ბოლო ცვლილებები

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
პროდუქციის ხარისხი, რჩევები,

საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობასთან მიმართებაში უსაფრთხოების კონკრეტული მოთხოვნები და სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს. ასეთი პროდუქტებია ტანსაცმელი, სათამაშოები, ჰიგიენის საშუალებები, კოსმეტიკა და ბევრი სხვა. არადა, ნებისმიერი სამომხმარებლო პროდუქტი, შეიძლება ადამიანისათვის (განსაკუთრებით კი ბავშვისათვის) საფრთხის შემცველი იყოს, გამოიწვიოს ადამიანის სხეულის დაზიანება, ან ჯანმრთელობის დაზიანება ქიმიური ნივთიერებებით, ან მიკრობებით რომლებსაც ისინი შეიძლება შეიცავდეს.

ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში ყველა სამომხმარებლო პროდუქციის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება. სამწუხაროდ, მომხმარებელს საკუთარი ძალებით არ შეუძლია იმის დადგენა, უსაფრთხოა თუ არა ესა თუ ის საქონელი. თუმცა, ვინაიდან საქართველოში ასეთი კონტროლი არ ხდება, მომხმარებლებს ისღა დაგვრჩენია ჩვენ თვითონვე ვეცადოთ, რომ შეძლებისდაგვარად დავიცვათ თავი საფრთხის შემცველი პროდუქციისაგან. ამისათვის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

ერთ-ერთი ძირითადი საფრთხე, რომელიც სათამაშოებისა და ტანსაცმლის მხრიდან მცირეწლოვან ბავშვებს ემუქრება, არის დახრჩობა, რაც შეიძლება გამოიწვიოს პატარა ნივთების პირში ჩადებამ, ან ტანსაცმლისა თუ მისი ზონრების ყელზე შემოხვევამ. გადაყლაპვის შემთხვევაში კი დგება შინაგანი ორგანოების დაზიანებისა და მოწამვლის საფრთხეები. ამ საფრთხეების შესამცირებლად ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

• ბევრ სათამაშოსა, თუ ტანსაცმელს, ან მათ შეფუთვას აწერია ბავშვის წლოვანება, რომლისთვისაც ეს საქონელია განკუთვნილი. ასევე, გააჩნია წარწერა -- დახრჩობის საფრთხე! ინგლისურად -- Chocking Hazard! დააკვირდით, აქვს თუ არა ასეთი წარწერები პროდუქტს და არ მისცეთ ისინი პატარა ბავშვებს, რომლებსაც ნივთების პირში ჩადება სჩვევიათ.

• თუ პროდუქტს ასეთი წარწერა არა აქვს, ნივთის ბავშვისათვის მიცემამდე ყურადღება მიაქციეთ სათამაშოს ზომას. ხომ არ შეიძლება ბავშვს იგი პირში ჩადებისას გადასცდეს? ან ხომ არ შეიძლება სათამაშო პატარა ნაწილებად დაიშალოს, ან ხომ არა აქვს ტანსაცმელს ისეთი ნაწილები, რომლებიც ბავშვმა შეიძლება პირში ჩაიდოს, ან მოსძვრეს ტანსაცმელს და გადასცდეს ბავშვს. ეს შეიძლება იყოს სათამაშოს ბატარია, ტანსაცმლის მორთულობა, ზონრების ბოლოები, თუ სხვა.

სურათი 1. ეს სათამაშო ეტლი ესპანეთის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული, ვინაიდან მისი ბორბლები ადვილად იმსხვრევა პატარა ნაწილებად, რომლებიც ბავშვმა შეიძლება პირში ჩაიდოს.




სურათი 2. კვიპროსის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, ჩვილი ბავშვისათვის განკუთვნილი ეს კაბა საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული, ვინაიდან მოძრაობის დროს, ბავშვს შეკრული ზონრები შეიძლება ყელზე შემოეხვიოს და დაახრჩოს.

გარდა ამისა, სათამაშოებმა, თუ სხვა ნივთებმა, კონსტრუქციული ხარვეზების გამო, შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისა, თუ ზრდასრულის სხვადასხვაგვარი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, ყურთასმენის, ან მხედველობის. ეს შეიძლება იყოს სასტვენი, ან საყვირი, რომელსაც მეტად დიდი ხმა აქვს, ან ფანარი, რომელსაც ძალიან მკვეთრი შუქი აქვს და სხვა.

სურათი 3. ნიდერლანდების მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, ეს ლაზერული ფანარი საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული, მეტად მკვეთრი განათების გამო, რაც მხედველობისათვის საზიანოა. 

 

სურათი 4. ავსტრიის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ეს სასტვენები, საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული, ვინაიდან იმდენად დიდ ხმას გამოსცემს, რომ ყურთასმენას შეიძლება ავნოს.

ასე რომ, გირჩევთ, სანამ ბავშვს სათამაშოს მისცემთ, კარგად დააკვირდეთ იმას, თუ როგორ მუშაობს ეს სათამაშო, რა თვისებები გააჩნია მას და ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მან რაიმენაირად დააზიანოს ბავშვი.

სამომხმარებლო პროდუქციიდან მომდინარე კიდევ ერთი საფრთხეა ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება. თანამედროვე სამყაროში სამომხმარებლო პროდუქციის დასამზადებლად, შესაღებად სხვადასხვა მასალა და ლაქ-საღებავი გამოიყენება, რომლებიც ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ასევე, შეიძლება პროდუქტები ჰიგიენის მოთხოვნების დაუცველობის გამო დაბინძურდეს, მათი წარმოების, ტრანსპორტირების, ან გაყიდვის დროს. დიდი ოდენობით მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან, ან მიკრობებთან შეხება მწვავე მოწამვლას იწვევს. თუმცა, თუკი ნივთები მავნე ნივთირებებს მცირე დოზებით შეიცავს, ერთბაშად, შესაძლოა ვერაფერს მივხვდეთ, მაგრამ მათთან სისტემატური შეხების, მათი პირში ჩადების შედეგად, ნელ-ნელა სხვადასხვა დაავადებები ვითარდება, რომლებმაც შეიძლება მხოლოდ წლების შემდეგ იჩინოს თავი. ეს შეიძლება იყოს სხეულის რომელიმე შინაგანი ორგანოს ფუნქციონირების დარღვევა, სიმსივნე, რეპროდუქციული ფუნქციისა, თუ ნერვული სისტემის დაზიანება და სხვა. ასეთი ზეგავლენისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ბავშვები, რომელთა ჩვეულებრივი ფიზიკური და გონებრივი განვითარებაც შეიძლება ქიმიური ზემოქმედების შედეგად შეფერხდეს.

სურათი 5. ნიდერლანდების მაკონტროლებელმა ორგანომ ამ ბუშტებში კანცეროგენული (სიმსივნის გამომწვევი) ნივთიერების გადაჭარბებული ოდენობა აღმოაჩინა.




სურათი 6. ხშირია თოჯინებში ფტალატების აღმოჩენა, რომლებიც ბავშვის რეპროდუქციული სისტემის განუვითარებლობასა და სხვა გართულებებს იწვევს. ეს საფრთხის შემცველი თოჯინა ჩეხეთის მაკონტროლებელმა ორგანომ გამოავლინა.




სურათი 7. საფრანგეთის მაკონტროლებელმა ორგანომ ამ სამკაულებში კადმიუმის გადაჭარბებული ოდენობა აღმოაჩინა. კადმიუმი ორგანიზმში აკუმულირდება, სხვადასხვა ორგანოების დაზიანებასა და სიმსივნეს იწვევს.

უფრო შესამჩნევი ალერგიული რეაქციებია, რომლებიც სამომხმარებლო პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს.



სურათი 8. ხშირია ტყავის ნაწარმში ალერგიის გამომწვევი ქრომის გადაჭარბებული ოდენობის არსებობა, რაც საფრანგეთის მაკონტროლებელმა ორგანომ ამ ფეხსაცმელში აღმოაჩინა.

ლაბორატორიული კვლევების გარეშე რთულია მავნე პროდუქციის ამოცნობა, თუმცა, გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა შეიძლება, კერძოდ, გირჩევთ:

• არ მოიხმაროთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც აქვს მკვეთრი, არადამახასიათებელი სუნი, ადვილად გასდის საღებავი, ან, ზოგადად, უხარისხოდ გამოიყურება.
• ახლადშეძენილი პროდუქტი, გამოყენებამდე გარეცხეთ, ან გაწმინდეთ.
• თვალი ადევნეთ სანდო წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას მავნე პროდუქტების აღმოჩენის შესახებ. ასეთია ვთქვათ, ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის (RAPEX) ყოველკვირეული ანგარიშები. თუკი ამ ანგარიშებში მითითებულ პროდუქტებს სავაჭრო ქსელში წააწყდებით, არ შეიძინოთ ისინი. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ანგარიშების რეგულარული გაცნობა უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით იმ საფრთხეებზე, რომლებიც სამომხმარებლო პროდუქციისაგან მომდინარეობს და შესაბამისად, უკეთაც შეძლებთ თავის დაცვას.
• საქართველოს სავაჭრო ქსელში არსებულ ბევრ პროდუქტზე CE ნიშანია დატანილი, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პროდუქტი ევროკავშირში მოქმედ ნორმებს შეესაბამება. თუმცა, ჩვენს მიერ ჩატარებული შემოწმებით აღმოჩნდა, რომ არაერთი სათამაშო, რომელზეც CE ნიშანი იყო გამოსახული, სინამდვილეში მავნე იყო. როგორც ვთქვით, ვინაიდან საქართველოში პროდუქტების უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები CE ნიშნის დატანით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ასე რომ, გახსოვდეთ, ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქტებზე CE ნიშანი უსაფრთხოების გარანტია არ არის.
• და ბოლოს, თუკი ისე მოხდა, რომ თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრს ისეთი დაავადება დაგემართათ, ან ალერგიული რეაქცია აღგენიშნათ, რომლის გამომწვევიც უცნობია, გაითვალისწინეთ ის, რომ ამის მიზეზი შეიძლება თქვენს გარშემო მყოფი ნივთები იყოს. შეძლებისდაგვარად შეამოწმეთ ამ ნივთების უვნებლობა, ან ამ ნივთებზე სხეულის რეაქცია და თავიდან მოიცილეთ მავნე ნივთები.
 




print version
15:32:54 2018-08-03

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge