ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზეული, სურსათის ჰიგიენა, სურსათის ხარისხი,

2017 წლის 16 სექტემბერს, მომხმარებელმა დაფარული კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა თბილისში, ახმეტელის მეტროსთან მდებარე მაღაზია „უნივერსამში“ გასაყიდი ზუთხის შემოწმება.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 19 სექტემბერს მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ ასაწონი „ზუთხი თავი და კუდი“ და ჩავაბარეთ ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტს აღენიშნება სიძველის ნიშნები -- ლპობის სუნი, ობის ჩანართები, ძვლები დაფარულია ლორწოვანი გარსით. 

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

-------------------------

2017 წლის 27 ოქტომბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილები, საიდანაც ირკვევა, რომ სააგენტომ შემოწმება განახორციელა, როგორც მაღაზია „უნივერსამში“, ისე თევზის საწარმოში (შპს ,,ქობრონი“, ს/კ246958500, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხი). მაღაზიაში თევზი აღარ აღმოჩნდა, თუმცა არაკრიტიკული შეუსაბამობები მაინც დაფიქსირდა მაღაზიაშიც და თევზის საწარმოშიც.




print version
14:29:44 2017-10-03

კომენტარის დამატება

ბესო   11:17:05 2017-10-05  უპასუხე   
მოგესალმებით ,,პატივცემულო“ მომხმარებელი.ge–ს ადმინისტრაცია.
ამ მოკლე მიმოხილვაში, რომელიც თქვენ წარუდგინეთ საზოგადოებას ამტკიცებთ, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ( შემდგომში სსკგც) მიერ მოკვლეული მასალებით დასტურდება, რომ მაღაზია უნივერსამში ხდებოდა სიძველის ნიშნების მქონე პროდუქტის, ზუთხის, რეალიზაცია. ამის დასტურად კი მოგყავთ ე.წ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხი.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით თქვენ და სსკგც–ს არამარტო შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება და ჩვენ მაღაზიათა ქსელის ათიათასობით მომხმარებელი, არამედ გვაძლევთ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ხდება მიზანმიმართული კომპანია უნივერსამის სახელის დისკრედიტაციისათვის. ამის საფუძველია თავად სსკგც–ის თქვენს მიერ მაღაზია უნივერსამში ვითომდაც განხორციელებული საკონტროლო შესყიდვა და შემდეგ შეძენილ საქონელზე ჩატარებული ე.წ. ლაბორატორიული შემოწმება.
მივყვეთ თანამიმდევრობით. სსკგც–ს მიერ ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტებზე დაყრდნობით ლოგიკურად მოაზროვნე მომხმარებელს არ გაუჭირდება გაერკვიოს იმ გარემოებაში, თქვენს მიერ სიმართლის მიწოდება მოხდა მისთვის თუ თქვენი მხრიდან პირად დაინტერესებასთან გვაქვს საქმე:
1./თქვენ უთითებთ, რომ 16 სექტემბერს ფეისბუქის გვერდზე, დაფარული კომენტარით, თქვენთვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ მაღაზია უნივერსამში ხდებოდა გაფუჭებული ზუთხის რეალიზაცია, რის საფუძველზეც, სამი დღის შემდეგ, ანუ 19 სექტემბერს, (რამდენად ოპერატიულად ეს სხვა საქმეა), სსკგც–ს მიერ მოხდა ჩვენს მაღაზიაში ხსენებული პროდუქტის ვითომდაც ,,საკონტროლო შესყიდვა“.
ჯერ ერთი იმიტომ ხომ არაა დაფარული კომენტარი, რომ ჩვენთვის ცნობილი არ გახდეს პირველწყარო, რაც ჩვენთვის გააიოლებდა საკითხის ძირფესვიანად შესწავლას, მითუმეტეს ამ უფლებას კანონი გვანიჭებს.
საინტერესოა რა სახის ფინანსები ეყოფა თქვენ ცენტრს ყველა ანონიმურ შეტყობინებაზე, რომ მოახდინოთ ე.წ. ,,საკონტროლო შესყიდვები“ და შემდეგ მათზე მოახდინოთ ლაბორატორიული შემოწმებები, რაც არცთუ ისე მცირე ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.
რაც შეეხება ვითომდაც თქვენს მიერ ჩატარებულ საკონტროლო შესყიდვას , რომლის სურათიც გაქვთ დადებული გვერდზე. გაურკვეველია რა ფორმით მოახდინეთ შესყიდვა, ისე რომ არ ესწრებოდა ჩვენი მაღაზიის წარმომადგენელი, მითუმეტეს გარწმუნებთ თქვენგან რაიმე სახის თხოვნა რომ ყოფილიყო ჩვენს მიმართ, ყველანაირად გაგიწევდით დახმარებას, რადგანაც ჩვენთვის პრიორიტეტი და მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ყველანაირად მივესალმებით თუკი რომელიმე ორგანიზაცია, რაიმე რჩევით თუ სხვაგვარი დახმარებით გაგვაუმჯობესებინებს მომხმარებელთა მომსახურების დონეს და მიწოდებული პროდუქციის ხარისხს.
გარწმუნებთ , რომ თქვენგან განსხვავებით ჩვენთვის მიომხმარებლის ცნება არ იწყება და არ მთავრდება მხოლოდ საიტის დასახელებით.
სურათზე ნათლად ჩანს, რომ სსკგც–ს წარმომადგენელმა შეიძინა 0,652 კგ ზუთხი 9,78 ლარის ღირებულების (განგიმარტავთ რომ ეს არის ზუთხის თავის და კუდის ნაწილები) და ამით ამტკიცებთ, რომ ნამდვილად შეიძინეთ ზუთხი, რაც წინააღმდეგობაში მოდის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, კერძოდ: სალაროს ჩეკზე ასახულია, რომ თქვენ 0,652 კგ. ზუთხი კი არ შეიძინეთ 9,78 ლარად, არამედ 1,276 კგ შეიძინეთ 19,14 ლარად. (იმედია ეხლა არ გაგინათდებათ და არ იტყვით, რომ წონაშიც მოგატყუათ უნივერსამმა?). თუკი თქვენ ,,საკონტროლო შესყიდვა“ განახორციელეთ, მაშინ იბადება კითხვა არ დალუქეთ ნაყიდი პროდუქტი, თუ არ დალუქეთ როგორ მოახდინეთ მისი ტრანსპორტირება, რადგანაც ხსენებული პროდუქტი სარეალიზაციოდ განთავსებულია მაცივარში, სადაც ტემპერატურაა –28 გრადუსამდე. საეჭვოა გქონდეთ მსგავსი ტემპერატურის შენარჩუნების მქონე კონტეინერი ან მაცივარი, რომლის საშუალებითაც მოახდენდით მის ტრანსპორტირებას ლაბორატორიამდე მითუმეტეს, რომ 19 სექტემბერს თბილისში ჰაერის ტემპერარტურა 31 გრადუსი იყო. თუმცაღა, აღნიშნული ეჭვი გააქარწყლა თავად ლაბორატორიის დირექტორმა, ქალბატონმა დარეჯან დუღაშვილმა, რომელმაც პირად საუბარში განმარტა, რომ მაქსიმუმ 2 გრადუს ტემპერატურაზე შენახული პროდუქტი მიუტანეთ გამოსაკვლევად.
ის, რომ თქვენ სურათზე ერთი რაოდენობის პროდუქტი გაქვთ ასახული და სალარო ჩეკზე სხვა რაოდენობის თანხის პროდუქტი გაქვთ შესყიდული, გვაძლევს საფუძვლიანი ეჭვის ვარაუდს იმის შესახებ, რომ თქვენს მიერ მიზანმიმართულად მოხდა ნაყიდი პროდუქტიდან რაღაცა თქვენთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტის დაზიანება და შემდგომ მათი ლაბორატორიული შემოწმება.რადგანაც სურათზე ასახული პროდუქტის შეძენას თქვენ ვერანაირად ვერ შეძლებდით 19,14ლარად. სურათზე ასახულ პროდუქტს ვიზუალუარდაც ეტყობა, რომ არაა გაყინული და არის გალღობილი, ამდენად შეუძლებელია მსგავსი გალღობილი პროდუქტი შეგეძინათ მაღაზიაში (სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მოგაწოდოთ ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახული იქნება ხსენებული პროდუქტის მომხმარებელზე– რეალიზაციამდე შენახვის პირობები).
2. ე.წ.ლაბორატორიული გამოცდის ოქმით: პროდუქტს თან სდევს ლპობის სუნი და ძვლოვანი ნაწილი ლორწოვანი გარსითაა დაფარული, ხოლო გარეგნულად პროდუქტს აქვს ობის ჩანართები ქსოვილებში, მათ შორის ძვლოვან ნაწილზე.
აღნიშნული გარემობებიც ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ან თქვენ შეგყავთ მომხმარებელი და საზოგადოება შეცდომაში ან კიდევ ლაბორატორიის სპეციალისტების კომპეტენციაა რბილად, რომ ვთქვათ სუსტია, რადგანაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პროდუქტი ინახება –28 გრადუს ტემპერატურაზე და თუკი შევადარებთ თქვენს მიერ სალარო ჩეკზე ასახულ დროს (შეიძინეთ 13:18 საათზე) და ლაბორატორიაში ჩაბარების დროს (14:00 საათი) შეუძლებელია ხსენებულ ტემპერატურაზე დღეების განმავლობაში გაყინული პროდუქტი, რომლის ტრანსპორტირებასაც, თქვენივე თქმით, მოახდენენ მაცივარში, 40 წუთში ისე გალღვეს, რომ გაიჩინოს ლორწო და მითუმეტეს ლპობის სუნი, ხოლო რაც შეეხება ობს როგორ შეიძლება –28 გრადუსზე შენახულ პროდუქტს გაუჩნდეს ობი ამის განხილვაც კი დროის ფუჭი კარგვაა.
მაგრამ ყოველივე ზემოთთქმულის მტკიცებაც არ არის საჭირო ერთი ჭეშმარიტების გამო, რომლის ტირაჟირება რატომღაც დაავიწყდა თუ გადაავიწყდა მომხმარებელი.ge-ს, კერძოდ: სსკგც–ს მიერ შერჩეული ლაბორატორიაც კი ვერ გაექცა იმ ფაქტს, რომ ეღიარებინა იმის შესახებ, რომ უნივერსამში შეძენილ პროდუქტებში: ,,პათოგენები, მათ შორის სალმონელები არ აღმოჩნდა“.
ისე საინტერესოა ობი პათოგენად ითვლება თუ არა? იმ შემთხვევაში თუ ითვლება რას მივაწეროთ ის გარემოება, რომ ერთ შემთხვევაში ობი ნახეთ პროდუქტში მაგრამ მეორე შემთხვევაში წერთ რომ არ აღმოჩნდა პათოგენები? 
ყოველივე აღნიშნული ნათლად მოწმობს იმ გარემოებას, რომ სსკგც მოქმედებს არა საზოგადოების და მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად და გინდა სამეწარმეო გარემოს გასაუმჯობესებლად, არამედ პირადი ინტერესებით.
მიუხედავად აღნიშნულისა შპს უნივერსამი უფრთხილდება რა თავისი მრავალათასიან მომხმარებლებთან წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილ და სანდო ურთიერთობას, რაც გამოიხატება მიწოდებული პროდუქციის მაღალ ხარისხში და დაბალ ფასებში, მივიღეთ გადაწყვეტილება რეალიზაციიდან ამოვიღოთ ხსენებული პროდუქტი და დაუბრუნოთ იგი მომწოდებელს. იმავ დროს მოვახდინოთ ხსენებულ პროდუქტზე დამოუკიდებელი ლაბორატორიული შემოწმება, რომლის შედეგებსაც ვაცნობებთ თქვენს მომხმარებელს.
მარინა   15:17:13 2017-10-27  უპასუხე   
ბატონო ბესო, 1 თვის წინ, 2017 წლის 27 სექტემბერს (თარიღი ზუსტად მახსოვს), ქაშაყის ფილე (წონით) შევიძინე გლდანი მოლში მდებარე უნივერსამის მაღაზიაში. სახლში მისვლისას აღმოვაჩინე რომ ქაშაყი იყო აყროლებული და რა თქმა უნდა გაფუჭებული (სუნის გარდა, ფერიც შეცვლილი ქონდა). ამიტომ კარგი იქნება თუ შეამოწმებთ და გააკონტროლებთ თქვენთან გაყიდვაში არსებულ თევზის სხვა სახეობებსაც.
დარეჯან დუღაშვილი   20:21:01 2017-10-10  უპასუხე   
ბატონო ბესო,

თქვენი არგუმენტების ვითომ გასამყარებლად გთხოვთ ნუ იყენებთ ჩემს სახელს. სატელეფონო საუბარში მე გითხარით, რომ რაც გამოცდის ოქმში წერია ის შეესაბამება სრულ სიმართლეს და აღწერს ლაბორატორიაში წარმოდგენილი ნიმუშის რეალურ მდგომარეობას. ასევე გითხარით, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ნიმუშის წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და გირჩიეთ ამ კითხვით მიგემართათ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრისთვის. ასევე გითხარით, რომ საანალიზო ნიმუში ლაბორატორიაში მოწოდებული იყო სპეციალური სატრანსპორტო თერმო-კონტეინერით (დაგიმატეთ (სიტყვა-სიტყვით რომ გავიმეორო) ტემპერატურა ზუსტად არ ვიცი მაგრამ 2 გრადუსზე მეტი არ იქნებოდა თქო, ჩანაწერებში ჭირდება გადამოწმება თქო!!!!!, მაგრამ ამ და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას მოგაწვდით მხოლოდ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის წერილობითი ნებართვითთქო, რადგან ისინი არიან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამკვეთები და ჩვენ მკაცრად ვიცავთ კონფიდენციალობას).

კითხვაზე ობი არის თუ არა პათოგენი - გიპასუხებთ რომ არა. მეტიც, ობის სოკოს კოლონიებს არანაირი კავშირი არ აქვს პათოგენებთან (მათ შორის სალმონელასთან). ობის სოკო პროდუქტის დაძველებისა და გაფუჭების მაჩვენებელია (გარდა იმ პროდუქტებისა რომლებშიც ის ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოიყენება. მაგ. ,,ლურჯი ყველი"), ხოლო პათოგენები (მათ შორის სალმონელა), როგორც ბატონმა ვახტანგმა უკვე განგიმარტათ, არ იწვევენ პროდუქტის გაფუჭების და/ან დაძველების ორგანოლეპტიკურად შესამჩნევ მახასიათებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ
1. სრულიად ახალ (გაფუჭების და დაძველების გარეშე) პროდუქტშიც შესაძლოა მათი არსებობა,
2. ისევე როგორც, გაფუჭებულ და ძველ (შესაძლოა დამპალ) პროდუქტებში პათოგენები (მათ შორის სალმონელა) შესაძლოა არც იყოს.
მაგრამ თქვენ როგორც სურსათის ბიზნესოპერატორს (მით უმეტეს არცთუ მცირე ბიზნესით და ვრცელი და მრავალფეროვანი სავაჭრო ქსელით) სურსათის სფეროში გათვითცნობიერებული სპეციალისტი აუცილებლად გეყოლებათ, რომელთანაც ამ ვრცელი კომენტარის დაწერამდე უნდა გაგევლოთ კონსულტაცია, რომ საპრეტენზიო და სადავო არ ყოფილიყო ეს საკითხი და დაგეზოგათ თქვენი და ჩემი დრო.

რაც შეეხება, ლაბორატორიის და მისი თანამშრომლების კომპეტენციას - ბევრ წერას ამ საკითხზე არ ვაპირებ. ერთი დაზუსტება თქვენს კომენტარზე - საკმაოდ ხშირად გაქვს მოხსენიებული ,,ე.წ. ლაბორატორია", ,,ე.წ. ლაბორატორიიული შემოწმება" ან ,,ე.წ. ლაბორატორიული გამოცდის ოქმი" - მინდა დაგარწმუნოთ, რომ რაზეც თქვენ საუბრობთ ნადვილად ლაბორატორიაა, ნამდვილად ლაბორატორიული შემოწმება (უფრო სწორად კვლევა) და ნამდვილად ლაბორატორიული გამოცდის ოქმი, სიტყვათწყობა ,,ეგრეთწოდებული" აქ ყოვლად ზედმეტი და უადგილოა. ხოლო ჩვენი ლაბორატორიის და მისი თითოეული თანამშრომლის კომპეტენცია დასტურდება საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციით ISO 17025 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობაზე, რაც ასევე მოიცავს შესაბამის საერთაშორისო აკრედიტებულ პროფესიულ ტესტირებებში წარმატებულ მონაწილეობას!

პატივისცემით,
ვახტანგ, CSRDG   18:04:03 2017-10-05  უპასუხე   
ბატონო ბესო, გმადლობთ ყურადღებისათვის. მისასალმებელია, რომ ჩვენს მიერ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, გაფუჭებული პროდუქტი რეალიზაციიდან ამოიღეთ.

რაც შეეხება ფოტოზე აღბეჭდილ ნიმუშს, ეს არის ჩვენს ოფისში მოტანილი და შენახული ნიმუში. მეორე ნიმუში თქვენი მაღაზიიდან პირდაპირ ლაბორატორიაში მივიტანეთ. ლაბორატორიაში მიტანა მოხდა მაცივარ-კონტეინერით, 40 წუთის განმავლობაში, რაც, როგორც თქვენ თავადვე აღნიშნეთ გამორიცხავს ნიმუშის გზაში გაფუჭებას.

რაც შეეხება სალმონელას შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის ვებსაიტებზე მოიძიოთ. მაგალითად გიგზავნით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებსაიტის ბმულს https://www.cdc.gov/salmonella/index.html. აქვე დავამატებთ, რომ სალმონელა შესაძლებელია ისეთ პროდუქტშიც აღმოჩნდეს, რომელსაც გარეგნულად გაფუჭების ნიშნები არა აქვს.

ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ვცდილობთ ყველა შეტყობინებაზე მოვახდინოთ რეაგირება. ამავე დროს, არასწორი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩვენ თვითონვე ვიძენთ, საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტებულ ლაბორატორიებში ვამოწმებთ პროდუქციას და მხოლოდ ამის შემდეგ ვავრცელებთ ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ.

ჩვენი საქმიანობის დაფინანსების წყაროებს რაც შეეხება, ეს არის დონორი ორგანიზაციები და მოქალაქეების შემოწირულობები. დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებსაიტზეა განთავსებული.

მისასალმებელია, რომ თქვენც გეგმავთ პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებას. როგორც ჩვენს წერილშიც იყო აღნიშნული, მზად ვართ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ ჩვენს ვებსაიტზე.
სოფო   17:13:40 2017-10-05  უპასუხე   
ბესო,უნივერსამში გლდანი მოლში საშინელი თევზი იყიდება გაყინული, ყველანაირი, დაჭრილია ნაწლავებიანად, საშინლად გამოიყურება. ყველაფერს ყიდით, მომხმარებლის აზრი არ გაინტერესებთ, გაქვთ საშინელი მომსახურება, შემნახველი კარადები სულ გაფუჭებულია, ერთი გასაღებით შეიძლება ყველა კარადის გაღება და ამის დამადასტურებლად თქვენს დაცვის თანამშრომლს ვაჩვენე ფაქტები, ამასთან ყოვლად სამარცხვინო განცხადება გაქვთ გამოკრული კარადებთან, რომ პასუხს არ აგებთ დაკარგულ ნივთებზე. პირდაპირ მძარცველები ხართ და აქ დამდგარხართ კანონებზე ლაპარაკობთ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge