ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20
სურსათის ტყვიის შემცველობაზე შემოწმების შედეგები
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, მძიმე მეტალები,

 

ვინაიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) საკმარისად არ გაავრცელა სუნელებისა და სხვა პროდუქტების ტყვიის შემცველობაზე შემოწმების დეტალური შედეგები, ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სეს-იდან და ვაქვეყნებთ. იხილეთ სეს-ის მიერ 2015-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე შემოწმებული იმ დასახელების სუნელების სია, რომლებიც ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გაფრთხილებაში იყო შეტანილი.

 

მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ტყვიით დაბინძურებული ოთხივე ნიმუში ზუგდიდშია აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია, რომ ერთ-ერთი პროდუქტი იმპორტირებულია.

სავარაუდოდ, 2017 წელს საზოგადოების მხრიდან საკითხისადმი გამოხატული დიდი ინტერესის შედეგია, რომ სუნელების გაცილებით მეტი ნიმუში შემოწმდა, ვიდრე წინა წლებში, მიუხედავად იმისა, რომ სეს-მა ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გაფრთხილება ქართულ სუნელებში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობის შემცველობის შესახებ 2015 წელს მიიღო.

გარდა ამისა, ვაქვეყნებთ იმ პროდუქტების სიას, რომლებშიც 2012-2017 წლებში სეს-მა ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოაჩინა.

 

როგორც ამ სიიდან ჩანს, ტყვიის გადამეტებული ოდენობა, უმეტესად, ადგილობრივი საქონლის ხორცში და ადგილობრივი წარმოშობის სხვა სურსათშია (მათ შორის, სასმელ წყალში) აღმოჩენილი. ეს, სავარაუდოდ, გარემოს ტყვიით დაბინძურების შედეგია.

სიაში მითითებულია, რომ შემთხვევების უმეტესობასთან დაკავშირებით შეტყობინება გაიგზავნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, სამინისტრო შესაბამის მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და ზედაპირული წყლის კვლევას ახორციელებს. თუმცა, დაბინძურების მიზეზების შესახებ არაფერია აღნიშნული.

აუცილებელია, რომ დაბინძურების ყველა შემთხვევის მიზეზები იქნას გამოკვლეული და შესაბამისი ზომები იქნას მიღებული მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დასაცავად.

ჩვენ მივმართეთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ტყვიით დაბინძურების ყველა შემთხვევის მიზეზების კვლევის შედეგების მისაღებად და ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მომავალშიც გამოვაქვეყნებთ.  

--------------------------------------

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან მიღებული პასუხის მიხედვით, იგეგმება საქართველოს მოსახლეობის კვლევა ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული პასუხის მიხედვით, არაცხოველური წარმოშობის სურსათის (მათ შორის სუნელების) სასაზღვრო კონტროლის ვალდებულება დადგენილია ნორმატიული აქტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“), რომელიც 2016 წლის დეკემბერში იქნა მიღებული, მაგრამ სრულად 2018 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. იმპორტირებული მცენარეული სურსათის ლაბორატორიული შემოწმება, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებზე რეგულარულად არ ხდება. თუმცა, დღესდღეობით, დადგენილება იძლევა შესაძლებლობას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კონტროლის პროცედურები გავრცელდეს სურსათის ზოგიერთ კონკრეტულ სახეობაზე, რომლებიც განისაზღვრება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან იმპორტირებული სუნელების შემოწმების მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად. ლაბორატორიის შერჩევის შემდეგ დაიწყება სუნელების ნიმუშების აღება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (04.08.17-ისა და 22.08.17-ის წერილები) არ დაადასტურა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი 2013-2017 წლებში სამინისტროს რეგულარულად აწვდიდა ცნობებს სურსათში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის შესახებ. სამინისტრომ დაასახელა მხოლოდ 2015 წელს გაგზავნილი ერთი წერილი და 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში გაგზავნილი ორი წერილი. 

2015 წელს ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოჩენილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, რომლის დაჯარიმების მოთხოვნითაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. 2017 წელს მიღებულ წერილებთან დაკავშირებით კი სამინისტროს მიერ საკითხების შესწავლა ჯერ არ არის დასრულებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია ტყვიით დაბინძურების იმ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირების თაობაზე (21.07.17-ისა და 31.07.17-ის წერილები), რომლებზეც სააგენტო არ მიუთითებდა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართა. მიღებული პასუხებით (27.07.17-ისა და 22.08.17-ის წერილები) ირკვევა, რომ სააგენტო შემოიფარგლებოდა მავნებელი სურსათის ამოღებით, განადგურებით და შესაბამისი მეწარმეების წინააღმდეგ სანქციების გატარებით. იგი არ ახდენდა სურსათის დაბინძურების მიზეზების კვლევას, ან იმპორტირებული სურსათის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ან სურსათის წარმოშობის ქვეყნის სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმირებას. შესაბამისად არ ტარდებოდა პრევენციული ღონისძიებები მომავალში დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ასეთი მიმართვა საბაჟო დეპარტამენტისადმი მხოლოდ 2017 წელს გაიგზავნა, მას შემდეგ, რაც სურსათის ტყვიით დაბინძურებას დიდი საზოგადოებრივი აჟიოტაჟი მოჰყვა.

გარდა ამისა, ქალაქ ნიუ-იორკის ჯანმრთელობისა და მენტალური ჰიგიენის დეპარტამენტისაგან მივიღეთ 2015-2017 წლებში, საქართველოდან ნიუ-იორკში შეტანილი სუნელების ტყვიის შემცველობაზე შემოწმების დეტალური შედეგები, საიდანაც ირკვევა შემდეგი: სულ შემოწმდა 78 ნიმუში, აქედან სუნელებისათვის საქართველოში მოქმედი ნორმის -- 5მგ/კგ გადაჭარბება გამოვლინდა 37 ნიმუშში (აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში ტყვიის დასაშვები ნორმა სუნელებისათვის არის 2მგ/კგ). შესაბამისი ნიმუშები მოვნიშნეთ თანდართულ დოკუმენტში. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ბევრ ნიმუშში ნორმა მრავალჯერ არის გადაჭარბებული და ტყვიის შემცველობა 22 000 მგ/კგ-მდეც კი აღწევს. ნორმის ამდენ ნიმუშში და ასეთი დიდი ოდენობით გადაჭარბება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში 2012-2017 წლებში ჩატარებული სუნელების შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა.

როგორც ჩანს, ნიუ-იორკში შემოწმებული ნიმუშების უმრავლესობა ეტიკეტირებული არ იყო, ამიტომ უცნობია იმ ბიზნესოპერატორების ვინაობა, რომლებმაც აღნიშნული მავნე პროდუქცია აწარმოეს.

დასკვნები

  • 2012-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე სურსათის შემოწმების შედეგებზე დაკვირვების მაგალითზე ჩანს, რომ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები სათანადოდ ვერ რეაგირებენ მავნე სურსათის ბაზარზე გავრცელების აღსაკვეთათ. დაბინძურების მიზეზების კვლევა და მათ შედეგებზე დაყრდნობით, პრევენციული ზომების გატარება მავნე სურსათის ბაზარზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად ბევრ შემთხვევაში არ ხდება. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია ამ საკითხთან დაკავშირებით სუსტია.
  • მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უწყებებმა 2017 წელს დაიწყეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა, აუცილებელია სისტემური გაუმჯობესება და, რაც შეიძლება მოკლე ვადებში.
  • ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების გააქტიურება საზოგადოების მხრიდან საკითხისადმი დიდი ინტერესისა და ყურადღების გამოვლენის შემდეგ მოხდა. აუცილებელია, რომ საზოგადოების ზეწოლა სახელწიფო სტრუქტურებზე ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიანი სისტემის შესაქმნელად შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს.

 




print version
09:34:43 2017-07-25

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge