ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სესხის წინსწრებით დაფარვა
განმარტებები, კანონმდებლობა, რჩევები, წესები,

                

         დღესდღეობით ბევრს აქვს ფინანსური ორგანიზაციიდან (იქნება ეს ბანკები თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) სესხი აღებული.  მომხარებელთა ნაწილი ცდილობს სესხი ვადაზე ადრე, ანუ წინსწრებით დაფაროს.

როგორც ვიცით, სესხების დასაფარად  გადახდის გრაფიკია გაწერილი. მომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, ეს დადებითად იმოქმედებს, როგორც მის საპროცენტო განაკვეთზე  (აღარ გადაიხდის დამატებით თანხას),   ისე მის ისტორიაზე. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს შეხედულება: „რაც მალე გადავიხდი, მალე მოვიშორებ“. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი. სესხის  წინსწრებით დაფარვის დროს, როდესაც თქვენ ბანკს ვადაზე ადრე უბრუნებთ კრედიტის თანხას, ამით  არღვევთ ე.წ.  გადახდის გრაფიკს. შეიძლება ითქვას რომ, კრედიტის თანხის წინსწრებით შეტანა ბანკისთვის გადახდის გრაფიკის ისეთივე დარღვევაა, როგორც კრედიტის თანხის შეტანის დაგვიანება. ამიტომ გადახდის გრაფიკის დარღვევისას, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამატებითი საკომისიო დაგერიცხებათ.

ცოტა ხნის წინ,  ეს საკითხი საკმაოდ პრობლემური  იყო, ვინაიდან, დარიცხული საკომისიო ხშირად  დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რითიც მსესხებელი ზარალდებოდა.  

თუმცა, 2017 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“,   რომლის მე-9 მუხლითაც  განისაზღვა კრედიტის წინსწრებით,  ანუ ვადაზე ადრე  დაფარვის წესი, რითიც   მომხმარებლის, როგორც მსესხებლის უფლებები იქნა დაცული.  

თუ ადრე კრედიტის წინსწრებით (ვადაზე ადრე) დაფარვის პირგასამტეხლო განაკვეთი წარმოადგენდა ნარჩენი ძირითადი თანხის მაქსიმუმ 2 % (რასაც საფინანსო ორგანიზაცია თითქმის მუდმივად 2 %-ად ტოვებდა, ესე იგი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი გამოიყენებოდა, მაქსიმალური მოგების მიზნით),  ახლა უკვე ამ ბრძანების მეშვეობით კონრეტულად განისაზღვრა და განიმარტა, თუ როდის უნდა დაეკისროს მომხმარებელს კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნებისთვის მაქსიმალური, ანუ 2% და როდის  საერთოდაც უნდა მოეხსნას საკომისიო, რაც იმას ნიშნავს, რომ  საკომისიოს  განაკვეთები განისაზღვრა  0-2%- მდე, ხელშეკრულების   ვადის გათვალისწინებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, საკომისიოს პროცენტული განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე თუ  კრედიტის წინსწრებით დაფარვის მომენტისათვის  ხელშეკრულების დასრულებამდე რა ვადაა დარჩენილი. კერძოდ:

   ა)  თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის (ანუ დამატებით შეტანილი თანხის) არაუმეტეს 0.5%-ისა;

ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის (ანუ დამატებით შეტანილი თანხის) არაუმეტეს 1%-ისა;

გ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის (ანუ დამატებით შეტანილი თანხის) არაუმეტეს 2%-ისა.

          ანუ, გადახდის მომენტში შეტანილი თანხიდან, თანხის ის ნაწილი, რომლითაც იფარება ძირითადი თანხა წარმოადგენს საკომისიოს დარიცხვის ობიექტს. მაგალითად, თუ წინსწრებით სრულად იფარება სესხი და ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, მაშინ საკომისიო შეიძლება იყოს მთლიანად ნარჩენი ძირითადი თანხის არაუმეტეს 2 %-ისა; მაგრამ თუ სესხი ნაწილობრივ იფარება, მაშინ საკომისიო შეიძლება იყოს დამატებით შეტანილი თანხის არაუმეტეს 2%-ისა

ამასთან აღსანიშნავია, რომ საკომისიოს მოთხოვნის უფლება საერთოდ შეეზღუდა  ფინანსურ ორგანიზაციას, იქნება ეს ბანკი თუ  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, იმ შემთხვევაში თუ  ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი[1].

მნიშვნელოვანი საკითხი: თუ  მომხმარებელს ბანკში შეაქვს  ყოველთვიურ შენატანზე მეტი თანხა კრედიტის ვადაზე ადრე  დაფარვის მიზნით, ვალდებულია თუ არა ბანკი ავტომატურად დაფაროს კრედიტი?

ამ კითხვაზე პასუხია: არა.

თუ თქვენ, როგორც მომხმარებელს შეგაქვთ მეტი თანხა ანგარიშზე ვიდრე ეს ხელშეკრულებითაა განსაზღვრული და იმედოვნებთ რომ ამ გზით ძირითად თანხას წინსწრებით, ანუ ვადაზე ადრე დაფარავთ, ეს არ მოხდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე: თქვენ აუცილებლად უნდა განაცხადოთ ძირითადი თანხის დაფარვის სურვილის შესახებ.   ეს შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ზეპირსიტყვიერად.  ამასთან,  თუ შეთანხმება განხორციელდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, რაიმე გაუგებრობისას  შეთანხმების დეტალებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას და არა მომხმარებელს, ანუ ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს, რომ თქვენ ძირითადი თანხის დაფარვა არ გსურდათ.

სწორედ ამ ზემოთქმული განაცხადის შემდეგ, რომელშიც  თქვენი ნებაა  გამოვლენილი კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვასთან დაკავშირებით, ბანკი ვალდებული იქნება მოახდინოს  რეაგირება იმავე დღეს.  ამასთან, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს გარკვეულ ვადას, ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია ამ ვადით ისარგებლოს.  თუმცა, ამ ვადით  სარგებლობისას თქვენ არ უნდა დაგერიცხოთ დამატებითი პროცენტები საკომისიოს სახით.  

რომ შევაჯამოთ,  კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს თქვენს მიერ გამოთქმული მოთხოვნისა და ანგარიშზე თანხის შეტანის შემდგომ, თქვენს მიერ „ზედმეტად“  შეტანილი თანხის გათვალისწინებით.

                                                                                 

 



[1] ბრძანება ითვალისწინებს საკომისიოსგან გათავისუფლების სხვა პირობებსაც. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის  გთხოვთ გაეცნოთ:  https://matsne.gov.ge/ka/document/view/3500606  




print version
11:26:33 2017-10-23

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge