ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

თუ კანონი არ იცი, ანგარიშს არ გიწევენ

მომხმარებელმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები, მაღაზიაში საკუთარი ინტერესების დაცვა რომ შეძლოს.

ეს ისტორია ჩვენს თანამშრომელს, ნანას შეემთხვა. 2011 წლის ზაფხულში სამსუნგის მაღაზიაში (ყაზბეგის ქ. 14ბ) შეიძინა სამსუნგის მაცივარი RL 34ECTS. მაცივარი ბორჯომში მიჰქონდა და ამიტომ ყიდვისას საგანგებოდ გაარკვია საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებით რამე პრობლემა ხომ არ შეექმნებოდა. მაღაზიაში დაარწმუნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბორჯომსაც მოემსახურებოდნენ.

ერთ თვეში ნანამ მაცივრის მუშაობაში ხარვეზები აღმოაჩინა - საყინულე განყოფილებაში პერიოდულად ყინული გროვდებოდა, დნებოდა და მაცივრიდან წვეთავდა (მაცივრის აღწერილი სახეობა ყინულის ნადებს საერთოდ არ უნდა იკეთებდეს). დარეკა მაღაზიაში. უთხრეს, რომ უნდა დაუკავშირდეს საგარანტიო მომსახურების სერვის-ცენტრს შპს ”ტექნოს”. ნანამ დარეკა ”ტექნოში”, სადაც ძალიან უხეშად განუცხადეს, ბორჯომს არ ვემსახურებით და ვერაფრით დაგეხმარებითო. ნანამ კვლავ მიაკითხა მაღაზიას და ჩაახედა საგარანტიო დოკუმენტში, სადაც ეწერა, საგარანტიო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებაო. თან ისიც შეახსენა, ყიდვისას ხომ დამარწმუნეთ, რომ ბორჯომში წაღებულ მაცივარს საგარანტიო მომსახურების პრობლემა არ ექნებაო. მაღაზიამ განაცხადა, სერვის-ცენტრს მართლა არ აქვს ფილიალი ბორჯომში და რა გიყოთო. ჩაიტანეთ მაცივარი ან გორში ან თბილისში და მოგემსახურებიან. თუ არადა მიმართეთ სამსუნგის შემომტანებს - სადღაც ლესელიძეზეა მაგათი ოფისიო.

აქ ნანა სერიოზულად აღშფოთდა და გაახსენდა, რომ არსებობს მომხმარებელთა საინფორმაციო პორტალი. დაათვალიერა იგი და საგულდაგულოდ შეისწავლა მომხმარებელთა უფლებები ნაკლიანი საქონლის შეძენის შემთხვევაში. ამის შემდეგ კვლავ მიაკითხა მაღაზიას და როგორც იტყვიან ”ააფარა” კანონის მუხლი, რომლის მიხედვით ნაკლიანი საქონლის გადაზიდვის ხარჯები საქონლის გადამზიდველს (დამამზადებელს) ეკისრება

ჰოი საოცრებავ! კანონის ხსენებისთანავე მაღაზიის აგდებული დამოკიდებულება ნანასადმი მყისიერად შეიცვალა ზრდილობიან-ყურადღებიანით: ნანას სთხოვეს დეტალურად აღეწერა, თუ რა სჭირდა მაცივარს. მოუსმინეს, შემდეგ დეტალურად აუხსნეს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ ხარვეზის მიზეზი. სთხოვეს, მაცივარი დაეცალა და 24 საათით გამოერთო, შემდეგ ხელახლა ჩაერთო და თუკი ხარვეზი არ გამოსწორდებოდა, ეცნობებინა მაღაზიისათვის და ისინი უზრუნველყოფდნენ მაცივრის სერვის-ცენტრში გადატანას.

ნანას ისტორია მშვიდობიანად დასრულდა - 24 საათიანი დასვენების შემდეგ ნანას მაცივარმა გამართული მუშაობა დაიწყო. მაგრამ მთავარი ამ ისტორიაში სხვაა - იცოდეთ თქვენი უფლებები და დაიცავით ისინი!

მოგვიყევით, თქვენც ხომ არ გადაგხდათ მსგავსი ისტორია?




print version
11:40:02 2011-10-05

კომენტარის დამატება

lali   00:12:31 2013-07-01  უპასუხე   
გამარჯობათ,
08.04.2013-ს მაღაზია „კომპი შოპ“-ში, საბურთალოს ქუჩაზე 59 ლარად შევიძინე WiFi-ის აპარატი-როუტერი( მოდელი TP-Link TL-W841N), რომელიც გამოიყენება ინტერნეტის უსადენო მოხმარებისთვის. აპარატის შერჩევა მოხდა „კავკასუს ონლაინის“ პროფესიონალი თანამშრომლის რჩევით და დამონტაჟებაც მის მიერ მოხდა. აპარატს 6 თვიანი გარანტია ჰქონდა. ნივთის ყიდვის დროს მოვითხოვე საგარანტიო ფურცელი, მაგრამ მაღაზიის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ საგარანტიო მტკიცებულება არის ნივთის ყიდვის ჩეკი.
3,5 თვეში ინტერნეტი გამეთიშა. რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოვიძახე „კავკასუს ონლაინ“-იდან ტექნიკოსი, რომელმაც დაადგინა, რომ WiFi-ის აპარატი იყო დაზიანებული. რადგან აპარატს გარანტიის ვადა ჯერ გასული არ ჰქონდა, მივიტანე მაღაზიაში. მაღაზიამ ჩაიბარა და გადააგზავნა თავისსავე სერვის ცენტრში.მეორე დღესვე დამირეკეს და მაცნობეს,რომ აპარატი გაკეთებას არ ექვემდებარებოდა, რადგან განზრახ იყო დაზიანებული და ამიტომ აპარატი საგარანტიო ვადიდან მოხსნეს. ასეთი ახსნა-განმარტების გამო, ვთხოვე და „კავკასუს-ონლინის“ ტექნიკოსი წამყვა მაღაზიის სერვის ცენტრში,რათა კითხვებზე პროფესიონალურ ენაზე გაგვეცა პასუხი. სერვის ცენტრის წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ ან მე ან ვინმე სხვა პირმა განზრახ დააზიანა აპარატი, კერძოთ კი მასში ჩავწერეთ რაღაც უცხო პროგრამა, რომელიც განსხვავებულია ქარხნული პროგრმაისაგან და ამიტომ აპარატი შეკეთებას აღარ ექვემდებარება. რა თქმა უნდა ასეთი მტკიცება აბსურდულია, რადგან გასაგებია, რომ მე ასეთი კომპეტენცია არ გამაჩნია, რომ აპარატში რაიმე პროგრამა ჩავწერო . ნივთის ახლით შეცვლაზე უარი მითხრეს.
ამჯერად მოვითხოვე ფირმის საგარანტიო მომსახურების წესდება, რომელშიც გარკვევით წერია ასეთი პუნქტი:
„საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო ან აუცილებელ შეკეთებას )ან ანალოგიური/მსგავსი ნივთით შეცვლას, შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) .“
მიუხედავად ასეთი პუნქტის არსებობისა ნივთი მაინც არ გამომიცვალეს.
შეძენის ჩეკი,ფირმის საგარანტიო წესდება და ნივთი ხელთ მაქვს.
გთხოთ,მირჩიოთ როგორ მოვიქცე.
წინასწარ დიდი მადლობა.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge