ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

2017 წლის ივნისში ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ნიუ-იორკის ჯანმრთელობისა და მენტალური ჰიგიენის დეპარტამენტის მიერ საქართველოდან შეტანილ სუნელებში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობის აღმოჩენის შესახებ. ამ ინფორმაციამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ინეტერესი გამოიწვია. სუნელების კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც ჩაატარა. საქართველოსა და აშშ-ში ჩატარებული კვლევების დეტალური შედეგები, სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩვენც ჩაგვეტარებინა ტყვიის შემცველობაზე სუნელების ლაბორატორიული კვლევა. ვინაიდან საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა დასახელების სუნელს ვერ შევამოწმებდით, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ნიუ-იორკის ჯანმრთელობისა და მენტალური ჰიგიენის დეპარტამენტის კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, შევარჩიეთ ყვითელი ყვავილი, რომლის ყველაზე მეტ ნიმუშშიც და ყველაზე დიდი ოდენობებით იქნა ტყვია აღმოჩენილი; და ასევე, წითელი წიწაკა, რომელიც ინგრედიენტის სახით სხვადასხვა სუნელში გამოიყენება.

ამ მიზნით, 2017 წლის 9-10 ოქტომბერს შევიძინეთ თბილისის მაღაზიებში ჩვენს მიერ მოძიებული ყველა იმ ფირმის წარმოებული, დაფასოებული ყვითელი ყვავილი და წითელი წიწაკა, რომელთა თითო პარტიიდან 200 გ იყიდებოდა (100 გ პირველადი ლაბორატორიული კვლევისათვის არის აუცილებელი, ხოლო დამატებითი 100 გ, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი კვლევისათვის). გარდა ამისა, დაუფასოებელი სუნელების ნიმუშები ავიღეთ თბილისის სამი აგრარული ბაზრიდან. სულ 13 პროდუქტი ჩავაბარეთ ლაბორატორიას ანალიზისათვის. ლაბორარტორიული კვლევის შედეგები ქვემოთა ცხრილშია მოცემული.

პროდუქტის ფოტო პროდუქტის დასახელება დამამზადებელი ფირმა გამოშვების თარიღი შეძენის ადგილი შედეგი
1 წითელი წიწაკა, დაფქული, ასაწონი - - ვაგზლის მოედნის მიმდებარე ბაზარი (შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა -3,4 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

2 ყვითელი ყვავილი, დაფქული, ასაწონი - - ვაგზლის მოედნის მიმდებარე ბაზარი (შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა - 3,2 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

3 წითელი წიწაკა, დაფქული, ასაწონი - - გლდანის  ბაზარი (შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა - 2,6 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

4 ყვითელი ყვავილი, დაფქული, ასაწონი - - გლდანის  ბაზარი (შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა - 4,3 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

5
ყვითელი ყვავილი, დაფქული, ასაწონი - - ნავთლუღის ბაზარი (შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა - 3,7 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

6 წითელი წიწაკა, დაფქული, ასაწონი - - ნავთლუღის ბაზარი (შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა -  3,6 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

7 ყვითელი ყვავილი შპს „ჯეო“ 14.11.2016

გუდვილი, ქავთარაძის #1

(შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა-  4,4 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

8 წითელი წიწაკა შპს „ჯეო“ 12.06.2017

გუდვილი, ქავთარაძის #1

(შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა - 2,6 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

9 წითელი წიწაკა (დაღერღილი) შპს „სუნელი“ 13.06.2017 სს ფუდმარტი, მაღაზია „სპარი“, ვაჟა-ფშაველას 2 (შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა - 2,7 მგ/კგ

ნორმა -<5,0 მგ/კგ

10 ყვითელი ყვავილი შპს „დაბი“ 12.09.2017

გუდვილი, ქავთარაძის #1

(შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა- 3,2 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

11 წითელი წიწაკა შპს „დაბი“ 05.09.2017

გუდვილი, ქავთარაძის #1

(შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა - 1,6 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

12 ყვითელი ყვავილი/ზაფრანა ბლექ სი ჯორჯია BSG 08.06.2017

გუდვილი, ქავთარაძის #1

(შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა - 11,7 მგ/კგ

ნორმა - <5,0 მგ/კგ

13 წითელი წიწაკა ბლექ სი ჯორჯია BSG 11.07.2017

გუდვილი, ქავთარაძის #1

(შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი)

აღმოჩნდა - 2,3 მგ/კგ

ნორმა -<5,0 მგ/კგ

შედეგების მიხედვით, 13 შემოწმებული პროდუქტიდან მხოლოდ ერთში - „ბლექ სი ჯორჯიას“ მიერ წარმოებულ სუნელში „ყვითელი ყვავილი/ზაფრანა“, აღმოჩნდა ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მაღაზიაში და მწარმოებელთან.

კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) ფინანსური მხარდაჭერით და, ასევე, მოქალაქეთა შემოწირულობების მეშვეობით.

-------------

„ბლექ სი ჯორჯიას“ მისამართზე, რომელიც ყვითელი ყვავილის ეტიკეტზე იყო მითითებული, საწარმო არ აღმოჩნდა. ფეისბუქზე მოვიძიეთ საწარმოს გვერდი, მითითებული ტელეფონის ნომერზე დავრეკეთ, საწარმოს წარმომადგენელს ვაცნობეთ ჩვენი კვლევის შედეგების შესახებ და მისამართი ვთხოვეთ, სადაც წერილის გაგზავნა იქნებოდა შესაძლებელი. საწარმოს წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ ჩვენი კვლევის შედეგებით დაინტერესებული არ არის და მისამართიც არ მოგვცა. 

----------------------------

2017 წლის 24 ოქტომბერს „ბლექ სი ჯორჯიას“ წარმომადგენელმა წერილი და ანალიზის პასუხი გამოგვიგზავნა:

 

ამ ოქმის მიხედვით, შემოწმებულ პროდუქტში ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია. „ბლექ სი ჯორჯიას“ წარმომადგენლის განცხადებით, ეს ოქმი სუნელების მომწოდებლისგანა აქვს მიღებული. ამასთანავე, შემოწმება 2017 წლის აგვისტოშია ჩატარებული. ჩვენს მიერ შემოწმებული ნიმუში კი ივნისშია წარმოებული. 

_______________________

2017 წლის 1 ნოემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სააგენტომ „ბლექ სი ჯორჯია“ შეამოწმა და საწარმოში კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. 

ყვითელი ყვავილის ნიმუშის აღება ვერ მოხერხდა, ვინაიდან პროდუქტის მარაგი საწარმოში არ აღმოჩნდა. ბიზნესოპერატორს დაევალა სავაჭრო ქსელიდან გამოითხოვოს ის პარტია, რომელშიც ჩვენ ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა აღმოვაჩინეთ და გატარებული ღონისძიებების შესახებ წერილობით აცნობოს სააგენტოს. ამ ინფორმაციას მოგვიანებით გამოვითხოვთ სააგენტოდან.

ჩვენს შეტყობინებაზე სააგენტოს რეაგირება მისასალმებელია, თუმცა, ჩვენთვის გაუგებარი რჩება შეეძლო თუ არა სააგენტოს მიერ აღმოჩენილ დარღვევებს პროდუქტში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა გამოეწვია და ატარებს თუ არა სააგენტო დამატებით ზომებს დაბინძურების წყაროების დასადგენად. ამასთან დაკავშირებითაც მივმართეთ სააგენტოს და მიღებულ პასუხს გამოვაქვეყნებთ.  

------------

ჩვენს დამატებით შეკითხვებზე სურსათის ეროვნული სააგენტოდან პასუხი მივიღეთ. წერილიდან ირკვევა, რომ სააგენტოს დავალებით „ბლეს სი ჯორჯიამ “ (იგივე ი.მ. ბაგრატ მეზურნიშვილი) მაღაზიებიდან გამოითხოვა ტყვიით დაბინძურებული პროდუქტის პარტია, რომელიც უნდა განადგურდეს. სააგენტომ ასევე დაადგინა, რომ ი.მ. ბაგრატ მეზურნიშვილი სუნელის ნედლეულს ი.მ. თინა ბეგლარიშვილისგან იღებდა. ამ უკანასკნელის პროდუქცია სააგენტოს შეუმოწმებია და მასში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობაც აღმოუჩენია. 

თუმცა, გაუგებარი დარჩა ის, თუ

  1. რა ზომებს მიმართა სააგენტომ ი.მ. თინა ბეგლარიშვილის პროდუქციაში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის შემდეგ?
  2. რატომ არ სთხოვს სააგენტო ი.მ. ბაგრატ მეზურნიშვილს ტყვიით დაბინძურებული პროდუქტის მომხმარებლისგან გამოთხოვას?
  3. რატომ არ ახდენს სააგენტო მოსახლეობის გაფრთხილებას ი.მ. ბაგრატ მეზურნიშვილის მიერ წარმოებული მავნე პროდუქტების მოხმარებისაგან თავი შეიკავონ?

დამატებითი კითხვებით სურსათის ეროვნულ სააგენტოში წერილი გავაგზავნეთ.

----------------------------------------

2017 წლის 15 ნოემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ პასუხი.  როგორც პასუხიდან ჩანს, სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა ი.მ. ბაგრატ მეზურნიშვილის მიერ მაღაზიებიდან გამოთხოვილი, ტყვიით დაბინძურებული ყვითელი ყვავილის პარტია. ასევე, ჩატარდა ი.მ. თინა ბეგლარიშვილის ინსპექტირება, აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც მეწარმეს წარმოების პროცესი შეუჩერდა, თუმცა, მოკვლევა დასრულებული არ არის. 

გატარებული ზომების მიუხედავად, როგორც ჩანს, სააგენტომ, არ მოსთხოვა ი.მ. ბაგრატ მეზურნიშვილს ტყვიით დაბინძურებული პროდუქტის მომხმარებლისგან გამოთხოვა და მოსახლეობის ინფორმირება საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ და არც თავად გაუვრცელებია ეს ინფორმაცია.

ამგვარად, მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სააგენტომ არ გაატარა საკმარისი და კანონით განსაზღვრული ღონისძიებები მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

ჩვენი ორჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, სააგენტოს არც ი.მ. ბაგრატ მეზურნიშვილის მიერ ყვითელი ყვავილის ქსელიდან გამოთხოვის წერილობითი ანგარიში წარმოუდგენია და არც მოუწოდებლობის მიზეზები განუმარტავს.

სააგენტოში გავაგზავნეთ წერილი ი.მ. თინა ბეგლარიშვილის საქმიანობის მოკვლევის შედეგების მოწოდების მოთხოვნით. 




print version
17:29:57 2017-10-19

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge