ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სურსათის ეტიკეტი
კანონმდებლობა, ეტიკეტი,

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, თუ როგორი უნდა იყოს და რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს გასაყიდად გამოტანილი სასურსათო პროდუქტების ეტიკეტი. თუმცა 2012 წლის მაისიდან ჯარიმები სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევაზე გაუქმებული იყო და ამიტომ ამ მოთხოვნებს ბევრი მეწარმე არღვევდა. 2014 წლის 1 იანვრიდან ჯარიმები სურსათის ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის ამოქმედდა. ჯარიმა შეადგენს 400 ლარს პირველ ჯერზე და 1200 ლარს განმეორების შემთხვევაში.

სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები ასეთია:

დაფასოებული სურსათის ყოველ ერთეულს უნდა გააჩნდეს კარგად მიმაგრებული ეტიკეტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ქართულ წარწერას შემდეგი ინფორმაციით:

  • გამოსაჩენ ადგილას მითითებული უნდა იყოს სურსათის დასახელება, რომელიც ამ სურსათის ბუნებაზე უნდა მიანიშნებდეს.
  • აგრეთვე გამოსაჩენ ადგილას, დასახელებასთან ახლოს, მითითებული უნდა იყოს პროდუქტის შემადგენლობა (ანუ რისგან არის დამზადებული ეს პროდუქტი): პირველი უნდა მიეთითოს ის ინგრედიენტი, რომელიც ყველაზე მეტია, შემდეგ კი დანარჩენები, კლების მიხედვით. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოყენებული საკვებდანამატებიც. თუ პროდუქტი შეიცავს ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს, ესეც აქვე უნდა იყოს მითითებული
  • გარკვეული ტიპის სურსათზე დამატებით უნდა მიეთითოს მასში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემცველობა (ანუ ამ პროდუქტის კვებითი ღირებულება) და აგრეთვე ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების შემცველობა.
  • სურსათის წონა ან მოცულობა. თუ სურსათი წარმოადგენს რაიმე სითხეში (მარინადი, მარილწყალი, წვენი) ჩადებულ ხილს ან ბოსტნეულს, მაშინ საერთო მასასთან ერთად უნდა მიეთითოს ამ ხოლ-ბოსტნეულის მასა მარინადის/მარილწყლის/წვენის გარეშე.
  • სურსათის წარმოშობის ქვეყანა და დამამზადებლისა და იმპორტიორის საფირმო სახელწოდება
  • დამზადების თარიღი, ვარგისობის/შენახვის ვადა (გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა) და ზოგ შემთხვევაში აგრეთვე შენახვის და მოხმარების პირობები. თუ შენახვის ვადა მცირეა, მაშინ კონკრეტულად მითითებული უნდა იყოს თარიღი, რომლამდეც ვარგისია პროდუქტი, და თან იმისთვის, რომ პროდუქტის გამოშვების და ვარგისობის თარიღი მომხმარებელს ერთმანეთში არ აერიოს, ამ უკანასკნელზე მითითებული უნდა იყოს ”ვარგისია ... მდე” .
  • თუ სურსათის, ან მისი რომელიმე ინგრედიენტის წონის 0,9%-ზე მეტს გენმოდიფიცირებული პროდუქტი შეადგენს, აუცილებელია მასზე მიეთითოს „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“ ან „გმო შემცველი“;
  • თუკი სურსათი დასხივებულია მაიონიზებელი რადიაციით (მაგალითად, სტერილიზაციის მიზნით), მის დასახელებასთან ახლოს ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი წარწერა ან ასეთი ნიშანი:

თუ შეფუთული სასურსათო პროდუქტი ძალიან პატარაა და მთელი ეს ინფორმაცია მასზე არ ეტევა, მაშინ დაიშვება, რომ შემცველობა, შენახვის ვადა და მოხმარების ინსტრუქცია ეტიკეტზე მითითებული არ იყოს. თუმცა სურსათის დასახელება, მწარმოებელი, სურსათის წონა/მოცულობა, გამოშვების თარიღი და გმო-წარწერა ძალიან მცირე სასურსათო (დაფასოებულ) ნაწარმზეც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული!

კანონმდებლობა აგრეთვე ადგენს, თუ რა დამატებითი ინფორმაციის განთავსება შეიძლება ეტიკეტზე. კერძოდ:

  • არ შეიძლება ეტიკეტი საეჭვოს ხდიდეს სხვა ანალოგიური პროდუქტის მოხმარებას. ამიტომ იკრძალება ეტიკეტზე აღმატებითი ხარისხის ან შედარებითი ტერმინების გამოყენება, თუმცა დაიშვება:
    • რელიგიური წეს-ჩვეულებებისათვის სურსათის გამოსადეგობის მითითება (მაგ. ''სამარხვო'');
    • ისეთი შეუცვლელი საკვები ნივთიერებების შემცველობის მითითება, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ბაქტერიული კულტურები. თუ ეს კომპონენტები სურსათში დამატებულია (ანუ სურსათი ფორტიფიცირებულია), დაიშვება მიეთითოს იმ სპეციალური თვისებების შესახებ, რომელიც ამ დამატებით სურსათმა შეიძინა;
    • ზოგადი ინფორმაციის განთავსება პროდუქტში შემავალი ამა თუ იმ ნივთიერების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ;
  • მკაცრად არის დადგენილი, თუ რას ნიშნავს და როდის შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი წარწერები, როგორიცაა "დაბალი ენერგეტიკული ღირებულება", "ქოლესტერინის გარეშე", ''ცილების მაღალი შემცველობა'' "ვიტამინების წყარო" და სხვა. ასეთი ინფორმაცია სურსათის დასახელებას წინ არ უნდა უსწრებდეს და ამ ინფორმაციის განთავსებისას პროდუქტს თან უნდა ახლდეს ამ ნივთიერების/კომპონენტის შემცველობის დამადასტურებელი დოკუმენტი.




print version
11:28:22 2013-03-06

კომენტარის დამატება

teo   13:47:47 2015-11-29  უპასუხე   
გამარჯობათ!
მაქვს მაღაზია და მაინტერესებს, როცა ათასობით პროდუქცია შემოდის და ეტიკეტირება არ აქვს შესაბამისი ანუ ხელის, ფეხის,სახის კრემს ერთი და იგივე ანოტაცია აქვს როგორ მოვიქცე არ მივიღო??? თუ არ უნდა მივიღო და მითუმეტეს ამას კანონი კრძალავს მაშინ რა უნდა გავყიდო???? არც არაფერი... რადგან საქართველოში სანამ ბიზნესოპერატორები გადამოწმდება, ჯობია შემომტან ფირმებს დააკისრონ გარკვეული ვალდებულებები, რომ ჩვენამდე არ მოვიდეს არასწორი ეტიკეტის მქონე პროდუქცია. თან ოღონდ ეტიკეტი ჰქონდესო და რას აღარ აკვრავენ ზედ. ჩვენ კი მაგის დრო არ გვაქვს რომ სატითაო საქონლის დასახელება, გრამობა შემცველობა ვამოწმოთ.

ჯონი   20:07:27 2014-06-06  უპასუხე   
მარკეტიც აგებს პასუხს

iako   00:07:30 2014-02-05  უპასუხე   
არის ეგეთი შავი პური 0% აწერია წითლად და აწერია შაქრის და საფუარის გარეშე baltic bakery აწერია კომპანია. ჩემი ახლობელი მუშაობდა მანდ და ზუსტად ვიცი რომ შაქარსაც შეიცავს და საფუარსაც და ატყუებენ ხალხს ვიტომ დიაბეტურიაო. გადაამოწმეთ ლაბორატორიაში შემცველობაზე და თავადაც დარწმუნდებით

ხატია   18:47:07 2014-01-16  უპასუხე   
და ვინმეს ჯერა რომ ეს კანონი ამოქმედდება? მე პირადად სამწუხაროდ არა.


nestani   13:35:38 2014-01-15  უპასუხე   
გამარჯობა,
მაქვს მაღაზია. ეტიკეტირება თუ მომწოდებლის/მწარმოებლის მიერ მოწოდებულ პროდუქციას არ აქვს წესრიგში, ამის გამო პასუხისმგებლობა მაღაზიას დაეკისრება თუ მომწოდებელ/მწარმოებელს?
ბიზნესოპერატორსო კანონში ეგრე წერია და ცოტა გაუგებრობას იწვევს. გთხოვთ მიმითითოთ შესაბამის კანონი და ნორმა. მადლობა
ლია, CSRDG   13:10:30 2014-01-16  უპასუხე   
"ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების შესაბამისობა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე". სურსათის უვნებლობის კოდექსი, მუხლი 14, პუნქტი 1.

ანუ ყველა ბიზნესოპერატორი აგებს პასუხს იმაზე, რომ მისი უფლებამოსილების ფარგლებში კანონის მოთხოვნები დაცული იყოს. სურსათის ეტიკეტი დადგენილ მოთხოვნებს თუ არ შეესაბამება, ეს პროდუქტი მაღაზიამ მომხმარებელს არ უნდა შესთავაზოს

თამუნა კაკულია   11:48:30 2014-01-15  უპასუხე   
რეგულაციაში ვკითხულობთ: "თუ შეფუთული სასურსათო პროდუქტი ძალიან პატარაა და მთელი ეს ინფორმაცია მასზე არ ეტევა, მაშინ დაიშვება, რომ შემცველობა, შენახვის ვადა და მოხმარების ინსტრუქცია ეტიკეტზე მითითებული არ იყოს"
ამ შეზღუდვით ბევრი ხომ არ ისარგებლებს? ჩვენ როგორ უნდა გავარკვიოთ შენახვის ვადა? შემცველობა როგორ დავადგინოთ? ინსტრუქცია? მგონი ეს შეზღუდვა ამოსაღებია.
tsotne   21:49:40 2014-01-16  უპასუხე   
სისულელეა ეგ. პირველ რიგში გამოყენებისა და დამზადების თარიღი უჯნდა ეწეროს.

Valery Lashkhy   01:28:04 2014-01-15  უპასუხე   
გააკონტროლოთ უნდა აგრეთვე ეგთი მავნე და სიცოცხლისათვის საშიში ემულგატორებით გაჯერებული საკვები რომ იყიდება მარკეტებში, ხალხი ჯერ ვერა გრძნობს როგორ იშლება ღვიძლი, თირკმელი, ნაღველი, ფილტვები, გული და ატასი დაავადებაა მოდებული. მხოლოდ ჯარიმა უშველის განა საქმეს? ეგ ერის წინააღმდეგ მიმარტული გენოციდია. ეგაა ევროსტანდარტი?



inga   15:14:24 2013-09-02  უპასუხე   
მოგესალმებით, მაინტერესებს ეტიკეტებთან დაკავშირებით (იმპორტის შემოტანაზეა საუბარი) რომელ ოფიციალურ ორგანოს უნდა მივმართოთ?
თამარ, CSRDG   14:12:51 2013-09-03  უპასუხე   
რატომ უნდა მიმართოთ ინგა რაიმე ორგანოს? რა სახის პროდუქციის იმპორტზეა საუბარი? თუ სურსათზეა ლაპარაკი სურსათის ეტიკეტს ეს ნორმატიული აქტი არეგულირებს ხოლო სხვა პროდუქტებს ეს კანონი

marie   04:17:30 2013-03-06  უპასუხე   
ერთი შეკითხვა გვაქვს თქვენთან იმპორტთან დაკავშირებით.
უმეტესად ჩვენს პროდუქციას ეტიკეტი (სტიკერი) აქვს კორეულ ენაზე, ხომ არ შეგვექმნება პრობლემა განბჟების დროს? საჩიროა თუ არა რომ ამ სტიკერებს მოყვებოდეს ინგლისური ან ქართული თარგმანი? განბაჟებისას თუ უკვე რეალიზაციისას შეგვიძლია ვთარგმნოთ? (დროში ვერ ვეტევით გვინდა რომ უკვე კონტეინერები გამოვუშვათ შემდეგ კვირაში) შესაძლებელია თუ არა რომ ეტიკეტი მივაკრათ განბაჟების შემდეგ.
შემოგვაქვს ათასი სხვადასხვა პროდუქცია (როგორც სასურსათო, ასევე კოსმეტიკა, სარეცხის საშუალებები, პლასტმასის ჭურჭელი ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, დანა, ტაფა, ჩანგალი, ტანსაცმლის საკიდები და ა.შ) და დროში ვერ ვახერხევთ რომ ყველაფერი ვთარგმნოთ.
თუ შეიძლება ეტიკეტთან დაკავშირებით მომწერეთ დაწვრილებით რა მოთხოვნილებები და სტანდარტებიაა საბაჟოზე.
ლია, CSRDG   06:36:56 2013-03-06  უპასუხე   
ეტიკეტირების (ან დამატებითი საშუალებებით მომხმარებელთა ინფორმირების) მოთხოვნები ეხება ბაზარზე გატანილ საქონელს. ანუ განბაჟების შემდეგ.

თუ რა ინფორმაცია უნდა ახლეს ქართულად ბაზარზე განთავსებულ არასასურსათო პროდუქციას - ნახეთ ამ კანონის მე-12 მუხლში.
მირიან   12:25:42 2014-02-11  უპასუხე   
სურსათს ეხება მხოლოდ ეს ეტიკეტირების წესების მოთხოვნა?პარფიუმერულ და კოსმეტიკურ პროდუქციას?ან სარეცხ ფვნილებს და ა.შ. არა?
თამარ, CSRDG   14:09:49 2014-02-11  უპასუხე   
პროდუქტზე ქართულ ენოვანი ეტიკეტის მოტხოვნა ყველა პროდუქციას ეხება. უბრალოდ ჯარიმები რომელიც იანვრიდან ამოქმედდა ეს ეხება მხოლოდ სურსათს

გიორგი   20:06:15 2012-05-13  უპასუხე   
მოგესალმებით. მაინტერესებს რა შემთხვევაში შეუძლია მწარმოებელს გააკეთოს ეტიკეტზე წარწერა სერტიფიცირებულია? მაგ : სასმელ წყალზე

წინასწარ დიდი მადლობა
ლია, CSRDG   16:51:30 2012-05-14  უპასუხე   
იმ შემთხვევაში, თუკი მართლა არის სერტიფიცირებული.

სერტიფიცირება ნიშნავს რაიმე მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ეს შემოწმება პროდუქტმა წარმატებით გაიარა. სერტიფიცირება და სერტიფიკატის გაცემა შეუძლია კერძო სასერტიფიკაციო ორგანოს (რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია). პარლამენტში საბოლოო დამტკიცების ფაზაშია ახალი კოდექსის პროექტი, რომლითაც სერტიფიკატის გაცემა ინსპექტირების ორგანოსაც შეეძლება. უბრალოდ ეს ორი სერტიფიკატი განსხვავებული იქნება (ერთს ერქმევა შესაბამისობის სერტიფიკატი, მეორეს - ინსპექტირების სერტიფიკატი). კოდექსი როცა საბოლოოდ დამტკიცდება, ჩვენ მას ამ საიტზე დავდებთ.

საქართველოში სასერტიფიკაციო ორგანოების აკრედიტაიას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრი. მათ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ მათ მიერ აკრედიტებული სასერტიფიკაციო ორგანოების ჩამონათვალი. თუმცა, საქართველოში შეიძლება ასევე მოქმედებდეს სასერტიფიკაციო ორგანო, რომელსაც არა ამ ეროვნული ცენტრის, არამედ რაიმე საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს მიღებული. შესაბამისად, ის საერთაშორისო სერტიფიკატს გასცემს.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge