-2 კვარტლისათვის. როგორც აღმოჩნდა, ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდების პარალელურად, სააგენტომ თავის საიტზე, სხვადასხვა ადგილას განათავსა ეს მონაცემები. თუმცა, ამის შესახებ თავის სიახლეებში არ აღუნიშნავს. მონაცემების ამ ფორმით გასაჯაროება, საზოგადოების ინფორმირებისათვის საკმარისი არ არის.

აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ ამ საკითხისათვის მოცემული სტატია მიგვეძღვნა, ვებბმულებისათვის ერთ ადგილას მოგვეყარა თავი და ჩვენი კომენტარებიც დაგვერთო.

კონტროლის შედეგების გაცნობის შემდეგ, პირველ ყოვლისა, ნიშანდობლივია სეს-ის ნაყოფიერი მუშაობა. სეს-მა ბევრი მეწარმის საქმიანობა და სურსათი შეამოწმა, გამოავლინა და აღკვეთა უამრავი დარღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით.

თუმცა, სამწუხაროდ, კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით, სეს, უმეტესწილად არ ავრცელებს გაფრთხილებებს მავნე პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევებში. ამგვარად, მოქალაქეებმა შეიძლება დაუბრკოლებლად შეიძინონ და მოიხმარონ ამ მავნე პროდუქციის სხვა ნიმუშები, რომელთა ბაზრიდან ამოღება ვერ მოხერხდა, ან რომლებიც უკვე გაყიდულია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სეს-ს, ბოლოს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრსაც მივწერეთ, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. ამიტომაც, ახლა უკვე ყველა სხვა შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებას მივმართავთ.

მანამდე კი, თუნდაც დაგვიანებით, შეგიძლიათ ნახოთ მავნე, დაბინძურებული, საფრთხის შემცველი პროდუქტების სია „მონიტორინგის შედეგებში“; ასევე, შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო საწარმოების, ვეტპრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოწმების შედეგების ნახვა და მომავალში პროდუქტის შეძენისას, ამა თუ იმ კვების ობიექტით სარგებლობისას, ან თქვენი შვილისათვის საბავშვო ბაღის ძებნისას, უფრო ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. 

ამასთანავე, სეს-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გვსურს შემდეგ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება:

საქართველოს რეგიონებში ბევრია წყლის დაბინძურების შემთხვევები. წყალმომარაგების სფეროში მასშტაბური პროექტების განხორციელების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუწვდება ხელი სუფთა სასმელ წყალზე. სამწუხაროდ, ისიც გაურკვეველია, თუ როდის შეიძლება ამ პრობლემის მოგვარებას ველოდოთ.
• სეს-ს ჩაუტარებია ვეტპრეპარატების (მათ შორის, ანტიბიოტიკების) ნარჩენი ნივთიერებების მასშტაბური კვლევა ნედლ რძესა და ხორცში. სულ გამოკვლეულია 487 ნიმუში. ბევრ ნიმუშზე პასუხი ჯერ არ არის. თუმცა, უკვე გამოვლენილია 114 ნიმუში (23.4%), რომელიც მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ეს შედეგი კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ვეტპრეპარატების, მათ შორის ანტიბიოტიკების გამოყენება მეცხოველეობაში სათანადოდ არ ხდება, რაც შემდეგ მეცხოველეობის პროდუქტებზე, ბოლოს კი ადამიანების ჯანმრთელობაზე აისახება.
• კვლავ მწვავედ დგას ბრუცელოზის გავრცელების პრობლემა. ეს დაავადება გამოკვლეული ნედლი რძის 100 ნიმუშიდან 20-ში გამოვლინდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ცხოველებში ამ დაავადებასთან ბრძოლის გაძლიერების საჭიროებაზე.
• პირველი კვარტლის მსგავსად, კვლავ არის სურსათში ცხენის ხორცის აღმოჩენის შემთხვევები (ამ პარამეტრზე შემოწმებული 20 ნიმუშიდან 4 შემთხვევაში). ცხენის ხორცი სხვადასხვა ხორცპროდუქტში იყო გამოყენებული, ან უმი ხორცის სახით იყიდებოდა, როგორც სხვა საქონლის ხორცი. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით რთულია იმის თქმა, თუ რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა, მაგრამ ცხადია, რომ სხვა საქონლის ხორცის სახელწოდებით ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციას სისტემური ხასიათი აქვს. ეს არა მხოლოდ მომხმარებლის მოტყუებაა, არამედ, ჯანმრთელობის საფრთხეებსაც შეიცავს, ვინაიდან, სავარაუდოდ, ამ ცხოველების დაკვლა ვეტერინარული კონტროლის მიღმა ხდება.
• ინსპექტირებულია 1710 საწარმო (მათ შორის, კვების ობიექტები, საბავშვო ბაღების ბუფეტები). შემოწმებული საწარმოების აბსოლუტურ უმრავლესობაში შუსაბამობებია გამოვლენილი. დარღვევები გამოვლენილია როგორც მცირე, ისე მთელ საქართველოში ცნობილ, დიდ საწარმოებში. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის დონე საქართველოში მოქმედ საწარმოებში, ზოგადად, ჯერ ისევ საკმაოდ დაბალია.

ზემოხსენებულის გარდა, სეს-ის კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით, სხვა დასკვნები და ანალიზიც შეიძლება გაკეთდეს, იმისდა მიხედვით, თუ კონკრეტულად რა იქნება ინტერესის საგანი.

და ბოლოს, სეს-ის ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, არაერთი კითხვა გაგვიჩნდა, რის შესახებაც მივმართავთ სეს-ს და პასუხების მიღების შემდეგ, ამ საკითხებზე დამატებით ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ.

--------

სეს-ისადმი დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ, მივიღეთ პასუხი (დანართთან ერთად), რომელშიც ჩვენს მთელ რიგ კითხვებზე პასუხებია გაცემული. ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მოწოდებული არ არის, თუმცა, გვპირდებიან, რომ მოგვიანებით მოგვაწვდიან. 

სეს-ის წარმომადგენელთან დამატებითი გასაუბრების შემდეგ, დავაზუსტეთ, რომ შესაბამის სიაში მითითებული პესტიციდები და აგროქიმიკატები ლაბორატორიულადაც შემოწმდა (და არა მხოლოდ მათი ეტიკეტები). თუმცა, ლაბორატორიულ შემოწმებებს დარღვევები არ გამოუვლენია.

სეს-მა ასევე დამატებით მოგვაწოდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შემცველობაზე შემოწმებული სურსათის სია. როგორც აღმოჩნდა, 24 შემოწმებული ნიმუშიდან, 0.9%ან მეტი ოდენობით გმო გამოვლინდა მხოლოდ ერთში. ეს იყო მზესუმზირის ჰალვა ვანილით, მწარმოებელი შპს „ტრი სტარი“, კიროვოგრადის რ-ნი, უკრაინა, იმპორტიორი შპს გეოკონდიტერი, დამზადების თარიღი: 26.04.2018, ვარგისიანობის ვადა 26.10.2018. 

აღნიშნული პროდუქტის ეტიკეტზე არ იყო მითითებული, რომ იგი გმო-ს შეიცავს. ამის გამო, სურსათის იმპორტიორი დაჯარიმდა და პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალა. 

სეს იმასაც შეგვპირდა, რომ თავისი ვებსაიტის რეკონსტრუქციის შემდეგ (რაც ამჟამად მიმდინარეობს), ჩვენი რეკომენდაციით, რეგულარულად, საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნებს ხოლმე კონტროლის დეტალურ შედეგებს. 




print version
09:31:35 2018-07-20

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge